ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის მდგომარეობისა და მისიშემდგომი ამაღლების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.07.2000 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
480270000.05.002.001857
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 25/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №314

2000 წელი 21 ივლისი

ქ. თბილისი

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის მდგომარეობისა და მისიშემდგომი ამაღლების ღონისძიებათა შესახებ

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის არეალის შემდგომი გაფართოებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი):

ა) შეიმუშაონ 1998 წლის 8 სექტემბერს ქ. ბაქოში საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ხელმოწერილ მრავალმხრივ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი 1996 წლის სერახსის ხელშეკრულების შემდგომ განვლილი პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელშიც აისახება ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთიანი და მოქნილი სატრანსპორტო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავების, სასაზღვრო-საბაჟო ფორმალობათა გამარტივების და ტრასეკას დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრის საკითხები;

ბ) უზრუნველყონ ამ ცვლილებებისა და დამატებების სამთავრობათაშორისო კომისიის უახლოეს სხდომაზე განხილვა.

2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) სამ თვეში უზრუნველყონ სატრანზიტო გადაზიდვების პროცესის დროს განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლისა და მომსახურების მარეგლამენტირებელი წესების, გადასახადებისა და მოსაკრებლების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტების, ბრძანებების და დებულებების საერთაშორისო კონვენციების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნებთან დადგენილი წესით შესაბამისობაში მოყვანა და შესრულების მექანიზმის ჩამოყალიბება.

3. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფინანსთა სამინისტროსთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან (ნ. საჯაია) შეთანხმებით სამ თვეში შეიმუშაონ და წარმოადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულებასა და „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლითაც აგრეთვე განისაზღვრება სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების ხანგრძლივობის დროის ნორმატივები და შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ ნორმატივების უსაფუძვლო დარღვევებისათვის; ამავე ბრძანებულებაში გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნათა დაცვის თაობაზე და მისი ანგარიშვალდებულება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინაშე სატრანსპორტო საშუალებათა სასაზღვრო-საბაჟო გამტარ პუნქტებზე მოძრაობის შესახებ.

4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ:

ა) მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით წარმოადგინოს წინადადებები ტრანსპორტის ყველა სახეობით გადაზიდვების საერთო თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება ტრასეკას წევრ ქვეყნებთან ერთიანი გამჭოლი სატარიფო განაკვეთების შემუშავებას;

ბ) უზრუნველყოს სარკინიგზო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ტარიფებისა და დამატებითი ანაკრეფების განაკვეთების გადახედვა ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნებთან ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;

გ) კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მისი ამაღლების მიზნით გადასინჯოს საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ზღვრული და ნავსადგურებში მცურავ საშუალებათა მომსახურების ფიქსირებული სატარიფო განაკვეთები, ტვირთების სახეობათა მიხედვით გემების დამუშავების გამოცხადებული სადღეღამისო ნორმები;

დ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაწილეობით, ქვეყნის ინდიკატიური გეგმის საფუძველზე შეიმუშაოს ქვედარგებისა და მთლიანად დარგის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების 3-5-წლიანი სპეციალური მიზნობრივი პროგრამები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება გადაზიდვების თვითღირებულების შემცირებისა და სატრანსპორტო სისტემის მატერიალური ბაზის განმტკიცების ღონისძიებები;

ე) მეტი ყურადღება დაუთმოს შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საქართველოს საპორტო პოტენციალის ამაღლებისათვის;

ვ) უფრო ეფექტიანად გამოიყენოს პირდაპირი კონტაქტები და სისტემატური ხასიათი მიანიჭოს ტრასეკას დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობებთან და შესაბამის უწყებებთან შეხვედრებს ევრაზიული დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემების, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხების განხილვასა და მათ ოპერატიულ გადაწყვეტას.

5. ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს ეროვნულმა კომისიამ (ვ.ტურძელაძე):

ა) ორ თვეში წარმოადგინოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებული პროგრამა სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ;

ბ) სამ თვეში წარმოადგინოს შეთანხმებული წინადადებები საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების (მუხლი 5), ტარიფებისა და შეღავათიანი პირობების (მუხლი 6) ამოქმედების თაობაზე;

გ) შეასრულოს მაკოორდინირებელი ფუნქცია ამ განკარგულების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებაში.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ :

ა) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დარგში საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების, საერთაშორისო კონვენციებთან შეერთების პროცედურათა დასაჩქარებლად;

ბ) ეროვნული გადამზიდავის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქე მძღოლებს საქართველოში აკრედიტებულ შესაბამის საელჩოებში მრავალჯერადი ვიზების მიღებაში.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე) უზრუნველყოს ყველა სახეობის სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე.

8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ:

ა) ორ თვეში წარმოადგინოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებული წინადადებები სატრანზიტო გადაზიდვებისათვის საბაჟო პროცედურების გამარტივების შესახებ.

ბ) უზრუნველყოს „ტირ"-კონვენციის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა, აღმოფხვრას ავტოტრანსპორტის საბაჟო გაცილების პრაქტიკა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა უსაფუძვლო შეფერხება საბაჟო ტერმინალებში.

9. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთობლივად შეიმუშაონ და განსახილველად შემოიტანონ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებული ტიპობრივი სასაზღვრო-საბაჟო გამტარი პუნქტებისა და მათი ტექნიკურ-ტექნოლოგიური აღჭურვის პროექტები ამ პუნქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

10. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მ. ადეიშვილმა ორ კვირაში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველზე კომისიას დაეკისრება ერთიანი მაკოორდინირებელი ფუნქცია და მათი გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა იურიდიული პირისათვის.

ე. შევარდნაძე