საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/100
სარეგისტრაციო კოდი
010240070.11.104.006706
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 29/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.104.006.706

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/100

2004 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანდართული დებულება.

2. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობა განისაზღვროს 19 (ცხრამეტი) საშტატო ერთეულით (მათ შორის, ცენტრალურ აპარატში – 7 (შვიდი), ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიურ სამსახურებსა და სხვა ტერიტორიულ ბიუროებში – 12 (თორმეტი) ერთეულით).

3. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რეორგანიზაციის შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სახსრები 2004 წლისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში მიმართოს სამსახურის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და ძველი დავალიანებების დაფარვისათვის.

4. სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაევალოს ბრძანების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი”.

5. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისა და „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ” – საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ.

კ. ბენდუქიძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, „რეკლამის შესახებ” და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მაკონტროლებელ-მარეგულირებელ ორგანოს კონკურენციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების სფეროში.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.

3. სამსახურის ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამსახურები ქმნიან სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთიან სისტემას.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამსახურს აქვს დებულება, საკუთარი ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შტამპი, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

7. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამსახურის კომპენტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და მთავრობის დადგენილებებით. სამსახურს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს თავისი უფლებები და მოვალეობები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამსახური მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

8. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამსახურის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისათვის, ასევე ეკონომიკური აგენტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის.

9. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზირი №28.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:

ა) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზარზე კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათი დაცვის კონტროლის განხორციელება;

ბ) მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთა;

გ) ბუნებრივ მონოპოლიათა საქმიანობის რეგულირება, იმ სფეროებში, სადაც არ არის შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები;

დ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით წინადადებების შემუშავება და წინასწარი ღონისძიებების განხორციელება;

ე) მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ვ) სარეკლამო საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება;

ზ) კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების შემუშავება მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სარეკლამო საქმიანობის სფეროებში.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;

ბ) შესაბამის „კონკრეტულ” სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზარზე მოქმედების წილის ზღვრული რაოდენობის დადგენა და შესაბამისად მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების განსაზღვრა;

გ) მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილეული საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას სავალდებულო ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის მოწყობა, დასკვნის მომზადება და გაცემა;

დ) წარმოების, მიმოქცევისა და საფინანსო სფეროების დემონოპოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავება;

ე) ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობათა დარღვევის ფაქტების განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ვ) საქართველოს სასაქონლო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგულირება;

ზ) ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

თ) რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და სარეკლამო საქმიანობის რეგულირება;

ი) ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სასამართლოებში (მათ შორის საერთაშორისოში) საქმეთა განხილვაში მონაწილეობა;

კ) თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანტიმონოპოლიურ სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის მოწყობა, კადრების შერჩევა და განაწილება, თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ღონისძიებების განხორციელება;

მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების გახორციელებასთან.

    მუხლი 3. სამსახურის სისტემა

სამსახურის სისტემაში გაერთიანებულნი არიან:

ა) სამსახურის ცენტრალური აპარატი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურები და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური ბიუროები.

    მუხლი 4. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) კონკურენციის განვითარების სამმართველო;

ბ) მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის რეგულირების სამმართველო;

გ) ადმინისტრაციულ-საფინანსო განყოფილება.

    მუხლი 5. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები

1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;

გ) ქ.თბილისის ანტიმონოპოლიური ბიურო;

დ) გურიის ანტიმონოპოლიური ბიურო;

ე) იმერეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

ვ) კახეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

ზ) მცხეთა-მთიანეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

თ) რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

კ) სამცხე-ჯავახეთის ანტიმონოპოლიური ბიურო;

ლ) ქვემო ქართლის ანტიმონოპოლიური ბიურო;

მ) შიდა ქართლის ანტიმონოპოლიური ბიურო.

2. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

    მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შესახებ”, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამსახურის ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი რეგიონული სტრუქტურების მართვასა და კოორდინაციას.

2. სამსახურის უფროსი ინიშნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის უფროსის საქმიანობას, კოორდინაციას და კონტროლს უწევს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური ბიუროების ხელმძღვანელებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკიური განვითარების მინისტრი.

4. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ეკონომიკიური განვითარების მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურეობრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამსახურის წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სათათბირო საბჭოსა და ოპერატიული სხდომების მუშაობაში;

ზ) ეკონომიკური განვითარების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;

თ) ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს მუშაობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის და მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

5. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით, თუ კანონით, მთავრობის ან ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახურის უფროსის მოადგილეს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის უფროსი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – სამსახურის უფროსის მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოს (შემდგომში – სათათბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან სამსახურის უფროსი – სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

7. სათათბირო საბჭო თავის სხდომაზე იხილავს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ნორმატიული აქტების პროექტებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრისათვის წარსადგენი ანგარიშის, სამსახურის ცენტრალური აპარატის სამმართველოების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური ბიუროების დებულებათა პროექტებს, ბრძანებების, წესებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს ცენტრალური აპარატის სამმართველოების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური ბიუროების ანგარიშებს, დავალებათა შესრულების, შემოწმების, კადრების შერჩევისა და სხვა საკითხებს.

