1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი ოქმი, რომელიც შეეხება დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღებას(ოქმი III)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების
დამატებითი ოქმი,
რომელიც შეეხება დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღებას
(ოქმი III)
შესრულებულია ჟენევაში, 2005 წლის 8 დეკემბერს
პრეამბულა
მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარეები
(§1) ადასტურებენ რა 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დებულებებს (კერძოდ; ჟენევის პირველი კონვენციის 26-ე, 38-ე, 42-ე და 44-ე მუხლებს) და, შესაბამის შემთხვევებში, მათ მიმართ 1977 წლის 8 ივნისის დამატებით ოქმებს (კერძოდ , დამატებითი ოქმის მე-18 და 38-ე მუხლებს და დამატებითი II ოქმის მე-12 მუხლს), რომლებიც შეეხება განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებას,
(§2) გამოთქვამენ რა სურვილს, შეავსონ ზემოაღნიშნული დებულებები მათი დამცავი ფაასეულობების გაძლიერებისა და მათი უნივერსალური ხასიათის ხაზგასმის მიზნით,
(§3) აღნიშნავენ რა, რომ ეს ოქმი ზიანს არ აყენებს მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარეებს გააგრძელონ ემბლემების გამოყენება თავიანთი ვალდებულებების შესაბამისად ჟენევის კონვენციებისა და, შესაბამის შემთხვევებში, მათ მიმართ დამატებითი ოქმების თანახმად,
(§4) შეახსენებენ რა, რომ ჟენევის კონვენციებისა და მათ მიმართ დამატებითი ოქმების დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და ობიექტებისადმი პატივისცემით მოპყრობის მოვალეობა გამომდინარეობს მათი სტატუსიდან, რომლის საშუალებითაც ისინი დაცულნი არიან საერთაშორისო სამართლის თანახმად, და არ არის დამოკიდებული განმასხვავებელი ემბლემების, ნიშნებისა და სიგნალების გამოყენებაზე,
(§5) ხაზს უსვამენ რა, რომ განმასხვავებელ ემბლემებს არ ენიჭება რაიმე მნიშვნელობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიურ, ეთნიკურ, რასობრივ, რეგიონალურ მოსაზრებებთან ან პოლიტიკურ ინტერესებთან,
(§6) აღნიშნავენ რა იმ განმასხვავებელ ემბლემებთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულად დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომლებიც აღიარებულია ჟენევის კონვენციებით და, შესაბამის შემთხვევებში, მათ მიმართ დამატებითი ოქმებით,
(§7) შეახსენებენ რა, რომ ჟენევის პირველი კონვენციის 44-ე მუხლში მოცემულია განსხვავება დაცვის მიზნით ემბლემების გამოყენებასა და მათი, როგორც განმასხვავებელი ნიშნების გამოყენებას შორის,
(§8) შეახსენებენ რა, რომ ეროვნული საზოგადოებები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნდა დარწმუნდნენ, რომ ემბლემები, რომელთა გამოყენებასაც ისინი აპირებენ ასეთი საქმიანობის ფარგლებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში, სადაც ეს საქმიანობა ხორციელდება, აგრეთვე ტრანზიტის ქვეყანაში (ქვეყნებში),
(§9) მიუთითებენ რა სიძნელეებზე, რომლებიც შეიძლება შეექმნას ზოგიერთ სახელმწიფოს და ეროვნულ საზოგადოებებს არსებული განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებისას,
(§10) აღნიშნავენ რა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ სახელწოდებები და ემბლემები, რომლებსაც ისინი იყენებენ ამჟამად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. ამ ოქმის დაცვა და მისი გამოყენების სფერო
1. მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ეს ოქმი და უზრუნველყონ მისი დაცვა ნებისმიერ გარემოებებში.
2. ეს ოქმი ადასტურებს და ავსებს 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხი ჟენევის კოვენციის დებულებებს („ჟენევის კონვენციები“) და, შესაბამის შემთხვევებში, მათ მიმართ 1977 წლის 8 ივნისის ორ დამატებით ოქმს („1977 წლის დამატებით ოქმები“), რომლებიც შეეხება განმასხვავებელ ემბლემებს, კერძოდ: წითელ ჯვარს, წითელ ნახევარმთვარეს, წითელ ლომსა და მზეს, და გამოიყენება ისეთივე სიტუაციებში, როგორც ეს დებულებები.
