საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.08.2005 ძალადაკარგული 08.08.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 26/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №719

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენე­რა­­ლური შტაბის თანდართული დებულება.

მ. სააკაშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერა­ლური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართვე­ლოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

2. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელ­მძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქარ­თველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარა­ღებული ძა­ლების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებ­რივი აქტებით.

3. გენერალურ შტაბს აქვს ემბლემა, გერბიანი ბე­ჭე­დი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.

თავი II. გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 2

გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართუ­ლებების განსაზღვრა;

ბ) არსებული სახეობების ბაზაზე შეიარაღებული დაჯ­გუფების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების მონი­ტორინგი;

გ) შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომ­ზადების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების მონიტორინგი;

დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მო­ნაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გა­დამზადების საკითხების გადაწყვეტა;

ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგ­მების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების მართვა;

ზ) რეზერვის მომზადებისა და გამოყენების კოორ­დინაცია;

თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალე­ბის მართვა და კონტროლი;

ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნ­ველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორ­ციელების კონტროლი;

კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეია­რაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალე­ბითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინა­დადებების მომზადება და თავდაცვის სამინისტრო­სათვის წარდგენა;

ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების უზრუნველყოფა და კონტროლი;

მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავე­ბაში მონაწილეობა;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო საქ­მია­ნობის განხორციელება.

თავი III. გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა

    მუხლი 3

1. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალუ­რი შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარ­სარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ნატოს სამხედრო კომი­ტეტსა და კოალიციაში.

2. გენერალური შტაბის უფროსს თავდაცვის მინის­ტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვა­და თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს ერთი წლით.

4. გენერალური შტაბის უფროსს ჰყავს ორი მოად­გი­ლე, რომელთაც გენერალური შტაბის უფროსის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მი­ნისტრი.

5. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეების ფუნქციებს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზ­ღვრავს გენერალური შტაბის უფროსი.

6. გენერალური შტაბის უფროსის არყოფნის შემ­თხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 4

1. გენერალური შტაბის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამო­ყენების ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზა­დების კონტროლს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და თავდაცვის მინისტრს წარუდ­გენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარა­ღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამხედ­რო ტექნიკისა და შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

გ) პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების საბ­რძოლო მზადყოფნისათვის საქართველოს პრეზიდენ­ტისა და თავდაცვის მინისტრის წინაშე;

დ) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ სახეობათა შტაბებს;

ე) ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების შტაბებში, შენაერთებში, ნაწილებსა და სამხედრო დაწესებულებებში საბრძოლო სწავლებისა და მზადყოფ­ნის ღონისძიებებს;

ვ) გეგმავს და აკონტროლებს სამხედრო კადრების მომზადებასა და სამხედრო განათლების კონცეფციების შემუშავებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს საკადრო საკითხებს;

თ) ამტკიცებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხებს;

ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ რეკომენდაციებს.

2. გენერალური შტაბის უფროსი მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს:

ა) სახმელეთო ჯარებს;

ბ) სამხედრო-საზღვაო ძალებს;

გ) სამხედრო-საჰაერო ძალებს.

თავი IV. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ამოცანები

    მუხლი 5

1. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყო­ფებია:

ა) J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;

ბ) J-2 დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

დ) J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი;

ე) J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი;

ვ) J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი;

ზ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

თ) გენერალური შტაბის აპარატი;

ი) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

კ) ვერიფიკაციის სამმართველო;

ლ) ეროვნული გვარდია;

მ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებები;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარ­ტა­მენ­ტი;  

ო) სამხედრო დაზვევრვის დეპარტამენტი.

2. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანა­ყოფები ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:

ა) J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორ­ციელებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკას და ხელმძღვანელობს მობილიზაციას;

ბ) J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგ­მებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგ­როვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახუ­რებისათვის მიწოდებას;

გ) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორ­ციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას;

დ) J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის დაგეგმვას;

ე) J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პო­ლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლი­ტიკასა და სამომავლო ოპერაციებს, კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათ­ვის” პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებუ­ლი ძალების სახეობათა და შეიარაღებული ძალების სა­მო­მავლო სტრუქტურებსა და მათი განვითა­რების კონცეფციებს;

ვ) J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი უზრუნ­ველყოფს თავდაცვის სამინისტროს მუდმივი, უწყვეტი, ფარული და მდგრადი კავშირით, კავშირგაბმულობის კომუნიკაციებით, ნერგავს ტექნიკურ სიახლეებს;

ზ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს;

თ) გენერალური შტაბის აპარატი უზრუნველყოფს გე­ნერალური შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორ­დინაციას;

ი) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციე­ლებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სა­მი­ნის­ტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამო­ძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

კ) ვერიფიკაციის სამმართველო „ევროპაში ჩვეულებ­რივი შეიარაღებული ძალების შესახებ” შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებისა და ტექნიკის ინსპექტირებას;

ლ) ეროვნული გვარდია გენერალური შტაბის შესა­ბამისი მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებს ეროვნუ­ლი გვარდიისა და საერთო საჯარისო რეზერვის მომზადე­ბასა და გადამზადებას;

მ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებები გენერა­ლური შტაბის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორ­ციელებენ შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო კადრების მომზადებას;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარ­ტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატე­რიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

ო) სამხედრო დაზვევრვის დეპარტამენტი ახორ­ციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსა­ლოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში.

თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 6

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.