მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.252
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №22/01
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
დანართი №1
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევები და სანქციები
1. თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა:
ა) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილებისას ახალი ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
ლ) გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მუხლი 3. ფულადი გზავნილების განამახორციელებელი პირის მიერ მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა
ფულადი გზავნილების განამახორციელებელი პირის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა
1. დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილებისას ახალი ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. შემოწმების დაწყების თარიღისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5. შემოწმების დაწყების თარიღისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
6. შემოწმების დაწყების თარიღისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
7. შემოწმების დაწყების თარიღისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
8. შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
9. შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
10. მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
11. გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი გახდეს გადახ-დისუუნარო.
2. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.