„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.09.1999 ძალადაკარგული 07.03.2000
გამომცემი ორგანო
ნომერი
№562
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49(56), 06/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №562

1999 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის სამსახური (ცენტრი).

2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში და ჩამონათვალს დაემატოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის სამსახური (ცენტრი).

3. დამტკიცდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის სამსახურის (ცენტრი) დებულება.

ე. შევარდნაძე

სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრის დებულება

I. ზოგადი ნაწილი

1. სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი) შექმნილია სახელმწიფო მართვის შემდგომი დემოკრატიზაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფოს მართვაში მათი ორგანიზებული და აქტიური მონაწილეობის, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მოთხოვნების სისტემური ანალიზისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის მიზნით.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. ცენტრი თავის საქმიანობაში ითვალისწინებს მთავრობასა და საზოგადოებას შორის ცივილური ურთიერთობის, სახელმწიფო მართვაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის აქტიური მონაწილეობის საერთაშორისო გამოცდილებას, შესაბამის აქტებსა და რეკომენდაციებს, აქტიურად თანამშრომლობს ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

4. ცენტრის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ცენტრი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფია.

 

II. ცენტრის ამოცანები

5. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას, მასმედიას შორის ცივილური დიალოგისა და საქმიანი თანამშრომლობის, ნდობაზე აგებული ურთიერთობების საზოგადოებრივ ნორმად გადაქცევის პროცესის ხელშეწყობა;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უფრო მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

გ) თავისუფალი მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა და მასთან აქტიური თანამშრომლობა;

დ) სახელმწიფოს მართვაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა, ხელისუფლების ოპერატიულ და სტრატეგიულ მოქმედებათა კურსის განსაზღვრისას მათი აზრებისა და წინადადებების მაქსიმალური გათვალისწინება;

ე) ქვეყნის მართვისა და მიმდინარე პროცესებისათვის სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდის აქტიური მხარდაჭერა;

ვ) საზოგადოების სხვადასხვა ფენების აზრების, მოთხოვნების, სურვილების სისტემური ანალიზი, სახელმწიფოს მართვაში მათი გათვალისწინება, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;

ზ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ფორმირების პროცესის სრულყოფა;

თ) მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების თვისებრივი სრულყოფის შედეგად ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კონკრეტული პოზიტიური შედეგების მიღწევა.

 

III. ცენტრის ფუნქციები

6. ცენტრი თავისი ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) აყალიბებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის სისტემას და უზრუნველყოფს მის ეფექტიან ფუნქციონირებას;

ბ) ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასმედიასთან თანამშრომლობის შეთანხმებული სტრატეგიისა და მისი განხორციელების პროგრამების შემუშავებას, კოორდინაციას უწევს ამ პროცესებს;

გ) ამზადებს სახელმწიფო მართვის შემდგომი დემოკრატიზაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის, ერთაშორის ურთიერთობის, რელიგიისა და სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადასხვა საკითხებზე კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს;

დ) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის, მოქალაქის სამართლებრივ უფლებათა დაცვას;

ე) სწავლობს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენების მოთხოვნებს, ინტერესებს, სურვილებს, ახდენს მათ ანალიზსა და სისტემატიზაციას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ ნიადაგზე წარმოშობილი, პოტენციური დაძაბულობისა და შესაძლო კონფლიქტების პროგნოზირებას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლისათვის ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, უზრუნველყოფს მთელი ამ პროცესის სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვასა და მართვას;

ვ) უფლებამოსილების სფეროში კონტროლს უწევს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულებას, აღნიშნულის შესახებ ახდენს მათ სისტემატურ ინფორმირებას;

ზ) აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ოპერატიული და სტრატეგიული დღის წესრიგების შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების აზრები და წინადადებები;

თ) აღმასრულებელი ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებასთან სისტემური, ორგანიზებული და ეფექტიანი თანამშრომლობისათვის ქმნის ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ თანამედროვე ინფორმაციულ ბაზას, ახდენს ამ ინფორმაციის სისტემატიზაციას, ანალიზს, ფილტრაციას და განახლებას;

ი) ახდენს საზოგადოებრივი აზრის შესწავლას სახელმწიფოს მართვის, ქვეყნის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საკითხებზე, აქტიურად თანამშრომლობს ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს სოციოლოგიური გამოკვლევების შემდგომ გაფართოებას, აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას;

კ) სახელმწიფო მართვის, ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების, მისი მოთხოვნებისა და ინტერესების სრულყოფილი გათვალისწინების მიზნით უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა სხვადასხვა ფენების, მასმედიის წარმომადგენელთა სისტემატურ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრთან და მთავრობის წევრებთან, სრულყოფს ამ შეხვედრების მექანიზმსა და ქმედითობას; სისტემატურად აწვდის სათანადო ინფორმაციულ მასალებს საქართველოსა და საზღვარგარეთის მასმედიას, მ.შ. სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით;

