საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1210 „სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.10.2004 ძალადაკარგული 29.11.2005
ნომერი
№1210
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.006726
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 04/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.006.726

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1210

2004 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №359 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

დანართი

სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის დებულება

თავი I. სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის მიზნები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება

    მუხლი 1

1. თითოეულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან 3 წლის ვადით იქმნება კომისია არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ანაზღაურების გარეშე.

2. კომისიის წევრთა შერჩევა ხდება დაინტერესების, აქტიური მუშაობის უნარის, პატიოსნების, ანალიტიკური უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.

3. კომისიის წევრის საცხოვრებელი ადგილი არ შეიძლება დაშორებული იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით.

4. დაუშვებელია კომისიის წევრების ზედიზედ ორზე მეტი ვადით დანიშვნა.

5. კომისიის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თითო წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით სხვა პირები.

6. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოს და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის თანამშრომლები.

7. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

8. კომისია ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.

9. კომისია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და მსჯავრდებულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის, იქ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 3 თვეში ერთხელ აწვდის ინფორმაციას იუსტიციის მინისტრს.

10. კომისიის წევრს უფლება აქვს შეხვდეს მსჯავრდებულებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

    მუხლი 2

1. სასჯელაღსრულების კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის მიზნებია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და მათ საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესების მიზნით ეფექტური და სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება;

ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება;

გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის საზოგადოებრივი მონიტორინგი და შეფასება;

დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ მსჯავრდებულ პირთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, მართლსაწინააღდეგო ქმედებათა გამოვლენა და პროფილაქტიკა;

ვ) სასჯელაღსულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კორუფციისა და თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი ნორმების დარღვევის გამოვლენა;

ზ) სასჯელაღსულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგი.

თავი II. კომისიის მუშაობის წესი

    მუხლი 3

თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

    მუხლი 4

კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

    მუხლი 5

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარე 1 წლის ვადით აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან საჯარო სხდომაზე წევრთა უმრავლესობის მიერ. თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევა შეზღუდული არ არის.

2. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

3. სხდომას იწვევს თავმჯდომარე.

4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს: იუსტიციის მინისტრს, კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს, აგრეთვე კომისიის წევრთა არანაკლებ 1/5.

5. თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს კომისიის საქმიანობას;

ბ) თავმჯდომარეობს სხდომას;

გ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;

დ) უზრუნველყოფს და ზედამხედველობს კომისიის რეკომენდაციათა აღსრულებას;

ე) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას.

6. კომისის სხდომების მომზადებას ხელმძღვანელობს კომისიის მდივანი, რომლის არჩევაც ხდება საჯარო სხდომაზე კომისიის შემადგენლობიდან.

7. კომისიის მდივანი:

ა) ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას;

ბ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას;

გ) ადგენს სხდომის ოქმს.

    მუხლი 6

1. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან:

ა) ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები;

ბ) დაიცვან კომისიის საქმიანობის დადგენილი პროცედურები და ქცევის ნორმები;

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ბ) ნებაყოფლობითი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე;

გ) უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) გარდაცვალება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ვ) მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა;

ზ) კომისიის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ქცევის ნორმების დარღვევა;

თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ სამ წევრს.

4. კომისიის მიერ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებული რეკომენდაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მინისტრს.

    მუხლი 7

1. კომისიის სხდომები ღიაა. კომისიას უფლება აქვს დახურულად გამოაცხადოს სხდომა. სხდომის დახურვის შემთხვევაში მიიღება დასაბუთებული გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

2. სხდომის მასალები ოთხი დღით ადრე დაეგზავნებათ კომისიის წევრებს. ეს წესი არ მოქმედებს საგანგებო სხდომის დანიშვნის დროს.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის 1/3.

4. კომისიის რეკომენდაციის მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრს, თუ იგი არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება წერილობით დაურთოს რეკომენდაციას, რომელიც უნდა წარედგინოს იუსტიციის მინისტრს.

5. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 8

1. თავისი მიზნების განხორციელებისას კომისია უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, სხვადასხვა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით;

ბ) მოახდინოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან კანონდარღვევების ისეთი ფაქტების გამოვლენა, როგორიცაა: მსჯავრდებულ პირთა დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა; წამება ან/და ღირსების შემლახველი მოპყრობა; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლის კანონის დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში მიმართოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოსა და იუსტიციის მინისტრს;

გ) გაუწიოს ზედამხედველობა რამდენად მიზნობრივად და ეფექტურად ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიერ რესურსების გამოყენება. მოითხოვოს თავის მუშაობაში ექსპერტების ჩართვა;

დ) მიიღოს საჩივრები;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამდებობის პირთა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელთა მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე დააყენოს საკითხი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს დისციპლინურ კომიტეტზე;

ვ) წარუდგინოს სათანადო რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელ აღსრულების ორგანოების იმ თანამშრომელთა მიერ კანონის დარღვევის გამო, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია პატიმრებთან და მსჯავრდებულებთან;

ზ) წარუდგინოს რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს ფინანსური მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების შესახებ, შიდა აუდიტის პოლიტიკის, სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის სრულყოფის შესახებ და გონივრულ ვადაში მიიღოს მისგან დასაბუთებული პასუხი;

თ) კონტროლი გაუწიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სახსრებს, რესურსებსა და ოპერაციებს; ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსების გამოყენების მარგი ქმედების ზრდასა და ხარჯების ეფექტურობას; დაწესებულებებში კორუფციის პრევენციისა და მისი გამოვლენის გაადვილებისათვის აუცილებელი ფინანსური მართვისა და კონტროლის, აგრეთვე შიდა აუდიტის სტანდარტებისა და პროცედურების დადგენას;

ი) გაუწიოს მონიტორინგი იუსტიციის სამინისტროს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საჭიროებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;

კ) საქმის განხილვისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებრივ, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურებისაგან, ასევე კერძო პირისაგან მიიღოს საქმისათვის ფასეული ნებისმიერი ინფორმაცია ან გაეცნოს ნივთიერ მტკიცებულებას; აგრეთვე გამოიძახოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურე და ჩამოართვას ახსნაგანმარტება, მოიწვიოს კერძო პირი, რომლისგანაც მოსალოდნელია საქმისათვის ფასეული ინფორმაციის მიღება;

თ) კონტროლი გაუწიოს დაწესებულებათა სახსრებს, რესურსებსა და ოპერაციებს; ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსების გამოყენების მარგი ქმედების ზრდასა და ხარჯების ეფექტურობას; დაწესებულებებში კორუფციის პრევენციისა და მისი გამოვლენის გაადვილებისათვის აუცილებელი ფინანსური მართვისა და კონტროლის, აგრეთვე შიდა აუდიტის სტანდარტებისა და პროცედურების დადგენას;

ი) საქმის განხილვისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებრივ, ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისაგან, საჯარო მოსამსახურისა და კერძო პირისაგან მიიღოს საქმისათვის ფასეული ნებისმიერი ინფორმაცია ან გაეცნოს ნივთიერ მტკიცებულებას; აგრეთვე გამოიძახოს და ახსნაგანმარტება ჩამოართვას ნებისმიერ კერძო პირს ან საჯარო მოსამსახურეს, რომლისგანაც მოსალოდნელია მისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის ფასეული ინფორმაციის მიღება.

    მუხლი 9

1. იუსტიციის მინისტრი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მისი შესრულების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შემთხვევაში წარმოადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.

2. საბჭოს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის დაყენების შემთხვევაში, საბჭოს მოთხოვნით იუსტიციის მინისტრი უშუალოდ ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით უზრუნველყოფს არანაკლებ ორი კვირის ვადით აღნიშნული თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერებას საქმის გარემოებათა საბოლოოდ შესწავლამდე. საქმის გარემოებათა საბოლოოდ შესწავლის ორ კვირაზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი კომისიის მოთხოვნით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ვადით აღნიშნული თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერების ვადის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შემთხვევაში წარმოადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.

თავი III. კომისიის მიერ დისციპლინური დევნის საკითხის დაყენების წესი

    მუხლი 10

1. კომისია იუსტიციის მინისტრის წინაშე დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხს აყენებს შემოსული საჩივრის საფუძველზე ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურის გათვალისწინებით.

2. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

3. საჩივარში მიეთითება:

ა) სამართალდარღვევის ფაქტი (მისი არსი, ჩადენის ადგილი და დრო);

ბ) სამართალდამრღვევის ვინაობა;

გ) მომჩივანის ვინაობა.

4. მოწმეების არსებობის შემთხვევაში საჩივარში აგრეთვე მიეთითება მათი ვინაობა.

5. მომჩივანი პირის მოთხოვნის საფუძველზე დაუშვებელია მისი, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული პირების ვინაობის გამჟღავნება.

    მუხლი 11

1. საჩივარი წარმოებაში მიიღება კომისიაში წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში.

2. კომისია საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში მიიღებს რეკომენდაციას და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს.

3. კომისია უფლებამოსილია უარი განაცხადოს საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, თუ:

ა) დარღვეულია საჩივრის წარდგენის პირობები;

ბ) საქმე სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული;

გ) საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას მომჩივანს მიეცემა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

    მუხლი 12

1. საჩივრის წარდგენიდან 5 დღის ვადაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრის მიღების ან არ მიღების თაობაზე.

2. წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ ან კომისიის წევრის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კომისია 2 კვირის ვადაში იხილავს საქმეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გაზარდოს საქმის განხილვის ვადა.

3. საქმის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს. საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეებს უნდა ეცნობოთ უარის თქმის მიზეზი.

4. კომისია საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნის განხილვის მასალებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან გენერალურ პროკურატურას.

5. კომისია ნიშნავს საქმეზე მოსმენას. მოპასუხე მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოემზადოს მოსმენისთვის.

მოსმენაზე ორივე მხარე უფლებამოსილია წარმოადგინოს მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და მისცეს ჩვენებები, რათა სრულად წარმოაჩინოს საქმის ნამდვილი ვითარება.

6. საფუძვლიანი მოთხოვნის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს საქმის მოსმენაზე გამოიძახოს და ჩართოს მესამე პირები, მიიღოს მათგან ახსნა-განმარტებები და სხვა სახის მტკიცებულებები.

7. თუ ერთი და იგივე ინციდენტი რამდენიმე სუბიექტს შეეხება, ან არსებობს რამოდენიმე საჩივარი ერთი და იმავე პირის მიმართ, მხარეთა თანხმობით კომისიას უფლება აქვთ გააერთიანოს საქმეები.

8. საქმის განხილვისას აღმოჩენილი მტკიცებულებები, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები თან უნდა დაერთოს საქმეს და ხელმისაწვდომი იყოს მოსმენაში მონაწილე მხარეებისთვის.

    მუხლი 13

1. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი და სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ. ინფორმაციის არმიწოდება იწვევს მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას და, საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლებას.

2. პირადი საქმის შემოწმებისა და საქმეში მონაწილე მხარეთა მოსმენის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ წარედგინოს იუსტიციის მინისტრს რეკომენდაცია. დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ რეკომენდაციის წარდგენაზე ინფორმაცია გადაეცემა საქმეში მონაწილე მხარეებს.