საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.09.2007 ძალადაკარგული 21.04.2009
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
100020010.22.027.010861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.861

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №309

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება“ ამ ბრძანების დანართის სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 ივნისის №212 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №65, მუხ. 475).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი

დანართი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებებს, ფუნქციებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

2. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით.

3. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

4. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის №87. სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს დაწესებულებებში, პატიმართა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში, ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სწრაფი რეაგირება სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით;

ბ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.

2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) მოიპოვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს იუსტიციის მინისტრის, თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;

გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა და პატიმართა ძებნის ღონისძიებებში;

დ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;

ვ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;

ზ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნას, გამოყენებას და ვეტერინარულ დახმარებას;

თ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას;

ი) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით;

კ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;

ლ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;

მ) ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს;

ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

3. სამსახურის ხელმძღვანელობას წარმოადგენენ:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის შტაბის უფროსი;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში;

დ) სამსახურის უფროსის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;

ე) სამსახურის უფროსის მოადგილე დაცვის დარგში;

ვ) სამსახურის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.

2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:

ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;

გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

დ) განიხილოს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები;

ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია:

ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის;

ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამსახურის საქმიანობას და წარმართოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობა;

გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

დ) გააანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;

ე) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონმდებლობისა და სამსახურებრივი დისციპლინის მოთხოვნათა დაცვა;

ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის შტაბის უფროსი.

    მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილე

სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) წარმართავს და უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობას შესაბამის დარგში;

ბ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, სამსახურის უფროსის დავალებებს.

    მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამსახურის სტრუქტურაშია:

ა) შტაბი;

ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;

გ) №1 საბრძოლო განყოფილება;

დ) №2 საბრძოლო განყოფილება;

ე) №3 საბრძოლო განყოფილება;

ვ) №4 საბრძოლო განყოფილება;

ზ) დასავლეთის განყოფილება;

თ) შტაბის საკომენდანტო ქვეგანყოფილება.

3. შტაბი ხელმძღვანელობს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს წვრთნის პროგრამებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში, აწესრიგებს კავშირგაბმულობისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.

4. სპეციალური დაცვის განყოფილება და საბრძოლო განყოფილებები უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.

5. დასავლეთის განყოფილება ასრულებს სამსახურის ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ნებისმიერი განყოფილება ვალდებულია აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.

    მუხლი 7. სამსახურის დაკომპლექტება

1. მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს.

    მუხლი 8. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები;

ბ) ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები.

2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.