„საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესის” დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.220.000.181.222.005.748
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება №3
2003 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესის” დამტკიცების თაობაზე
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესი” (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
ა. ცერცვაძე
საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესი
მუხლი 1
1. „საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესი” მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესს.
მუხლი 2
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ხსნის საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშს, სადაც აღირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის საანგარიშო და გადახდილი თანხები.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ახორციელებს საპენსიო დანაგროვების ყოველწლიურ შეფასებას და უთითებს საპენსიო დანაგროვის გადახდილ სიდიდეს და საანგარიშო სიდიდეს.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დადგენილი წესის თანახმად მონაწილეს წარუდგინოს ინფორმაცია მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის თაობაზე.
მუხლი 3
1. საპენსიო სქემები, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა, საპენსიო დანაგროვის გადახდილი და საანგარიშო ოდენობა უნდა იყოს ერთნაირი.
2. საპენსიო სქემა, სადაც განსაზღვრულია გასაცემი პენსიის ოდენობა, საპენსიო დანაგროვების შეფასება ხორციელდება აქტუარული გათვლების საფუძველზე.
მუხლი 4
1. საპენსიო დანაგროვთა შეფასება ხდება საპენსიო დანაგროვის გადახდილი სიდიდისა და საპენსიო დანაგროვის საანგარიშო სიდიდის მიხედვით.
2. საპენსიო დანაგროვის გადახდილი სიდიდე ტოლია მონაწილის საპენსიო დანაგროვის აქტივების ღირებულებითი შეფასებისა გამომდინარე მეანაბრეთა საპენსიო შენატანებიდან და საინვესტიციო მოგებიდან, მონაწილეთათვის ადრე ანაზღაურებული პენსიის გამოკლებით.
3. საპენსიო დანაგროვის საანგარიშო სიდიდე ტოლია საპენსიო დანაგროვის იმ სიდიდისა, რომელიც მონაწილის სასარგებლოდ უნდა იქნეს ფორმირებული არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების შესაბამისად აქტუარული გათვლების საფუძველზე.
მუხლი 5
პენსიის ინდექსაციის პირობები და წესები დგინდება საპენსიო სქემითა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებით. საპენსიო სქემის დამფუძნებელს შეუძლია შეწყვიტოს პენსიის ინდექსაციის პირობების მოქმედება არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მანამდე ჩატარებული პენსიის ინდექსაციის შედეგები ძალაში რჩება.