ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახეობის ნიმუში:
ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში;
ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით;
ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით;
ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია;
გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ;
დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან;
ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი;
ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა;
ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა;
თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა;
ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;
კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა;
ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი;
მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია;
ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი;
ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018