ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2010 ძალადაკარგული 10.05.2011
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.015011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 20/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.015.014

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება№34

2010 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

  მუხლი1.

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

    მუხლი2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;

(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)

გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;

დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.

    მუხლი 3.ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.

    მუხლი4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:

ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;

ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;

გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.

    მუხლი5.შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;

გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;

დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;

ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.

    მუხლი6.პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

ბ) კეფალი (პელენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

გ) ოქროსფერი კეფალი – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;

დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;

ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;

ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;

ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.