„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1
2009 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;
ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი;
ლ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).“.
2. გაერთიანებულ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გაერთიანებული შტაბისა, ქმნის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდეგში – ოფისი).
4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გაერთიანებული შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.ბ) სამსახურებრივ შემოწმებასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:
გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა, სამინისტროს არქივის მართვა;
გ.ბ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ.გ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ.დ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.დ.ა) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.დ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება;
გ.ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და ანალიზი, აგრეთვე სამინისტროს სამოქალაქო ოფისში საჯარო მოსამსახურეთა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, შრომითი ურთიერთობების შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვ.) მომზადება, წარმოება;
გ.ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ.ზ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ზ.ა) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ.ზ.ბ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფა;
გ.ზ.გ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
გ.თ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:
დ.ა) განსაზღვრავს მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანამიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
დ.ბ) მონაწილეობს თავდაცვის სტრატეგიის განსაზღვრაში და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში;
დ.გ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფომების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან გეგმებს;
დ.დ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ე.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ე.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ე.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ე.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ე.ე) ოფისისა და გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ვ.ბ) ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;
თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში;
ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი:
ი.ა) ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკურ ხელშეწყობას;
ი.ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას;
კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი:
კ.ა) აწარმოებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზს;
კ.ბ) ახორციელებს თავდაცვის სისტემის განვითარებისათვის მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზსა და კონტროლს;
კ.გ) აწარმოებს შესაძენი საშუალებების ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის ანალიზს;
კ.დ) უზრუნველყოფს დაგეგმილი შესყიდვების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზს;
კ.ე) უზრუნველყოფს თავდაცვის რესურსების ეფექტიანად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნას, სისტემატურ განახლებასა და ანალიზს;
ლ) ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;
მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა;
ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო):
ნ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას;
ნ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს მინისტრს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 20 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი