ნავთობის მოპოვებისა და წარმოების ინდუსტრიაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა და კახეთის რეგიონის X ბლოკთან დაკავშირებით ,,პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის" დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №692

1998 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნავთობის მოპოვებისა და წარმოების ინდუსტრიაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა და კახეთის რეგიონის X ბლოკთან დაკავშირებით „პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის“ დამტკიცების შესახებ

ვითვალისწინებთ რა, რომ „პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის“ გადასინჯული ვარიანტი შეთანხმებულ იქნეს საქართველოსა და შპს „რამკო ენერჯი კახეთს“ შორის და დამტკიცებულ იქნა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარდაქმნების, დარგობრივი ეკონომიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საპარლამენტო კომიტეტებისა და სახელმწიფო კომპანია „საქნავთობის“ მიერ, ამ პროექტში საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიღებამდე:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება სახელმწიფო კომპანია „საქნავთობს“ ხელი მოაწეროს კომპანია „რამკო ენერჯი პლს“-თან განახლებულ „პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტს“, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა სახელმწიფოს, და როგორც კომპანიამ – თავისი საკუთარი სახელით.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დასვას შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხი შპს „კახეთის ნავთობის“ წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ლიცენზირების უწყებათაშორის ექსპერტთა საბჭოს წინაშე, რათა ძალაში შევიდეს „პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტი“.

3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გაზისა და ნავთობის შესახებ კანონის პროექტში, რომელიც წარედგინება პარლამენტს, შეიტანონ დებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობსა“ და შპს „რამკო ენერჯი კახეთს“ შორის დადებული „პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის“ შესაბამისობას ახალ კანონთან, იმგვარად, რომ კანონის უკუქმედებითი ძალის ზოგადი სამართლებრივი პრინციპების მხედველობაში მიღებით და კონტრაქტის დებულებათა შეუცვლელად არ გაუარესდეს ინვესტორის ეკონომიკური და სამართლებრივი მდგომარეობა და კონტრაქტით განსაზღვრულ ორმხრივ ვალდებულებებს მიენიჭოს კანონის ძალა.

ე. შევარდნაძე