საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.11.2005 ძალადაკარგული 19.09.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 24/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბამისად დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს დებულება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმო­ების ნებართვის გაცემის პროცესს – განსაზღვრავს ნებარ­თვის გამცემ ორგანოს, წესსა და პირობებს.

2. დებულების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ორგანო

საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას გასცემს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქარ­თველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).

    მუხლი 3. ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს განცხადებას. განცხადების ფორმა და შინაარსი, აგრეთვე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა ნებართვის გამცემს დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში და რა სახის საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დროიდან, რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება საავიაციო სამუშაოები;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლს;

დ) ნებართვის მაძიებლის სამოქალაქო პასუხის­მგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს (როდესაც მაძიებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველია), მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;

ე) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს (თუ ნებართვის მაძიებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველია).

    მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ნებართვის გამცემი.

    მუხლი 5. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 6. ნებართვის მოქმედების ვადა

საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა უვადოდ.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

დ ებულების ამოქმედებიდან საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.