“ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში ახალმშენებლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმის შემოღების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2004 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში ახალმშენებლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმის შემოღების შესახებ
ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის უნიკალურობა, უდიდესი კულტურული, ხუროთმოძღვრული და მხატვრული მნიშვნელობა საყოველთაოდ ცნობილია. უძველესი ქალაქი ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ. მიუხედავად ამისა, ქალაქის ისტორიული ნაწილის მართვისა და ადმინისტრირების სისტემათა დაუხვეწაობის, ქალაქის ავთენტიკურობის შემლახავი ახალმშენებლობის აღკვეთის მოქმედი მექანიზმების არარსებობის გამო თბილისის ისტორიულ იერსახეს რეალური საფრთხე დაემუქრა.
ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლის მიზნით:
1. შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. კომისია გაეცნოს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ისტორიული ქალაქების მართვისა და ადმინისტრირების მოდელს, რომელიც მომზადებულია საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის, ICCROM-ის (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი), ICOMOS – საქართველოს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი), მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა (WHC) და ევროპის საბჭოს მიერ.
3. კომისიამ უზრუნველყოს მოდელის ფართო საზოგადოებრივი განხილვა.
4. კომისიამ 2 თვეში წარმოადგინოს შემუშავებულ მოდელზე დაფუძნებული ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისათვის საჭირო სამოქმედო გეგმა.
5. პროგრამის წარმოდგენამდე და მის განხორციელებამდე შეჩერდეს საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის №76 დადგენილებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს 2003 წლის 5 მაისის №3/97 ბრძანებით და საქართველოს ურბანი-ზაციისა და მშენებლობის სამინისტროს №13 ბრძანებით განსაზღვრული თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონებში განაშენიანების რეგულირებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის, არქეოლოგიური დაცვის ზონების ფარგლებში ახალმშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების გაცემის მექანიზმი.
6. ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში შეჩერდეს ყველა ის ახალმშენებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს „ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით” განსაზღვრულ რეგლამენტს; ასევე, შეუსაბა-მოა დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან.
7. ქალაქ თბილისის დამცავ ზონებში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ნებადართულ იქნეს მხოლოდ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონსერვაციის, რესტავრაციის, რეკონსტრუქციისა და ადაპტაციის სამუშაოების განხორციელება.
8. ამ დადგენილების კონტროლი უზრუნველყონ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტრომ (გ. ბარამიძე).
9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია