1. ახლად არჩეული საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებით კომისიის და სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგებისა და შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვ.), რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს ცალკე ოთახში იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს შესაბამის დასკვნას და მოახსენებს საკრებულოს.
2. ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად საკრებულოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, იღებს დადგენილებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. ახლად არჩეულ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.
4. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულომ ცნო საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით