ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000729
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 20/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

გამოთქვამენ რა სურვილს გააღრმაონ არსებული დიალოგი და თანამშრომლობა, ხაზგასმით აღნიშნავენ რა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მნიშვნელობას დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში;

აღიარებენ რა საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ,

ითვალისწინებენ რა, რომ ლატვიის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს,

ითვალისწინებენ რა ნატოს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი,

ითვალისწინებენ რა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას,

აღნიშნავენ რა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანას განვითარების მიზნით ლატვიის თანამშრომლობის პოლიტიკის ჩარჩოში,

ეყრდნობიან რა ერთობლივ დეკლარაციას ევროპის მომავლისა და ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა რიგაში, 2004 წლის 14 ოქტომბერს.

სასურველად მიაჩნიათ რა, რომ ორივე მხარემ გამართოს კონსულტაციები და აზრთა გაზიარება სხვადასხვა დონეზე იმ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლებენ და რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს იმ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს, კერძოდ; ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების პოლიტიკის, განვითარების მიზნით თანამშრომლობის, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და კულტურის სფეროში გაცვლების და ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

განხორციელდება მხარეთა შორის თანამშრომლობის კოორდინაცია თანამშრომლობის სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ჩარჩოებთან.

სპეციფიკური ხასიათის საკითხების მოგვარების მიზნით, საერთო თანხმობით შესაძლოა შეიქმნას საგანგებო სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა ჯგუფები.

    მუხლი 2

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას და კონსულტაციებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, შავი ზღვის სინერგიის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვა ფორმატების ფარგლებში.

კერძოდ, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმისა და ასევე ევროპული საბჭოს 2008 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებათა განხორციელებაზე, მათ შორის ისეთ სფეროზე, როგორიცაა მოლაპარაკებათა გამართვა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის საკითხებსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე.

მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ განვითარების მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების განხორციელების სფეროში.

    მუხლი 3

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად, მხარეები გააძლიერებენ დიალოგს, კონსულტაციებსა და თანამშრომლობას ორმხრივ საფუძველზე და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

ლატვიის მხარე გააძლიერებს საქართველოს მხარისათვის დახმარების გაწევას ყოველწლიური ეროვნული პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში.

მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებრივი შეგნების ამაღლებისა და საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმრავების მიზნით.

    მუხლი 4

მხარეები გააღრმავებენ და გააძლიერებენ დიალოგს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების, კერძოდ, გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხებზე.

    მუხლი 5

მხარეები წინასწარ და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგს, ვადებსა და ადგილს.

    მუხლი 6

მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას თავიანთი დიპლომატიური და საკონსულო მისიების საშუალებით, ასევე მესამე ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    მუხლი 7

მხარეები უზრუნველყოფენ ხელსაყრელი პირობების შექმნას დიპლომატიურ სამსახურებს შორის ურთიერთქმედების მიზნით, განახორციელებენ პირდაპირ კონტაქტებს, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას თანამშრომელთა დაცვის გზით, ჩაატარებენ სემინარებს და ერთობლივ კვლევებს, შეეცდებიან ერთმანეთს შორის დაამყარონ სხვადასხვა სახის პირდაპირი კავშირები.

    მუხლი 8

წინამდებარე ოქმში შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესწორებები და დამატებები მხარეთა საერთო წერილობითი თანხმობით.

    მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერისთანავე და ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი ვადებით, თუ ერთ-ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორეს ხუთწლიანი ვადის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ოქმს.

წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთანავე მოქმედებას შეწყვეტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თბილისში, 2000 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი.

შესრულებულია რიგაში, 2009 წლის 2 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

(ხელმოწერილია)

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

(ხელმოწერილია)