 8. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებანი ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურის უფროსსა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში სამსახურის უფროსი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. სათათბირო საბჭოს საქმის წარმოებას და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს სათათბირო საბჭოს მდივანი.

    მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. კონკურენციის განვითარების სამმართველო ახორციელებს:

ა) კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და მათი დაცვის კონტროლს;

ბ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით წინადადებების შემუშავებას და წინასწარი ღონისძიებების განხორციელებას;

გ) კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენას;

დ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;

ე) ამზადებს მიწერილობებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის მოთხოვნით, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე;

ვ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში წარადგენს სარჩელს სასამართლოებში (მათ შორის საერთაშორისოში) და მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ზ) განიხილავს ადმინისტრაციული ორგანოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განცხადებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

თ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების მონიტორინგსა და ანალიზს;

ი) შესაბამის „კონკრეტულ” სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზარზე მოქმედების წილის ზღვრული რაოდენობის დადგენას და შესაბამისად მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების განსაზღვრას;

კ) საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;

ლ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხს მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტთა მონოპოლისტ საწარმოთა სახელმწიფო რეესტრში შეყვანისა და რეესტრიდან გამოყვანის თაობაზე;

მ) შეიმუშავებს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში შესატანი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების ცვლილებებს;

ნ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთას;

ო) იმ ბუნებრივ მონოპოლიათა საქმიანობის რეგულირებას, სადაც არ არის შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები;

პ) აწარმოებს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრს;

ჟ) მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილეული საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას სავალდებულო ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის მოწყობას, დასკვნის მომზადებასა და გაცემას;

რ) წარმოების, მიმოქცევისა და საფინანსო სფეროების დემონოპოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავებას;

ს) ახორციელებს ბუნებრივ მონოპოლიათა სუბიექტების და მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების საქმიანობის დაკვირვების უწყებრივი სტატისტიკური ფორმების ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხს ანტიმონოპოლიური რეგულირების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე;

ტ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან.

2. მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის რეგულირების სამმართველო ახორციელებს:

ა) მომხმარებელთა უფლებების დაცვას და მათი დაცვის სახელმწიფო კონტროლს;

ბ) მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;

გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სვამს საკითხს შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე; უგზავნის მიწერილობებს დამამზადებელს (შემსრულებელს, გამყიდველს) მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ;

დ) განიხილავს მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინადადებებს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მისი ქონებისა და გარემოსათვის საზიანო პროდუქციის ხარისხის ამაღლების, წარმოებიდან მოხსნისა და საქონელბრუნვიდან ამოღების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

ე) რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლს და სარეკლამო საქმიანობის რეგულირებას;

ვ) რეკლამის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთის, მწარმოებლის და გამავრცელებლის მიმართ წარადგენს სარჩელს სასამართლოში დადგენილი წესით და მონაწილეობს საქმის განხილვაში;

ზ) განიხილავს ადმინისტრაციული ორგანოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განცხადებებს თავისი კომპეტეციის ფარგლებში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; ახორციელებს გამაფრთხილებელ ღონისძიებებს და აღკვეთავს არასათანადო რეკლამის ფაქტებს;

თ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის.

3. ადმინისტრაციულ-საფინანსო განყოფილება საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ახორციელებს:

ა) სამსახურში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებას და მოძრაობას;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის დავალებების, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების, ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლს;

გ) სამსახურში მოქმედი სათათბირო საბჭოს, სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისო საბჭოს სხდომებსა და სამსახურის უფროსის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზებას;

დ) სამსახურში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა მისიების მიღების ორგანიზაციას, მოქალაქეთა მიღებას, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ე) სამსახურის ინფორმაციულ უზრუნველყოფას, სამსახურის უფროსის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაციას, ასევე სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციას;

ვ) სამსახურში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას;

ზ) ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის თარგმნას;

თ) საკადრო საკითხების რეგულირებას;

ი) სამსახურის ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფას;

კ) სამსახურის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და გაფართოებას;

ლ) შეიმუშავებს და წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამსახურისათვის საჭირო სახსრების თაობაზე;

მ) სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დაკუმენტების დაცვის უზრუნველყოფას;

ნ) სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას, როგორც სამსახურის ცენტრალური აპარატის, ისე ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვას და ახორციელებს მათი საქმიანობის საფინანსო კონტროლს დადგენილი წესით.

    მუხლი 8. სამსახურის ქონება

სამსახურის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში უსასყიდლო უზურფრუქტის და თხოვების ფორმით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონება.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.