იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.08.2010 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№690
სარეგისტრაციო კოდი
200110070.22.033.015122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 31/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.070.22.033.015.122

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№690

2010 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 2441 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს:

1. იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესი (დანართი №1).

2. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლაზე უარის შესახებ განცხადების ფორმა (დანართი №2).

3. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების ფორმა (დანართი №3).

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი№1

იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესით (შემდგომში – დაბეგვრის სპეციალური წესი) სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს.

2. დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასული პირისათვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.

3. დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსზე (შემდგომში – სტატუსი) გავლენას არ ახდენს დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის შემდეგ პირის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა.

    მუხლი 2. სტატუსის მინიჭება

1. თუ პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წერილობით არ განაცხადებს უარს სტატუსის მინიჭებაზე, მაშინ მას ავტომატურად ენიჭება სტატუსი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

2. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შემუშავებას და მის სისტემატურ განახლებას.

3. სტატუსის მინიჭების თაობაზე შეტყობინების მიზნით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

4. პირს, საქონლის იმპორტის განხორციელებისას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არ აღირიცხება მონაცემთა ბაზაში, უფლება აქვს წერილობით მიმართოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს პირის განცხადებას და ანიჭებს სტატუსს.

5. თუ რეორგანიზაციის შედეგად სტატუსის მქონე საწარმოს ერწყმის სხვა საწარმო, სტატუსის შენარჩუნების მიზნით იგი მიმართავს საგადასახდო ორგანოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმოსათვის სტატუსის მინიჭება ხდება ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ.

7. თუ პირის მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა აღემატება 200 000 ლარს, აღნიშნული თარიღიდან (2010 წლის 1 სექტემბრიდან) საგადასახადო ორგანო ავტომატურად ახდენს მის გადაყვანას დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

    მუხლი 3. დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლაზე და მის გამოყენებაზე უარი

1. თუ პირს არ სურს დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლა, იგი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს განცხადებით (დანართი №2) მიმართავს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

2. პირი უფლებამოსილია დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის შემდეგ უარი განაცხადოს დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირი სტატუსის მოხსნის შესახებ საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით განცხადებით (დანართი №3) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანო ახორციელებს მონაცემთა ბაზის კორექტირებას.

4. დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლაზე ან მის გამოყენებაზე უარი არ ზღუდავს პირის უფლებას შემდგომში გადავიდეს დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

 

დანართი№2

_________________________________

საგადასახადო ორგანოს დასახელება

_________________________________

გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის)

სახელი გვარი/დასახელება და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი

_________________________________

გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის) მისამართი

 

განცხადება

იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლაზე უარის შესახებ

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2441 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გთხოვთ, არ გადამიყვანოთ იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

 

                   _______________________________________

                   გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის)

                           ხელმოწერა

 

დანართი№3

 _________________________________

 საგადასახადო ორგანოს დასახელება

 _________________________________

 გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის)

 სახელი გვარი/დასახელება და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი

 _________________________________

 გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის) მისამართი

 

განცხადება

იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის მოხსნის შესახებ

ვინაიდან, აღარ მსურს იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობა, გთხოვთ, მომიხსნათ იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსი.

                  

                    __________________________________________

                     გადასახადის გადამხდელის (წარმომადგენლის)

                             ხელმოწერა