მუხლი 2. განმასხვავებელი ემბლემები
1. ეს ოქმი ცნობს დამატებთი განმასხვავებელ ემბლემას თანაბრად ჟენევის კონვენციების განმასხვავებელი ემბლემებისა და იმავე მიზნებით, განმასხვავებელი ემბლემები სარგებლობს ერთი და იმავე სტატუსით.
2. ეს დამატებითი განმასხვავებელი ემბლემა, რომელიც შედგება წითელი ჩარჩოსაგან, მასში თეთრ ფონზე გამოსახული ერთ-ერთი წვეროთი მდგარი კვადრატით, შეესაბამება გამოსახულებას, რომელიც მოთავსებულია ამ ოქმის დანართში. ამ ოქმში ამ განმასხვავებელ ემბლემას ეწოდება „მესამე ოქმის ემბლემა“.
3. მესამე ოქმის ემბლემის გამოყენებისა და მისდამი პატივისცემის პირობები იდენტურია იმ პირობებისა, რომლებიც გამოიყენება ჟენევის კონვენციებით განსაზღვრული განმასხვავებელი ემბლემების მიმართ და, შესაბამის შემთხვევებში 1977 წლის დამატებითი ოქმების მიმართ.
4. მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარეების შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურებს და სასულიერო პერსონალს ემბლემებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებსაც ისინი იყენებენ ამჟამად, შეუძლიათ დროებით გამოიყენონ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი განმასხვავებელი ემბლემა, თუ ეს გააძლიერებს მათ დაცვას.
მუხლი 3. მესამე ოქმის ემბლემის, როგორც განმასხვავებელი ნიშნის გამოყენება
1. მოლაპარაკებაში მონაწილე იმ მაღალი მხარეების ეროვნულ საზოგადოებებს, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას გამოიყენონ მესამე ოქმის ემბლემა, შეუძლიათ ემბლემის გამოყენებისას შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მასში განმასხვავებელ ნიშნად ჩართონ:
ა) ერთ-ერთი განმასხვავებელი ემბლემა, რომელიც აღიარებულია ჟენევის კონვენციების მიერ, ან ამ ემბლემების კომბინაცია; ანდა
ბ) სხვა ემბლემა, რომელსაც უკვე ეფექტიანად იყენებს რომელიმე მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარე და რომლის შესახებაც ეცნობება სხვა მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარეებს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დეპოზიტარის საშუალებით ამ ოქმის მიღებამდე.
ასეთი ჩართვა უნდა შეესაბამებოდეს გამოსახულებას, რომელიც მოთავსებულია ამ ოქმის დანართში.
2. ეროვნულ საზოგადოებას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მესამე ოქმის ემბლემაში ჩართოს სხვა ემბლემა, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუძლია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ეს ემბლემა და მისი სახელწოდება თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად გამონაკლის შემთხვევებში და თავიანთი სამუშაოს შემსუბუქების მიზნით დროებით გამოიყენონ განმასხვავებელი ემბლემა, რომელზედაც აღნიშნულია ამ ოქმის მე-2 მუხლში.
4. ეს მუხლი არ შეეხება იმ განმასხვავებელი ემბლემების სამართლებრივ სტატუსს, რომლებიც აღიარებულია ჟენევის კონვენციებითა და ამ ოქმით, აგრეთვე არ შეეხება ნებისმიერი კონკრეტული ემბლემის სამართლებრივ სტატუსს, რომელიც ჩართულია მესამე ოქმის ემბლემაში განმასხვავებელ ნიშნად გამოყენების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციას და მათ მიერ სათანადოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს შეუძლიათ გამონაკლის შემთხვევებში და თავიანთი სამუშაოს შემსუბუქების მიზნით გამოიყენონ ამ ოქმის მე-2 მუხლში აღნიშნული ემბლემები.
