თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.07.2003 ძალადაკარგული 30.12.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№372
სარეგისტრაციო კოდი
340150000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 01/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №372

2003 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ

ყველა მარკის ფილტრიანი სიგარეტისათვის ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონის დადგენისა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებისა და სხვა ინფორმაციის დატანის მიზნით:

1. 2005 წლის 1 იანვრიდან თავისუფალ ბრუნვაში გამოშვებულ სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს:

ა) ნიკოტინისათვის – 1 მგ ერთ სიგარეტზე;

ბ) ფისისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე;

გ) ნახშირჟანგისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე.

2. 2005 წლის 1 იანვრიდან სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა განისაზღვროს საქართველოში დადგენილი წესით მიღებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით:

ა) ისო 8243-91 „სიგარეტები. სინჯის აღება“;

ბ) ისო 4387-91 „სიგარეტები, სიგარეტის კვამლში ტენიანი და ნიკოტინის არშემცველი მშრალი კონდენსატის (ფისის) შემცველობის განსაზღვრის მეთოდი ლაბორატორიული მოსაწევი აპარატის დახმარებით“;

გ) ისო 10315-91 „სიგარეტები. ნიკოტინის შემცველობის განსაზღვრა კვამლის კონდენსატში. გაზოქრომატოგრაფიული მეთოდი“;

დ) ისო 8454-95 „სიგარეტები. კვამლის გაზურ ფაზაში ნახშირჟანგის შემცველობის განსაზღვრა არადისპერსიული ინფრაწითელი ანალიზატორის დახმარებით“.

3. სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა, განსაზღვრული პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა იყოს დატანილი სიგარეტის შეფუთვის ერთ გვერდზე სახელმწიფო ენაზე, იმდაგვარად, რომ მან უნდა დაფაროს შესაბამისი ზედაპირის სულ ცოტა 10 პროცენტი.

4. 2005 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის თითოეული შეფუთვა უნდა შეიცავდეს ზოგად გაფრთხილებებს და დამატებითი გაფრთხილებებიდან რომელიმეს:

ა) ზოგადი გაფრთხილებები:

ა.ა) მოწევა კლავს, მოწევამ შეიძლება მოკლას;

ა.ბ) მოწევა გაყენებთ სერიოზულ ზიანს თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ.

გაფრთხილებები უნდა იყოს დაბეჭდილი თითოეული შეფუთვის უფრო გამოსაჩენ ნაწილზე და ყოველგვარ გარე შეფუთვაზე, გარდა დამატებითი გამჭვირვალე სახვევისა, რომელიც გამოიყენება ნაწარმის საცალო გაყიდვაში.

ბ) დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ბ.ა) მწეველები კვდებიან ადრე;

ბ.ბ) თამბაქოს მოწევა იწვევს არტერიების დახშობას, გულის შეტევებსა და ინფარქტს;

ბ.გ) თამბაქოს მოწევა იწვევს ფილტვების კიბოს;

ბ.დ) თამბაქოს მოწევა ორსულობისას საზიანოა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის;

ბ.ე) გაუფრთხილდით ბავშვების ჯანმრთელობას: ნუ აიძულებთ თქვენს მიერ მონაწევი თამბაქოს კვამლით ისუნთქონ;

ბ.ვ) ექიმი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ თამბაქოს მოწევას;

ბ.ზ) მოწევით ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება თამბა­ქოსადმი; ნუ დაიწყებთ მოწევას;

ბ.თ) თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვნად ამცირებს გულისა და ფილტვების სასიკვდილო დაავადებების განვითარების რისკს;

ბ.ი) თამბაქოს მოწევა ნელი და მტანჯველი სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს;

ბ.კ) შეიძლება მოწევისათვის თავის დასანებებლად მიმართოთ ექიმს;

ბ.ლ) თამბაქოს მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას;

ბ.მ) თამბაქოს მოწევამ შეიძლება გავლენა იქონიოს სპერმაზე და დააქვეითოს ფერტილობის დონე.

5. ზოგადმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 30 პროცენტი.

დამატებითმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 40 პროცენტი.

6. გაფრთხილების ტექსტი და მავნე ნივთიერების შემცველობის დონე უნდა იყოს:

ა) სახელმწიფო ენაზე;

ბ) დაბეჭდილი შავი მსხვილი შრიფტით თეთრ ფონზე;

გ) ნუსხური ასოებით;

დ) შეფუთვის ზედა ნაპირის პარალელურად, ფართობის ცენტრში.

7. ტექსტის დაბეჭდვა ცალკეული შეფუთვის აქციზურ მარკაზე იკრძალება. ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს იმდაგვარად, რომ მისი წაშლა შეუძლებელი იყოს. ის ასევე არ უნდა იყოს დაფარული, წარეცხილი ან არ უნდა წყდებოდეს სხვა წარწერით, ან გამო­სახულებით, ანდა შეფუთვის გახსნისას.

8. იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად თამბაქოს ნაწარმი უნდა იყოს დადგენილი წესით ნიშანდებული.

9. 2004 წლის 1 იანვრიდან ტექსტები, დასახელებები, სავაჭრო ნიშნები ან სხვა ნიშნები, რომლებიც იტყობინებიან, რომ მოცემული თამბაქოს ნაწარმი ნაკლებად მავნეა, ვიდრე სხვა, არ უნდა იქნეს გამოყენებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე.

10. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჯანიკაშვილი), ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, 2004 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმზე ეროვნული სტანდარტის მიღება და გამოქვეყნება.

ე. შევარდნაძე