1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებული არიან, კვირაში ერთხელ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია ამ დებულების 129-ე მუხლით დადგენილი წესით თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრა ამომრჩევლებთან.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების გრაფიკის გამოქვეყნებას და მოქალაქეთათვის მათ გაცნობას.
4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი).
5. საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს თანამდებობის პირი ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და კანონით დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