მუხლი 5. ოპერაციები, რომლებიც ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით
სამედიცინო სამსახურებს და სასულიერო პერსონალს, რომლებიც მონაწილეობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ოპერაციებში, შეუძლიათ აღნიშნულ ოპერაციებში მონაწილე სახელმწიფოების თანხმობით გამოიყენონ ამ ოქმის პირველ და მე-2 მუხლებში აღნიშნული ერთ-ერთი განმასხვავებელი ემბლემა.
მუხლი 6. ემბლემების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და აღკვეთა
1. ჟენევის კონვენციებისა და, შესაბამის შემთხვევებში, 1977 წლის დამატებთიი ოქმების დებულებები, რომლებიც შეეხება განმასხვავებელი ემბლემების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას და აღკვეთას, გამოიყენება თანაბრად მესამე ოქმის ემბლემის მიმართაც. კერძოდ, მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარეები იღებენ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ყოველ დროს ემბლემების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, რომელთა შესახებ მითითებულია ამ ოქმის პირველ და მე-2 მუხლებში, და მათ სახელწოდებებთან დაკავშირებით, მათი ვერაგულად გამოყენებისა და ნებისმიერი ნიშნისა და სახელწოდების, რომლებიც მათ წააგავს, გამოყენების ჩათვლით.
2. პირველი პუნქტის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალმა მხარეებმა შეიძლება ნება დართონ მათ, რომლებიც ადრე იყენებდნენ მესამე ოქმის ემბლემას ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, რომელიც მას წააგავს, გააგრძელონ ამ ემბლემის გამოყენება იმ პირობით, რომ ამ ემბლემის გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტის დროს არ შექმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს იგი უზრუნველყოფს დაცვას, რომელიც გათვალისწინებულია ჟენევის კონვენციებით და, შესაბამის შემთხვევებში, 1977 წლის დამატებითი ოქმებით და იმ პირობით, რომ ასეთ გამოყენებაზე უფლება შეძენილ იქნა ამ ოქმის მიღებამდე.
მუხლი 7. ინფორმაციის გავრცელება
მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ეს ოქმი თავიანთ ქვეყნებში როგორც მშვიდობის დროს, ასევე შეიარაღებული კონფლიქტების დროს და, კერძოდ, შეიტანონ მისი შესწავლა სამხედრო მომზადების პროგრამაში და წაახალისონ მისი შესწავლა სამოქალაქო მოსახლეობის მიერ, რათა ეს დოკუმენტი ცნობილი გახდეს შეიარაღებული ძალებისათვის და სამოქალაქო მოსახლეობისათვის.
მუხლი 8. ხელმოწერა
ეს ოქმი ღია იქნება ხელმოსაწერად ჟენევის კონვენციების მონაწილეებისათვის მისი მიღების დღეს და ღიად დარჩება 12 თვის განმავლობაში.
მუხლი 9. რატიფიკაცია
ეს ოქმი რატიფიცირებული უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ჰბარდება შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, ჟენევის კონვენციების და 1977 წლის დამატებითი ოქმების დეპოზიტარს.
მუხლი 10. მიერთება
ეს ოქმი ღიაა მისაერთებლად ჟენევის კონვენციების ნებისმიერი მონაწილისათვის, რომელმაც არ მოაწერა ხელი მას. მიერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს.
მუხლი 11. ძალაში შესვლა
1. ეს ოქმი ძალაში შედის ორი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტების შესანახად ჩაბარებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. ჟენევის კონვენციების თითოეული მონაწილისათვის, რომლებმაც განახორციელეს ამ ოქმის რატიფიცირება ან მიუერთდნენ მას შემდგომში, იგი ძალაში შედის ასეთი მონაწილის მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტების ჩაბარების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 12. სახელშეკრულებო ურთიერთობები ამ ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ
1. თუ ჟენევის კონვენციების მონაწილეები არიან აგრეთვე ამ ოქმის მონაწილეები, კონვენციები გამოიყენება დამატებებთან ერთად, რომლებიც შეტანილ იქნა ამ ოქმით.
2. თუ კონფლიქტში მყოფი ერთ-ერთი მხარე არ არის ამ ოქმის მონაწილე, მისი შესრულება სავალდებულოა ოქმის მონაწილე მხარეებისათვის მათი ურთიერთობებისას, გარდა ამისა, ამ ოქმის შესრულება სავალდებულოა მათთვის თითოეული მხარის მიმართ, რომელიც არ არის ამ ოქმის მონაწილე, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და იყენებს მის დებულებებს.
მუხლი 13. შესწორებები
1. ნებისმიერ მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარეს შეუძლია შესთავაზოს ამ ოქმში შესწორებების შეტანა. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი ეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ყველა მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარესთან, ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემოთავაზებული შესწორების განსახილველად კონფერენციის მოწვევის თაობაზე.
2. დეპოზიტარი იწვევს ამ კონფერენციაზე ყველა მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარეს, აგრეთვე ჟენევის კონვენციების მონაწილეებს, დამოუკიდებლად იმისა, მოაწერეს თუ არ მოაწერეს მათ ხელი ამ ოქმს.
მუხლი 14. დენონსაცია
1. თუ მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალი მხარე ახორციელებს ამ ოქმის დენონსაციას, იგი ძალაში შედის მხოლოდ დენონსაციის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. მაგრამ, თუ ერთი წლის შემდეგ მხარე, რომელმაც განაცხადა დენონსაციის შესახებ, აღმოჩნდება შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში არ შედის შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დასრულებამდე.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით ეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც დაუგზავნის მას ყველა ხელშეკრულებაში მონაწილე მაღალ მხარეს.
3. დენონსაციას ძალა აქვს მხოლოდ იმ მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა განაცხადი დენონსაციის შესახებ.
4. არანაირი დენონსაცია პირველი პუნქტის შესაბამისად არ შეეხება ვალდებულებებს, რომლებიც უკვე აიღო საკუთარ თავზე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ამ ოქმის შესაბამისად მხარემ, რომელმაც გააკეთა განაცხადი დენონსაციის შესახებ, ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ასეთი დენონსაციის ძალაში შესვლამდე.
მუხლი 15. შეტყობინება
დეპოზიტარი ატყობინებს მოლაპარაკებაში მონაწილე მაღალ მხარეებს, აგრეთვე ჟენევის კონვენციების მონაწილეებს, დამოუკიდებალდ იმისა, მოაწერეს თუ არ მოაწერეს მათ ხელი ამ ოქმს:
ა) ხელმოწერების შესახებ, რომლებიც გაკეთდა ამ ოქმზე, და სარატიფიკაციო სიგელების და მიერთების თაობაზე დკოუმენტების შესანახად ჩაბარების შესახებ მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად;
ბ) ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-11 მუხლის შესაბამისად, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან 10 დღის ვადაში;
გ) შემოთავაზებული შესწორებების შესახებ მე-13 მუხლის შესაბამისად;
დ) დენონსაციის შესახებ განცხადებების თაობაზე მე-14 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 16. რეგისტრაცია
1. ამ ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ იგი დეპოზიტარის მიერ იგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში რეგისტრაციისათვის და გამოქვეყნების მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაცის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად.
2. დეპოზიტარი ასევე ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს მის მიერ ყველა მიღებული სარატიფიკაციო სიგელის, მიერთების შესახებ დოკუმენტების და დენონსაციის თაობაზე გადაწყვეტილებების შესახებ ამ ოქმთან დაკავშირებით.
მუხლი 17. ავთენტური ტექსტები
ამ ოქმის დედანი, ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული, ფრანგული ტექსტები, რომლებც თანაბრად ავთენტურია, შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს, რომელიც მის დამოწმებულ ასლებს უგზავნის ჟენევის კონვენციის ყველა მონაწილეს.
დანართი
მესამე ოქმის ემბლემა
(ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)
მუხლი 1- განმასხვავებელი ემბლემა
-------------------------------------------
მუხლი 2 – მესამე ოქმის ემბლემის, როგორც განმასხვავებელი ნიშნის გამოყენება
---------------------------------- --------------------------------------------
სხვა ემბლემის ჩართვა მე-3
მუხლის შესაბამისად