1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ;

ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023