ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.06.2003 ძალადაკარგული 28.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2424
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.001.316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 15/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული საქმიანობის, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოებისა და ვაჭრობის ლიცენზიის, ზემოაღნიშნული პრეპარატების იმპორტზე, ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (ნედლეულის), ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების ნუსხას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარული საქმიანობა – სახელმწიფო ვეტერინარული ლიცენზიის მქონე კერძო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვეტერინარიის სფეროში განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ცხოველთა მკურნალობას, ვეტერინარულ-ლაბორატორიულ კვლევას, ცხოველებით, ცხოველთა საკვებით (საკვებდანამატებით), ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით (ნედლეულით) ვაჭრობას და მათზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებას;

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები – ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ნედლეული);

გ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა – ადგილებზე მუდმივი მეთვალყურეობის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს დასნებოვნებული ცხოველების გადაყვანის, არაკეთილსაიმედო ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (ნედლეულის) დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას;

დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტ-ნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზის პროდუქტები, თაფლი და მეფუტკრეობაში წარმოებული პროდუქტები;

ე) ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები;

ვ) ცხოველთა საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.

2. ამ კანონში სხვა ტერმინები გამოიყენება „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლსა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობებით.

თავი II

ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანო

    მუხლი 3. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები

ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება:

ა.ა) ვეტერინარულ აფთიაქებში;

ა.ბ) ვეტერინარულ კლინიკებში;

ა.გ) ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტებში;

ა.დ) ვივარიუმებში;

ა.ე) ცხოველთა სასაკლაოებზე;

ა.ვ) სანიტარიულ ჩეხურ ორმოებში;

ა.ზ) ცოცხალი ძუძუმწოვარა ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთა ცხოველის სარეალიზაციო ობიექტებში;

ა.თ) ზოოლოგიურ მაღაზიებში;

ა.ი) ცხოველთა სასტუმროებში;

ა.კ) ცხოველთა ვოლიერებში;

ა.ლ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (ქარხნების) ვეტერინარული კონტროლის სამსახურების მიერ;

ა.მ) ბაზრებთან, ბაზრობებთან და სხვა სავაჭრო ობიექტებთან მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ვეტერინარული ლაბორატორიების) მიერ;

ა.ნ) ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საამქროების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების მიერ;

ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოება.

    მუხლი 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქართველოს ტერიტორიაზე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ჟ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.

    მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ნორმატიული აქტით.

თავი III

ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

    მუხლი 6. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და ლიცენზიის გაცემის წესი

ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ლიცენზირებადი საქმიანობის სახეზე, რომელზედაც საჭიროა ლიცენზია.

ლიცენზიის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ლიცენზიის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:

ა) საბუთი ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) მწარმოებელი საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) პროფილის მიხედვით მომუშავე სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების საფუძველზე.

2. თუ ადგილზე შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზია არ გაიცემა.

თავი IV

ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება. ლიცენზიის გაუქმება

    მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. ვეტერინარულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ვეტერინარიის კანონმდებლობით, მათ შორის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 9. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

2. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების შემდგომ პერიოდში.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების რეგულირება, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17–მე-18 მუხლების შესაბამისად.

თავი V

სანებართვო საქმიანობის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანო

    მუხლი 10. სანებართვო საქმიანობის სახეები

სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის, ტყავი, მატყლი, ქურქ-ბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი და ტრანზიტი;

გ) ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი და ტრანზიტი;

დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი.

    მუხლი 11. ნებართვის გამცემი ორგანო

საქართველოს ტერიტორიაზე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ო.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.

    მუხლი 12. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ნორმატიული აქტით.

თავი VI

ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

    მუხლი 13. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს საბუთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნის და ტრანსპორტირების მარშრუტის თაობაზე, ხოლო ტვირთის პარტიების სახით იმპორტირების შემთხვევაში – აგრეთვე თითოეული პარტიის რაოდენობისა და შემოტანის ვადის შესახებ.

2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული, საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობისას და გარანტირებული ვეტერინარული მოთხოვნების შესრულებისას.

3. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ტრანზიტზე ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წერილობითი თანხმობა.

    მუხლი 14. ნებართვის მოქმედების ვადა

ნებართვა გაიცემა ერთჯერადად.

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა ითვლება უკანონოდ.

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2424-IIს