ლ) ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით ახდენს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების და მათი მუშაობის კოორდინაციას სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის, ამ ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების, დემოკრატიზაციისა და უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებზე;

მ) პერმანენტულად სრულყოფს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის მიმდინარე და პერსპექტიულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, აქტუალური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა საკითხებზე ფართო საზოგადოებისა და მათი ცალკეული ჯგუფების შესაძლო რეაქციის პროგნოზირების, შესაბამისი ინფორმაციისა და რეკომენდაციების ოპერატიულად მიწოდებისა და რეაგირების სისტემას;

ნ) კონკრეტული ღონისძიებებითა და რეკომენდაციებით სტიმულს აძლევს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ახალი, ცივილური და შედეგიანი ფორმების განვითარებას, რაც არსებითად შეუწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტის ამაღლებას;

ო) აქტიურად უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოების ახალ წამოწყებებს ქვეყნისა და სახელმწიფო მართვის შემდგომი დემოკრატიზაციის, ცენტრალურ, მუნიციპალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კონკრეტული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის, ამ სფეროში მართვის დეცენტრალიზაციისა და ხელისუფლების ფუნქციათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე დელეგირების საკითხებზე;

პ) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებში მოქალაქეებთან ურთიერთობის, მათი წერილების ანალიზისა და მათზე რეაგირების სისტემის სრულყოფის კონკრეტულ წინადადებებს და ხელს უწყობს მათ განხორციელებას. ახდენს მოქალაქეთა პრობლემების, განზოგადებას, აუცილებელ შემთხვევებში უზრუნველყოფს მათთვის საზოგადოებრივი ჟღერადობის მიცემას;

ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების მასმედიაში გამოქვეყნებული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ხასიათის პუბლიკაციების შესახებ ანალიტიკური საინფორმაციო მასალის ოპერატიულ მიწოდებას, მათ ყოველდღიურ მონიტორინგს;

რ) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში გამოთქმული შენიშვნებისა და დაპირებების, მათზე რეაგირებისა და მათი შესრულების სისტემატიზაციასა და ანალიზს;

ს) სწავლობს, აანალიზებს და განაზოგადებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, არსებული წესის ფარგლებში ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან. ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად კოორდინაციას უწევს ამ სფეროში საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას;

ტ) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარებას, ხელისუფლებასთან მათი ურთიერთობის შემდგომ დემოკრატიზაციას მხარეებში, ქალაქებსა და რაიონებში, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ამუშავებს მიზნობრივ პროგრამებს და ხელს უწყობს მათ განხორციელებას.

 

IV. ცენტრის უფლებამოსილებანი

7. ცენტრი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისაგან;

ბ) მიაწოდოს კონკრეტული რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადოს და პრეზიდენტთან არსებულ საინვესტიციო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინოს ტექნიკური დახმარების საპროექტო წინადადებები;

დ) გამოსცეს საინფორმაციო ბიულეტენი, მეთოდური და სხვა სახის მასალა;

ე) გამოვიდეს სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, ერთაშორის ურთიერთობათა განვითარების და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციათა სხვა საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობის ინიციატორად და ორგანიზატორად;

ვ) ხელი შეუწყოს ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის სისტემატურ ამაღლებას.

8. ცენტრი კოორდინაციას უწევს სამოქმედო საკოორდინაციო-ანალიტიკური ჯგუფის, სოციოლოგიური სამსახურის, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების, ეროვნებათშორის ურთიერთობათა განყოფილების, მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილების, რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების და პრეზიდენტის პრესსამსახურის მუშაობას.

 

V. ცენტრის მართვა

9. ცენტრს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით უშუალოდ ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრი; ის ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, განსაზღვრავს მისი მუშაობის სტრატეგიასა და პოლიტიკას, აკონტროლებს და აფასებს მთლიანად ცენტრისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას სთავაზობს შესაბამის წინადადებებს სახელმწიფო მართვის შემდგომი დემოკრატიზაციის, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას და მასმედიას შორის ურთიერთობათა განვითარების კონკრეტულ საკითხებზე.

10. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

11. სახელმწიფო მინისტრი ცენტრის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით ნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეებს.

12. სტრუქტურული ქვედანაყოფების უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებენ ამ ქვედანაყოფების უფროსები; ისინი თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან კანონით დადგენილი წესით.

13. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია ცენტრისა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით; ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი.

14. ცენტრის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ინსტიტუციური რგოლია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო საბჭო.

 

VII. ცენტრის რეორგანიზაცია

15. სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის პროცესის მართვის სისტემის შემდგომი სრულყოფისა და ქმედითობის ამაღლების მიზნით დასაშვებია მისი რეორგანიზაცია.

16. ცენტრის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებით გათვალისწინებული წესით.