აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.114.004.739
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება№232
2001 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 2 ნოემბრის №475 ბრძანებულების “საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს შექმნის შესახებ” მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი
აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო (შემდგომში – ბიურო) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, ემბლემა, დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების ანგარიშები შესაბამის მომსახურე ხაზინაში.
3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2. ბიუროს ამოცანები
ბიურის ძირითადი ამოცანებია:
ა) აქციზური საქონლის მიწოდების აღრიცხვასა და გადასახადების ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე მონიტორინგი;
ბ) აქციზური საქონლის საქართველოს საგადასახადო სივრცეში აღრიცხვიანობის, დაბეგვრის და რეალიზაციის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მისი კომპეტენციის ფარლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
გ) აქციზური საქონლის აღრიცხვისა და დაბეგვრის კოორდინაცია და ანალიზი;
დ) დასკვნებისა და წინადადებების მომზადება აქციზური საქონლის მიხედვით საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ე) ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, მიმოქცევაში არსებული აქციზური საქონლის მონიტორინგი.
მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები
ბიურო, მასზე დაკისრებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად, აქციზური საქონლის აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის მიზნით უფლებამოსილია:
ა) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს და გაეცნოს ინფორმაციას, მოქმედი კანონმდებლობით ინფორმაციის მიღებისათვის დადგენილი წესის გათვალისიწინებით.
ბ) ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაადგილებაზე დაკვირვება;
გ) შეიმუშაოს წინადადებები დასაბეგრი აქციზური საქონლის აღრიცხვის სრულყოფის შესახებ.
დ) მიიღოს მონაწილეობა ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადებასა და მათ განხილვაში;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს აქციზურ საქონელზე შემოღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემისა და ანგარიშგების ორგანიზება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელოს სამომხმარებლო ბაზარზე აქციზური საქონლის რეალიზაციაზე დაკვირვება და არსებული დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის შესაბამის ორგანოებს.
თ) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხველი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი.
მუხლი 4. ბიუროს საქმიანობის ორგანიზაცია
1. ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ბიუროს უფროსის წარდგინებით.
3. ბიუროს სხვა თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
4. ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ბიუროს საქმიანობას;
ბ) მოქმედებს ბიუროს სახელით და წარმოადგენს ბიუროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თუ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) საგადასახადო შემოსავლების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას;
ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ბიუროს საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის დაცვას;
ზ) პერსონალურად პასუხისმგებელია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წინაშე და ანგარიშვალდებულია დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
თ) ბიუროს უფროსი ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის.
5. ბიუროს სხვა თანამდებობის პირები:
ა) ბიუროს უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს;
ბ) ერთ-ერთი მოადგილე ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის დავალებით ცვლის მას და ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას, ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა
ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის მონიტორინგს სახეობების მიხედვით. აღნიშნულ სამმართველოში შედის ოთხი განყოფილება:
ა) ნავთობპროდუქტების მონიტორინგის განყოფილება;
ბ) თამბაქოს ნაწარმის მონიტორინგის განყოფილება;
გ) ალკოჰოლური ნაწარმის მონიტორინგის განყოფილება;
დ) სხვა აქციზური საქონლის მონიტორინგის განყოფილება.
2. ინფორმაციის დამუშავების ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, რომელიც ახორციელებს შემოსული ინფორმაციის ანალიზს და პროგნოზს ქვეყნის ტერიტორიაზე აქციზური საქონლის გადაადგილების (მოძრაობის) მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ სამმართველოში შედის სამი განყოფილება:
ა) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების განყოფილება;
ბ) ინფორმაციის დამუშავების განყოფილება;
გ) ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილება.
3. რეგიონალური კოორდინაციის განყოფილება, რომელიც ახორციელებს რეგიონებში გაწეული მუშაობის კოორდინაციას.
მუხლი 6. ბიუროს რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. ბიუროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბიუროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.