ინსტიტუტების ,,თბილსკეპის", ,,საქსოფლპროექტისა" და ,,საქკომუნპროექტის" შემდეგომი ფუნქციონირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
1998 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
ინსტიტუტების „თბილსკეპის“, „საქსოფლპროექტისა“და „საქკომუნპროექტის“შემდგომი ფუნქციონირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში, სამშენებლო დარგში რეფორმების განხორციელების პირველ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პირობების შექმნისათვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დარგში პრივატიზების პროცესი ფაქტობრივად დასრულდა.
ეკონომიკის შემდგომი გაძლიერებისათვის სამშენებლო დარგში მომუშავე მეცნიერებისა და პროფესიონალი სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებისათვის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანამედროვე ფუნქციებიდან გამომდინარე, ინსტიტუტის „თბილსკეპის“, „საქსოფლპროექტისა“და „საქკომუნპროექტის“ სამეცნიერო, საპროექტო, ექსპერიმენტული და ნორმაშემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციისა და საბაზო ფუნქციონირების გაძლიერების მიზნით:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება და ინსტიტუტები „თბილსკეპი“, „საქსოფლპროექტი“და „საქკომუნპროექტი“ჩამოყალიბდნენ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბაზო სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო, ექსპერიმენტულ, ნორმაშემოქმედებით ცენტრებად სახაზინო საწარმოს იურიდიული სტატუსით.
2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) მის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციების ძირითადი ფონდების გამოყენებით ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნული სახაზინო ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და გაძლიერებას, ამასთანავე,ეს ცენტრები დროებით არ იქნეს გათვალისწინებული საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპიუტერული ქსელის შექმნისათვის აუცილებელი ხუთი პერსონალური კომპიუტერის, სამი გასამრავლებელი დანადგარისა და სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა მოწყობილობა-ინვენტარის შესაძენად საჭირო სახსრების გამონახვა.
ე. შევარდნაძე