,,საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და კვალიფიციური ოფიცრებით დაკომპლექტების მიზნით:
1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გასავლელად შერჩეულ იქნენ:
ა) სტუდენტები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ ვალდებულებას საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი) დასრულების შემდეგ განსაზღვრული ვადით იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ბ) პირები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულებები გაუფორმოს ოფიცრებს, რომლებიც მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
გ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სტიპენდია;
დ) სამხედრო სამსახურის გავლის დროს უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ოფიცერთა პროფესიული გადამზადება;
ე) პირებზე, რომლებმაც 2005-2006 წლებში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი და ამ ბრძანებულების შესაბამისად გააფორმეს ხელშეკრულება შეიარაღებულ ძალებში სამსახურის თაობაზე, გასცეს ერთჯერადი დახმარება განსაზღვრული ოდენობით;
ვ) ოფიცრებს დაუწესოს დანამატი თითოეული უცხო ენის ცოდნისათვის.
3. ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა ამ ბრძანებულების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს მიეცეს უფლება გამოიტანოს კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტი;
ბ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი