1. შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“ – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
2. არბიტრაჟი – საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი.
3. არბიტრაჟის თავმჯდომარე – საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში.
4. არბიტრი – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.
5. საარბიტრაჟო კოლეგია – საქმის განმხილველი შემადგენლობა ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობა, რომლებიც უფლებამოსილი არიან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად განიხილონ მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა.
6. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.
7. დებულება – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.
8. დავა – პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმებით დაექვემდებარა არბიტრაჟს.
9. მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით.
10. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება.
11. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე.
12. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით – პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
13. მესამე პირი – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.
14. მტკიცებულება – ნებისმიერი საბუთი, ნივთმტკიცება ან მოწმის ჩვენება, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს.
15. საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები.
16. საარბიტრაჟო შეთანხმება (საარბიტრაჟო დათქმა) – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