საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.05.2004 ძალადაკარგული 24.11.2005
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
010320080.11.106.006489
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 14/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.11.106.006.489

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №543

2004 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წ., №21).

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

 1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

ბ) სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;

გ) ამბულატორიული და სტაციონარული (სასწრაფო, გეგმური) დახმარების გაწევის ორგანიზება;

დ) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;

ე) პატიმარ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევებით და აცრებით უზრუნველყოფა;

ზ) ტუბერკულოზის პროფილაქტიკის მიზნით პატიმართა და მსჯავრდებულთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის, ფლუროგრაფიის, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის და დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება;

თ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება და კონტროლი;

ი) მსჯავრდებულთა საკარანტინო განყოფილებაში სავალდებულო სამედიცინო შემოწმების და კომპლექსური სანიტარიული დამუშავების კონტროლი;

კ) მსჯავრდებულთა კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;

ლ) მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვა და ანალიზი სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალთა და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, კლინიკური შეცდომებისა და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

მ) თანამედროვე მიღწევების და მკურნალობის მეთოდების სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებების პრაქტიკაში დანერგვა;

ნ) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის და მკურნალობის ორგანიზაცია და კონტროლი;

ო) იუსტიციის მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა სპეციალური სამედიცინო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის (დაავადების სიმძიმის გამო პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება) გავრცელების მიზნით;

პ) იუსტიციის მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა ნარკოლოგიური კომისიის შექმნის თაობაზე.

ჟ) ანტიტუბერკულოზური (დოტს-ის) პროგრამით მომუშავე საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

რ) წინადადებების შემუშავება სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით მომარაგების თაობაზე;

ს) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

ტ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა, სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;

უ) წერილების, წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვა და შესრულების კონტროლი;

ფ) გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება;

ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

2. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება პერსპექტიული სამუშაო გეგმის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში.

    მუხლი 3. სამედიცინო დეპარტამენტის ფუნქციები

 1. სამედიცინო დეპარტამენტი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობას, დასმული ამოცანების გადასაჭრელად განსაზღვრავს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს სამეცნიერო-საკონსულტაციო მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით და მონაწილეობს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

გ) სტიქიური უბედურების, შიმშილობის და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის;

დ) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას;

ე) ამყარებს ურთიერთობებს ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალური, ტექნიკური და საინფორმაციო დახმარების მიღების მიზნით.

2. ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს სამსახურების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტის მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მომსახურებისათვის პრემიის დანიშვნის თაობაზე;

ზ) მინისტრის წინაშე სვამს საკითხს მოსამასახურეთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, აღდგენის, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

კ) ახორციელებს ამ დებულებებით მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის დეპარტამენტის უფროსი პასუხს აგებს მინისტრის და კურატორი მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე 6 თვეში ერთხელ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მოშაობის შესახებ.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის საქმიანობას თავისი ფუნქციის ფარგლებში, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის დავალებებს და მითითებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

6. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

7. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილეების დავალების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.

დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით.

8. დეპარტამენტის სპეციალისტი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს. პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე.

9. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.