”ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03.27.96
სარეგისტრაციო კოდი
004030000.37.101.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250211, 25/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №03.27.96

2011 წლი ს 16 თებერვალი

  ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს თანდართული წესდება (დებულება) ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

ქ. თბილისის მერი                            გ. უგულავა

 

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო”. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ ქონების მართვის სააგენტო”.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

სააგენტოს მიზნებია:

  1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეალიზაციის მიზნით, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;

გ) უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების შესრულება ან/და შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების დაკვეთა;

დ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთა;

ე) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით;

ვ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) მიღების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეჯამებული ანგარიშის წარდგენა ქ. თბილისის მთავრობისთვის;

ზ) საფინანსო-ეკონომიკური მონიტორინგის სისტემის ფორმირება;

თ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქ. თბილისის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაცია. საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის პროექტების შედგენა, მათი ქ. თბილისის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) საწარმოთა აუდიტორული შემოწმებების ორგანიზების კონტროლი და კოორდინაცია;

კ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;

ლ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, პარტნიორთა (აქციონერთა) კრებებზე, რწმუნებული პირების მეშვეობით, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება;

მ) საწარმოებში ქ. თბილისის მთავრობის (როგორც პარტნიორის) წარმომადგენელთა დანიშვნის (არჩევის) შესახებ საკითხების განხილვა-კოორდინაცია და სათანადო გადაწყვეტილებების მიღება;

ნ) საწარმოების ბალანსზე/კაპიტალში რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის ან/და იმ ვალდებულებებთან/საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, რისთვისაც წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით საჭიროა პარტნიორის თანხმობა;

ო) საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება ქ. თბილისის მთავრობის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;

პ) ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით ქ. თბილისის თვითმმართველობის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა; ქ. თბილისის თვითმმართველობის ქონების, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებსა და თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურის ორგანიზება;

ჟ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა;

რ) დაინტერესებული პირისთვის (ქ. თბილისის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასადასტურებელი ვალდებულებ(ებ)ის ან/და მოსახსნელი შეზღუდვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ქ. თბილისის მთავრობას;

 ს) დაინტერესებული პირისთვის (ქ. თბილისის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის განვადების შესახებ საკითხის ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა;

ტ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ან ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ასევე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული, პროცედურების გატარება;

უ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;

ფ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, ასევე განახორციელოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობა/მომსახურება.

    მუხლი 3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება

1. სააგენტო კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე წარმომადგენლის უფლებამოსილებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული თანხები მიიღოს საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშებზე და უზრუნველყოს შესაბამისი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვა.

    მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

2. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ერთ-ერთი სამსახურის უფროსი.

    მუხლი 5. სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს უფროსი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

პ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ტ)წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

 ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის უფროსებს.

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების – სამსახურების მეშვეობით, სამსახური თავის მხრივ შედგება განყოფილებებისაგან.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პრივატიზების სამსახური;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

გ) ადმინისტრაციული სამსახური.

3. სააგენტოს სამსახურების სტრუქტურა, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით ქალაქ თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.

    მუხლი 7. სააგენტოს სამსახურების უფლება-მოვალეობები

1. პრივატიზების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაცია და გამიჯვნა-გაერთიანება;

ბ) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება;

გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების განკარგვისთვის მომზადება;

დ) მუდმივმოქმედი საპრივატიზაციო (სააუქციონო) კომისიის აპარატის ფუნქციის შესრულება;

ე) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

ვ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

ზ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

თ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ი) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში;

ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მთავრობისთვის წარსადგენად;

გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა;

დ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;

ე) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;

ვ) საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;

ზ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა, მოცემული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით;

თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;

კ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

ლ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

მ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფა და ანალიზი;

ბ) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს მიერ გასაწევი ფასიანი მომსახურების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;

დ) დაინტერესებული პირების შესაბამისი ინფორმაციით/მომსახურებით უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;

ზ) დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;

თ) ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ი) აქტებისა და ხელშეკრულებების შესრულების ანალიტიკა;

კ) დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

მ) მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფა;

ო) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

პ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ჟ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

რ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

    მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები

1. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ვ) საგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ზ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) სამსახურის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები

სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 11. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში.

2. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 13. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 14. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.