"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები
1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
2. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
4. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№3744–IIს