შეთანხმება ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში
საქართველოს მთავრობა, შემდგომში „მასპინძელ მხარედ“ წოდებული,
ერთი მხრივ, და
ევროპის კავშირი, შემდგომში „ევროკავშირად“ წოდებული,
მეორე მხრივ,
შემდგომში ერთად „მხარეებად“ წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ:
- საბჭოს 2003 წლის 7 ივლისის 2003/496/CFSP „ერთიან ქმედებას“ სამხრეთ კავკასიაში ევროპისა კავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;
- საბჭოს 2003 წლის 8 დეკემბრის 2003/872/CFSP „ერთიან ქმედებას“ სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაგრძელებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- საბჭოს 2005 წლის 26 აპრილის 2005/330/CFSP „ერთიან ქმედებას“ სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- საბჭოს 2005 წლის 28 ივლისის 2005/582/CFSP „ერთიან ქმედებას სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატში ცვლილებების შეტანისა და მისი გაგრძელების შესახებ;
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას 2005 წლის 6 ივლისის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სახელზე და მასზე 2005 წლის 31 აგვისტოს პასუხს;
- საბჭოს 2006 წლის 20 თებერვლის 2006/121/CFSP „ერთიან ქმედებას“ სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ,
და შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ევროპის კავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მისი დამხმარე ჯგუფის წევრებმა, მათ შორის, ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა პერსონალმა, ადგილობრივი პერსონალის ჩათვლით, პატივი უნდა სცენ მასპინძელი მხარის კანონებსა და სამართლებრივ ნორმებს და თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისა თუ საქმიანობისაგან, რომელიც შეუთავსებელია მათ მოვალეობათა მიუკერძოებელ და საერთაშორისო ხასიათთან ან ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს.
2. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეგულერულად და დროულად უნდა აცნობოს მასპინძელი მხარის მთავრობას მასპინძელი მხარის ტერიტორიაზე განლაგებული დამხმარე ჯგუფის წევრების, მათ შორის, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის, ადგილობრივი პერსონალის ჩათვლით, რაოდენობა, ვინაობა და მოქალაქეობა მასპინძელი მხარის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინების რეესტრის გადაცემის გზით.
მუხლი 2. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და მისი დამხმარე ჯგუფის იმუნიტეტები და პრივილეგიები
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მისი დამხმარე ჯგუფის წევრებს, გარდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დაქირავებული ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა (ადგილობრივი პერსონალის ჩათვლით), უნდა მიენიჭოს ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით, შემდგომში „ვენის კონვენციად“ წოდებულით, დიპლომატიური აგენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ეკვივალენტურია. ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები უნდა მიენიჭოს ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოჯახის წევრებს და მისი ზემოაღნიშნული დამხმარე ჯგუფის წევრთა ოჯახის წევრებს.
მუხლი 3. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსი
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის დამხმარე ჯგუფს უნდა მიენიჭოს ის სტატუსი, რომელიც ვენის კონვენციის მიხედვით დიპლომატიური მისიის სტატუსის ეკვივალენტურია.
მუხლი 4. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის იმუნიტეტები და პრივილეგიები
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დაქირავებულ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს უნდა მიენიჭოს ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც ვენის კონვენციის მიხედვით დიპლომატიური მისიის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ეკვივალენტურია.
მუხლი 5. ადგილობრივი პერსონალის სტატუსი
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დაქირავებულ ადგილობრივ პერსონალს, რომელიც შედგება მასპინძელი მხარის მოქალაქეებისაგან ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისაგან, უნდა მიენიჭოს ის სტატუსი, რომელიც ვენის კონვენციის მიხედვით მასპინძელი მხარის ტერიტორიაზე დიპლომატიურ მისიებში დაქირავებული ადგილობრივი პერსონალის სტატუსის ეკვივალენტურია.
მუხლი 6. უსაფრთხოება
1. მასპინძელი მხარის მთავრობამ საკუთარი შესაძლებლობებით უნდა იკისროს სრული პასუხისმგებლობა დამხმარე ჯგუფის პერსონალის უსაფრთხოებაზე და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღოს ყველა საჭირო ზომა დამხმარე ჯგუფის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, ასევე ყოველგვარი საფასურის გარეშე, იმ საქმიანობის ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია ყველა აუცილებელი საშუალებით დამხმარე ჯგუფის წევრების გადაუდებელ ევაკუაციასთან.
2. მასპინძელი მხარის ხელისუფლება მუდმივად პასუხისმგებელი უნდა იყოს დამხმარე ჯგუფის პირადი, ტრანსპორტის და საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მისი თბილისის გარეთ მუშაობისას.
3. ეს უსაფრთხოება, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ან მის მიერ დანიშნულ წარმომადგენელთან შეთანხმებით და არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, მოიცავს საკმარისი რაოდენობის შეიარაღებული და სათანადოდ აღჭურვილი პერსონალით უზრუნველყოფას, რომელიც თან ახლავს დამხმარე ჯგუფს მისი გადაადგილების დროს, მათ შორის, საჰაერო ტრანსპორტით.
მუხლი 7. საზღვრებთან მისვლის უფლება
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის დამხმარე ჯგუფს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას უნდა ჰქონდეთ მასპინძელი მხარის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან შეუფერხებლად მისვლის უფლება.
მუხლი 8. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთათვის იმის თაობაზე წერილობითი შეტყობინებისას, რომ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა მოთხოვნები შესრულდა.
2. ამ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის, როგორც მოცემულია ამ მუხლის 1-ლ პუნქტში.
3. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და მისი დამხმარე ჯგუფის ქვეყნიდან საბოლოო გამგზავრებამდე.
4. ამ შეთანხმების დენონსაცია შეიძლება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინებით. დენონსაცია ძალაში შედის მეორე მხარის მიერ დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
5. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ან დენონსაცია გავლენას არ ახდენს რაიმე უფლებებსა თუ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ამ შეთანხმების განხორციელებიდან მისი მოქმედების შეწყვეტამდე ან მის დენონსაციამდე.
შესრულებულია ბრიუსელში, 2006 წლის 12 მაისს, ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
| ევროპის კავშირის სახელით (ხელმოწერილია)
|