"მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 17 იანვარი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება წარმოდგენილი რედაქციით /თან ერთვის/.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის დებულება
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, უწევს ზედამხედველობას ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას;
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
4. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
5. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და აქვს მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი;
6. სამსახურის უფროსს და სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
7. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით;
8. სამსახურის საფინანსო ზედამხედველობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფის- განყოფილებისაგან;
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ხაზინისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
საბიუჯეტო დაგეგმვის და ფორმირების განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს განყოფილების უფროსი;
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის, მოადგილის და განყოფილების მოხელეებისაგან;
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსის მოხელე;
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
2. მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო დაანგარიშებასა და დასაბუთებას;
3. მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
4. საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
5. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
7. წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
8. დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
9. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
10. ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახადების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
11. საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
12. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
13. ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
14. მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
15. ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;
16. საბუღალტრო აღრიცხვას;
17. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;
18. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. ხაზინისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
2. ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
3. ურთიერთობებს საბანკო დაწესებულებებთან;
4. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახადების გაცემას;
5. მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და ფორმირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
2. ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
3. წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
4. წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
5. საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
6. წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
7. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
8. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.