სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.05.2009 ძალადაკარგული 30.03.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 61, 19/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართ­ველოს კანონის 29-ე მუხლისა და “საქართველოს მთავრობის რეგ­ლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ 58-ე მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო – ჰარმონიზაციის ცენტრი (შემდგომში – საბჭო) შემდე­გი შემადგენლობით:

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯ­დომარე

ვალერიან გვათუა – ქ. თბი­ლისის მერიის საქალაქო სამ­სახურის კანონიერების დაცვის გე­ნერალური ინსპექციის უფროსის პირ­­ველი მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსი

არჩილ შარვაშიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტ­როს სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულების – გენერალური ინს­პექ­­ციის უფროსი, საბჭოს სამდივ­ნოს უფ­როსი

გიორგი ჩალაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მო­ადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინის­ტ­რის მოადგილე.

2. დამტკიცდეს სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლ­თან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილ­ველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის თანდართული დებუ­ლება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუ­დი­ტ­თან და­კავ­შირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარ­მონი­ზაციის ცენტრის (შემდგომში – საბჭო) ძირითადი ფუნქ­ციები და ამო­ცანებია:

ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდი­ტის სფეროში შესაბამისი მეთოდოლოგიის, სტანდარტე­ბი­სა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ყველა საბიუჯეტო დაწესებულებასა და ადგილობრივი თვითმმართველო­ბის ორგა­ნო­სათვის;

ბ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორულ ორგა­ნოებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და შიდა აუდი­ტის განმახორციელებელი სპეციალური ქვედანაყოფების მუშაო­ბის ანალიზის შედეგად შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სტანდარტების მუდმივი განახლება და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმწიფო მიზნებთან;

გ) შიდა აუდიტორებისათვის უწყვეტი პროფესიული გან­ვითარების გეგმის შემუშავება; სათანადო ფინანსური უზრუნ­ველ­ყოფის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის თვალსაზრისით;

დ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდი­ტის განსახორციელებელი ყოველწლიური გეგმის შემუშა­ვება;

ე) სახელმწიფო შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა საჯარო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთი­ერ­თო­­ბების დამყარება და კოორდინაცია;

ვ) „საჯარო სექტორის შიდა აუდიტის სასერტიფი-კატო გა­მოცდის ჩატარებისა და ორგანიზების პროცედურებისა და მე­თო­დების შესახებ” ინსტრუქციის შემუშავება;

ზ) სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი პრო­ექ­ტების შემუშავება;

თ) ცალკეულ საბიუჯეტო დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის განხორციე­ლე­ბის უფლებამო­სი­ლებით აღჭურვილი სტრუქტურული ქვედა­ნაყოფების (ერთე­უ­ლების) მუშაობის კოორდინაცია;

ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდი­ტის განმახორციელებელ ქვედანაყოფთა მიერ გატარებული სა­მუშაოს თაობაზე ინფორმაციის საქართველოს მთავრობი­სათვის წარდგენა;

კ) შიდა აუდიტორების ეთიკის კოდექსის პროექტის შემუ­შავება;

ლ) საბჭოს ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებებისა და დას­კვ­ნების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

    მუხლი 2. საბჭოს დაკომპლექტება, ხელმძღვანელობა და სხდომის გამართვის წესი

1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. საბჭოს წევრები, მათი თანხმობით, შესაძლებელია ასევე იყვნენ სხვა პირები, მათ შორის ექსპერტები და სპეცია­ლისტები.

2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომე­ლიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს სამდივნოს უფ­როსი.

4. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სამდივნოს უფროსის გადაწყვეტილებით. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა.

5. საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც უნდა ასა­ხავდეს სხდომაზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადა­წყვეტილებებს. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოით­ხოვოს თავისი განსხვავებული აზრის აღნიშვნა სხდომის ოქმში.

    მუხლი 3. საბჭოს სამდივნო

1. საბჭოს აქვს სამდივნო, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

2. საბჭოს სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო) ხელმ­ძღ­ვანელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახე­ლ­მ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გენერალური ინსპექციის უფრო­სი – სამდივნოს უფროსი.

3. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს სამდივნოს უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯა­რო მოსამსახურეთაგან.

4. სამდივნო ვალდებულია შეასრულოს საბჭოს თავმჯდო­მარისა და სამდივნოს უფროსის დავალებები.

5. სამდივნო ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების მომ­ზადებასა და გამართვას. სამდივნო პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

6. სამდივნოს კომპეტენციაა ყველა იმ ორგანიზაციული სა­კითხის მოგვარება, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციო­ნი­რებისათვის.

    მუხლი 4. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 5. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველ­ყოფას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინს­პექცია.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შე­ტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.