დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 09.08.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.000638
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 07/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.152.000.638

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურულ-სამმშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-19 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს გამგებლის ბრძანებით განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ბ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;

გ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

დ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.