საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№399

1997 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

    მუხლი 1

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა აღრიცხვის, მათი საქმიანობის საჯაროობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრი თანდართული დანართის მიხედვით;

ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში შეტანას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული განყოფილების მეშვეობით.

    მუხლი 2

1. სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება ყველა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელთა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება პირდაპირ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით.

2. ახლადშექმნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დაფინანსება ხდება იმ სამთავრობო დაწესებულების ასიგნებიდან, რომლის გამგებლობაშიც შეიქმნა ეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ასეთი დაწესებულების სპეციალურ რეესტრში შეტანა ხორციელდება საერთო წესით.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით, საქმიანობას წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დავა, დაკავშირებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან,გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო დაწესებულების გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნა პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების გამოცემიდან 10 დღეში.

4. აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია ბრძანება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ 3 დღეში წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას სპეციალურ რეესტრში სარეგისტრაციოდ.

    მუხლი 4

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციისას სპეციალური რეესტრის გრაფაში „შენიშვნა“მიეთითება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გამოცემული ნორმატიული აქტის ნომერი, თარიღი და გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 5

სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციისას სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული განყოფილება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს, მიუთითებს რეგისტრაციის თარიღს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის (რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის) შესახებ ნორმატიული აქტის ნომერსა და თარიღს.

    მუხლი 6

1. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას:

ა) შეიმუშაოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი;

ბ) ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.

ე. შევარდნაძე