საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.09.2005 ძალადაკარგული 24.11.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 115, 30/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2005 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, 24-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად:

1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატა­ციის ნებართვებს გასცემს საქართველოს ტექნიკური ზედამხედვე­ლობის სახელმწიფო ინსპექცია.

2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გა­მოყენების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართ­ვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექ­ნი­კური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატე­ბით წარუდგენს:

ა) ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;

ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ფეთქე­ბადი მასალების გამოყენების შესახებ.

3. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნე­ბართ­ვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური ზედამ­ხედ­ველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატებით წარუდგენს სამუშაოთა წარმოების პროექტს (სამთო საწარმოსათვის – საბადოს დამუშავების პროექტი და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმა).

4. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კანონმდებლობის შესა­ბამისად გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (საექსპლუატაციოდ ახლად გადასაცემი საშიში საწარმოო ობიექტებისათვის) საფუძველზე, რომელსაც “ერთი სარკმლის” პრინციპის საფუძველზე მოიპოვებს ნებართვის გამცემი, რაც ნებართვის მაძიებელს არ ართმევს უფლებას თვითონ მოიპოვოს აღნიშნული დასკვნა.

5. სამეწარმეო დანიშნულების ფეთქებადი მასალების თვისებრიობისა და საშიში საწარმოო ობიექტების საწარმოო-ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით ნებართვის მაძიებ­ლის მოთხოვნის საფუძველზე მასალის გამოყენებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვების მოქმედების ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი სანე­ბართ­ვო მოქმედების არსის ან/და განსახორციელებელი ტექნი­კუ­რი პროცესების გათვალისწინებით.

6. სამეწარმეო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, ტრანსპორტირებისა და საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვების გაცემის შესახებ სამ დღეში ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურს. ცნობაში მითითებულ უნდა იყოს საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობა, ფეთქებადი მასალის ოდენობა, შენახვის პირობები, ტრანსპორტირების მარშრუტი, ტექნოლოგიური პირობების მოკლე ანოტაცია, ასევე საწარმოს საკონტაქტო პირის მონაცემები და ტელეფონი.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი