„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულებისა და მაგისტრალური მილსადენების პროექტების თანდართული ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.300
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №59
2002 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულებისა და მაგისტრალური მილსადენების პროექტების თანდართული ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”;
2. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია (დანართი I) მაგისტრალური მილსადენების პროექტების თაობაზე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1999 წლის 31 მაისის №59 ბრძანება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”.
4. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში.
5. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
დებულება გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ
კარი I. ზოგადი ნაწილი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზე და რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”
დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” მიღებულია „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
მუხლი 2. დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სუბიექტს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის, მათი შესწავლისა და შეფასების, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ნორმატიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის სფეროში.
მუხლი 3. დებულების სამართლებრივი საფუძვლები
ეს დებულება ეფუძნება საქართველოს კანონებს „გარემოს დაცვის შესახებ”, „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” და „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ”, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე საერთაშორისო კონვენციებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
მუხლი 4. დებულების მიზნები და ამოცანები
1. დებულების მიზნებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების წესის განსაზღვრა და ნორმატიულ-მეთოდოლოგური უზრუნველყოფა;
ბ) საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბუნებრივი ეკოსისტემების, გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის საცხოვრებელი გარემოს, ასევე ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვა სახის საქმიანობის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრიობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური ურთიერთშეთანაწყობის (ჰარმონიული შეხამების) ხელშეწყობა;
2. დებულების ამოცანებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებზე და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენის შესწავლის წესების, პრინციპებისა და მეთოდების დადგენა;
ბ) ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ოპტიმალური საპროექტო გადაწყვეტის გამოვლენა;
გ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლების – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე და, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის მექანიზმის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
დ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინვესტორის, სახელმწიფოსა და საზოგადოებრიობის ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 5. ძირითადი ტერმინების განმარტებანი
1. „გარემოზე ზემოქმედების შეფასება” – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს დაგეგმილი საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ პოტენციურ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებზე და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებზე (მემკვიდრეობაზე) და/ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის).
2. „საქმიანობა“ – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება.
3. „ინვესტორი“ – საქმიანობის სუბიექტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად.
4. „გარემოსდაცვითი ნებართვა“ – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებისა და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.
5. „საკონსულტაციო ფირმა“ – იურიდიული პირი, რომელსაც თავისი წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.
6. „გარემოს დაცვის ნორმები“ – გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები – ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.
7. „მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება“ – ისეთი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომელიც ძირეულად ცვლის საქმიანობის პარამეტრებს და რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავება.
8. „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიალური (ადგილობრივი) ორგანო“ – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანოები, კერძოდ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტი.
9. „საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ დანერგილი და გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის.
10. „გარემო“ – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.
11. „ბუნებრივი გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს.
12. „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.
13. „გარემოს დაცვა“ – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.
14. „დაცული ტერიტორია“ – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება სამართლებრივი აქტის საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.
15. „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
16. „ბიომრავალფეროვნება“ – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.
17. „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით).
კარი II. ძირითადი ნაწილი
თავი II. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპები, ჩატარების წესი და ვადები
მუხლი 6. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპები
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების ინტეგრირებული განხილვა;
ბ) საპროექტო გადაწყვეტათა ვარიანტულობა გარემოსდაცვითი ნორმების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად და ალტერნატიული ვარიანტების განხილვა;
გ) რეგიონალური და ადგილობრივი ფაქტორების კომპლექსურად გათვალისწინება;
დ) მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა;
ე) საჯაროობა და საზოგადოების მონაწილეობა;
ვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდიკების მართებულება, მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე დასკვნების ობიექტურობა და დასაბუთებულობა.
თავი III. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა
მუხლი 7. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების წესი
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოს დაცვითი ნებართვის მიღების პროცესში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს, ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას, აგრეთვე მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების ინტეგრირებულ შეფასებას.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა ტარდება ინვესტორის მიერ, მომავალი სამეურნეო განვითარების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველსაყოფად იგი წინ უძღვის ინვესტორის მიერ საქმიანობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებას.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს დაგეგმილი საქმიანობის კონტექსტში პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას:
ა) ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე და მის ჯანმრთელობაზე;
ბ) მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე;
გ) ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე;
დ) ლანდშაფტებზე;
ე) ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე;
ვ) ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე;
ზ) სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
მუხლი 8. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისა და განხილვის ვადები
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისა და ჩატარების ვადებს განსაზღვრავს თავად ინვესტორი, საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შედგენის საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის ვადები I კატეგორიის საქმიანობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონით „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” (მუხლი 7, პუნქტი 6) და შეადგენს 3 თვეს.
მუხლი 9. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ობიექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ობიექტებს წარმოადგენენ I კატეგორიის საქმიანობის სახეობანი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს კანონში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” (თავი II, მუხლი 4).
მუხლი 10. გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოხსენების შინაარსი
1.გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოხსენება უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზი;
ბ) ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენა;
გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზი;
დ) შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასება;
ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება;
ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზების განსაზღვრა;
ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრა;
თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარება;
ი) პროექტის განხორციელების ალტერნატიული ვარიანტების ანალიზი, შერჩევა და ახალი ვარიანტების ფორმირება;
კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
ლ) საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმა;
ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენა;
ო) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული „გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის" პროგნოზი;
პ) საქმიანობის განხორციელების, მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებისათვის გარემოსდაცვითი სამენეჯმენტო და მონიტორინგის გეგმების შემუშავება.
მუხლი 11. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი.
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხორციელდება ინვესტორის მიერ, მისივე დაფინანსებით, ამ მიზნისათვის მოწვეული საკონსულტაციო ფირმის მეშვეობით.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მიმდინარეობს რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპად, კერძოდ:
ა) I ეტაპზე:
ა.ა) გარემოს არსებული მდგომარეობის შესახებ ფონური ინფორმაციის შეკრება და საჭიროებისას დამატებითი შესწავლა;
ა.ბ) დაგეგმილი საქმიანობის პროექტის რეალიზაციის მეთოდებისა და საშუალებების, ობიექტის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ლიკვიდაციის, ნედლეულის და ენერგიის წყაროების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი, აუცილებელი საწარმოო ინფრასტრუქტურებისა და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გათვალისწინებით;
ა.გ) გარემოში სხვადასხვა შესაძლებელი ემისიების, ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების განსაზღვრა ობიექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა რეჟიმისათვის, მათი ტრანსპორტირების, განთავსების, უტილიზაციისა და განადგურების გეგმის შემუშავება;
ა.დ) გარემოს ფაქტორების (ჰაერი, წყლები, ნიადაგები, ფლორა, ფაუნა, გეოლოგიური აგებულება, კლიმატი, დაცული ტერიტორიები და სხვა.) შესწავლა და ანალიზი, მათზე მოსალოდნელი ზემოქმედების კონტექსტში;
ა.ე) საქმიანობის ობიექტის განთავსების რაიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განზრახული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოს შესაძლებელი ცვლილებების პროგნოზი.
ბ) II ეტაპზე:
არსებული ინფორმაციის საფუძველზე განზრახული საქმიანობის განხორციელების ვარიანტების გარემოზე შესაძლო ზემოქმედების წყაროების, სახეებისა და ობიექტების იდენტიფიკაცია.
გ) III ეტაპზე:
გარემოზე ზემოქმედების ოდენობისა და ხასიათის გამოვლენის მიზნით დგინდება:
გ.ა) ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა;
გ.ბ) ზემოქმედების ფაქტორები;
გ.გ) ზემოქმედების ძირითადი ობიექტები (მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტი, ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება, ისტორიული და კულტურული ფასეულობები და სხვა.);
გ.დ) ზემოქმედების მასშტაბები;
გ.ე) ზემოქმედების გეოგრაფიული გავრცელება;
გ.ვ) ზემოქმედების გავრცელება დროში;
გ.ზ) ზემოქმედების სახეები (პირდაპირი, არაპირდაპირი, კუმულაციური და სხვა.);
გ.თ) ზემოქმედების შედეგად გამოწვეული გარემოს ახალი მდგომარეობის პროგნოზი.
დ) IV ეტაპზე:
უნდა მოხდეს შესაძლო ავარიული სიტუაციების რისკის განსაზღვრა და შეფასება, რაც მოიცავს:
დ.ა) ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის ანალიზსა და განვითარების სცენარებს;
დ.ბ) მათი შედეგების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესაძლებლობებს.
დ.გ) ზემოქმედების შედეგების ლიკვიდაციისა და ზემოქმედების შერბილების ქმედებათა გეგმის შედგენას.
ე) V ეტაპზე:
გამოვლენილი უნდა იქნას:
ე.ა) ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობები;
ე.ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებანი;
ე.გ) ყველა სახის ემისიებისა და ნარჩენების მინიმიზაციის, მართვისა და უტილიზაციის საშუალებები.
ვ) VI ეტაპზე:
გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ უნდა გამოავლინოს პროექტის განხორციელების შესაძლო შედეგები:
ვ.ა) მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე;
ვ.ბ) გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე და კომპლექსზე;
ვ.გ) საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარების მიმართულებაზე, რაც მოიცავს მოსახლეობის დასაქმებას, და ტერიტორიის სოციალურ, სამეურნეო და დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებებს (ესთეტიკური, კულტურული, ეთნიკური და სხვა ასპექტების ჩათვლით).
ზ) VII ეტაპზე:
ზ.ა) განისაზღვრება ზემოქმედების კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები;
ზ.ბ) შემუშავდება გარემოზე დადგენილი და შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილების ან თავიდან აცილების გეგმა;
ზ.გ) მუშავდება გარემოსდაცვითი სტრატეგია და სამენეჯმენტო გეგმა საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისათვის.
თ) VIII ეტაპზე:
უნდა განხორციელდეს საპროექტო გადაწყვეტილებების განზოგადებული ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასება რეალიზების შემოთავაზებული და სხვა შესაძლებელი ვარიანტების გათვალისწინებით, თვით პროექტის განუხორციელებლობის (ნულოვანი) ვარიანტის ჩათვლით.
3. საქართველოში ნებისმიერი დანიშნულების მაგისტრალური მილსადენების პროექტებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონებისა და ამ დებულების საფუძველზე (დანართი I).
მუხლი 12. გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და შინაარსი
1. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, ინვესტორი გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგენს განაცხადს.
2. I კატეგორიის საქმიანობისას განაცხადი უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
3. გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაI კატეგორიის საქმიანობაზე განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაგეგმილი საქმიანობის დასახელება, ინვესტორის ვინაობა და მისამართი;
ბ) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობა (სიტუაციური გეგმა);
გ) საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღი;
დ) საქმიანობის მიზნები;
ე) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობათა სქემა;
ვ) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა;
ზ) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღებ ნივთიერებათა ჩამონათვალი;
თ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად;
ი) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალი და რაოდენობა;
კ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეობანი;
ლ) ემისიის მოცულობის დასადგენად განსაზღვრული მეთოდები;
მ) საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, ოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგემილი ღონისძიებები;
ნ) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგემილი უსაფრთხოების ზომები.
4. დანარჩენი კატეგორიის საქმიანობის განაცხადის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით.
მუხლი 13. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
1. I კატეგორიის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად ინვესტორის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს„გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის“ სახით.
2. სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ ამავე დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზის შედეგების გარდა, თან უნდა ერთოდეს:
ა) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე;
ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) გარემოსდაცვითი მართვისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები;
დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით;
ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე, არატექნიკური რეზიუმე, გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით საზოგადოების მონაწილეობის პროცესისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად;
ვ) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელება და იურიდიული მისამართები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებაში და მისი შედეგების მომზადებაში;
ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებსა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე;
თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიული ვარიანტების გათვალისწინებით;
ი) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა;
კ) ტერიტორიისა და გარემოს არსებული მდგომარეობის შესწავლისათვის გამოყენებული კარტოგრაფიული მასალა და ინფორმაციის წყაროების მიმოხილვა;
ლ) საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებულ გარემოსდაცვით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე მეთოდური და ტექნიკური ლიტერატურის მიმოხილვა;
ნ) წარმოებული პროცესის, პროდუქციის ან მომსახურების პროცესის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საშუალებას უნდა აძლევდეს სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, მართებულად შეაფასოს მიღებული საპროექტო გადაწყვეტა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეამოწმოს პროექტის შესაბამისობა გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და შეზღუდვების მიღებულ სისტემასთან, შეადგინოს დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის უტყუარობის და მის საფუძველზე მიღებული საპროექტო გადაწყვეტების მართებულობის შესახებ.
მუხლი 14. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის დაცვა
1. გარემოზე ზემოქმედების განაცხადსა და ანგარიშში ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა, გარდა „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საჯარო განხილვების დროს ინვესტორი უფლებამოსილია, უარი თქვას ინფორმაციის გაცემაზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
3. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
თავიIV. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება
მუხლი 15. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება და ჩატარება ეკისრება ინვესტორს (საქმიანობის ინიციატორს).
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებაში ინვესტორის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონით (მუხლი 13, 15, 17).
მუხლი 16. საკონსულტაციო ფირმა
1. „საკონსულტაციო ფირმა” წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს საკონსულტაციო მომსახურება გარემოს დაცვის სფეროში.
2. ინვესტორი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩასატარებლად შეარჩიოს გარემოსდაცვითი პროფილის საკონსულტაციო ფირმა.
მუხლი 17. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაფინანსება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაფინანსება ეკისრება ინვესტორს (საქმიანობის სუბიექტს).
მუხლი 18. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესისაგან გათავისუფლება
1. საქმიანობა შეიძლება გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
2. გადაწყვეტილებას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან განთავისუფლების შესახებ ღებულობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ სპეციალური საბჭო, რომლის შემადგენლობას, ფუნქციებს და რეგლამენტს განსაზღვრავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნორმატიული აქტით.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოთა წარმომადგენლები, რომელთა კანდიდატურებს შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგენენ ამ ორგანოთა ხელმძღვანელები.
4. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ სპეციალურ საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით შეიძლება შედიოდნენ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც.
5. საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
თავიV. პასუხისმგებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზების, ატარებისა და შედეგების განხილვის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის
მუხლი 19. პასუხისმგებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების განხილვის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის ეკისრება ინვესტორს.
2. პასუხისმგებლობა სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგების განხილვის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ეკისრება გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ სახელმწიფო ორგანოს.
თავიVI. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ტრანსსასაზღვრო ობიექტებზე
მუხლი 22. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ტრანსასაზღვრო კონტექსტში
გარემოზე ზემოქმედების შეფასება განზრახული საქმიანობის ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების არსებობის შესაძლებლობის დროს ხორციელდება საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავიVII. საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში
მუხლი 23. საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში
საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების პროცესში განისაზღვრება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით (თავიI, II, მუხლი 15, 16).
კარი III. დასკვნითი ნაწილი
თავი VIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 24. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დებულებაში ცვლილების ან დამატების შეტანის წესი
1. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ამ დებულების დანართის სახით დამატებით გამოსცემს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებულ მეთოდიკებსა და ინსტრუქციებს.
2. ამ დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(დანართი I)
ინსტრუქცია მაგისტრალური მილსადენების პროექტების თაობაზე
1. დანართის საგანი
წინამდებარე დანართის საგანია უზრუნველყოს მაგისტრალური მილსადენების პროექტების განვითარებისას წინასაპროექტო და საპროექტო სტადიებზე ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვა, საქმიანობის ამ სფეროში ცნობილი საუკეთესო მეთოდების, პრაქტიკისა და გამოცდილების დამკვიდრება, აგრეთვე ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივაში მოყვანილი და სხვა სტანდარტების ადაპტირება და გამოყენება საქართველოში.
2. საკანონმდებლო საფუძვლები
დანართი I ეფუძნება საქართველოს შემდეგი კანონებით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს:
ა) „გარემოს დაცვის შესახებ” (1996 წლის 10 დეკემბერი);
ბ) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” (1996 წლის 15 ოქტომბერი);
გ) „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” (1996 წლის 15 ოქტომბერი);
დ) დებულებას “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”.
3. დანართი I. სტატუსი და გამოყენების სფერო
წინამდებარე დანართი I წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომლის გათვალისწინება და შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენების პროექტების განვითარების საწყის სტადიებზე, მათ შორის მილსადენების პროექტირებისას მარშრუტების შერჩევის დროს, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში.
4. მაგისტრალური მილსადენების მარშრუტის განსაზღვრის (შერჩევის) სტრატეგია
მაგისტრალური მილსადენების მარშრუტის განსაზღვრის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს რამდენიმე ეტაპად, რომლის დროსაც შეირჩევა:
ა) „ინტერესთა დერეფანი” – 10 კმ. სიგანის მქონე დერეფანი, რომლის შერჩევა ეფუძნება შესაბამის ხელშეკრულებას პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ან სახელმწიფოთა შორის. შერჩევა ხორციელდება დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმებული კრიტერიუმების, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური მოსაზრებების, საბაზისო შესწავლისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე, რომლის შემუშავებისასაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისათვის მასში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა;
ბ) 500 მეტრის სიგანის მქონე „უპირატესად მიჩნეული დერეფანი” – განისაზღვრება 10 კმ-ის სიგანის „ინტერესთა დერეფნის” ფარგლებში და შეირჩევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე;
გ) 100 მეტრის სიგანის მქონე ე.წ. „დაზუსტებული დერეფანი” – განისაზღვრება 500-მეტრიანი „უპირატესად მიჩნეული დერეფნის” ფარგლებში. აღნიშნული შერჩევა გზშ-ს არ ექვემდებარება;
დ) 22 მეტრის სიგანის მქონე „გასხვისების ზოლი” – განისაზღვრება 100 მეტრის სიგანის დერეფანში. მილსადენის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშისა და სამონიტორინგო გეგმის მომზადება. აგრეთვე რისკის შეფასება, ნავთობის დაღვრაზე რეაგირების, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებისა და მილსადენის ექსპლოატაციიდან გამოყვანის (მიტოვების) გეგმების შემუშავება.
5. მაგისტრალური მილსადენების მარშრუტის შერჩევისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფორმატი, შინაარსი და ძირითადი განსახილველი საკითხები
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) აუცილებლობა მაგისტრალური მილსადენების პროექტების (როგორც I კატეგორიის საქმიანობის) მიმართ განპირობებულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით. გარდა ამისა, აღნიშნული აუცილებლობა მილსადენების მარშრუტების შერჩევისას გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასება, როგორც მარშრუტის შერჩევის ასევე შემდგომი პროექტირების პროცესის გამჭვირვალედ წარმოჩენის საშუალებას იძლევა;
ბ) გზშ-ს პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ისეთი ასპექტების განხილვა, როგორიცაა ეკოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა;
გ) მილსადენების მარშრუტის შერჩევის პროცესში გზშ-ს განხორციელება ერთობ მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ იგი ეკოლოგიური, კულტურული, ისტორიული, ეთნიკური და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე სენსიტიური უბნების იდენტიფიკაციისა და აღნიშნული უბნების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლებელი კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის მოსალოდნელობა.
2. მაგისტრალური მილსადენების მარშრუტების შერჩევისას გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭიროა განხორციელდეს ორ ფაზად. ყოველი ფაზის განხორციელებისას დასახული უნდა იქნეს კონკრეტული ამოცანები, კერძოდ:
ა) ფაზა I
ა.ა) ამოცანა 1:
10 კილომეტრის სიგანის „ინტერესთა დერეფნის” მიზანშეწონილობის დასაბუთება;
ა.ბ) ამოცანა 2:
500 მეტრის სიგანის „უპირატესად მიჩნეული დერეფნის” გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ვარიანტის დადგენა 10 კილომეტრის სიგანის „ინტერესთა დერეფნის” შიგნით ალტერნატიული (პოტენციური) მარშრუტების მოსალოდნელი ზემოქმედების შედარების საფუძველზე.
ბ) ფაზა II
ბ.ა) ამოცანა 1:
გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალერნატივის აღწერა, აგრეთვე, შემარბილებელი და საკომპენსაციო ზომების აღწერა;
ბ.ბ) ამოცანა 2:
მილსადენების მოსამზადებელ, მშენებლობის, აღდგენის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ფაზისათვის მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების აღწერა, აგრეთვე სახელმძღვანელო პრინციპების დადგენა მილსადენების მოსამზადებელი სამუშაოების, მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. მათ შორის, სახელმძღვანელო მითითებები რისკის შეფასების, სამონიტორინგო შესწავლისა და დაღვრებზე რეაგირების გეგმებთან დაკავშირებით;
ბ.გ) ამოცანა 3:
მილსადენების ექსპლოატაციისა და მომსახურების მართვის გეგმაში გარემოსდაცვითი მართვის (მენეჯმენტის) და მონიტორინგის აღწერა.
3. მნიშვნელოვანია მე-2 ფაზის გზშ-სა და დეტალური საპროექტო სამუშაოს ერთდროული შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოების ოპტიმალურად ურთიერთხელსაყრელი კოორდინირების საშუალებას.
4. გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული ბაზით განსაზღვრული მოთხოვნებისა, მაგისტრალური მილსადენების პროექტების განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკავშირის 85/337/EEC დირექტივაზე დაფუძნებული მოთხოვნები, კერძოდ:
ა) მაგისტრალური მილსადენების პროექტირებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები და გეგმები:
ა.ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების გამოკვლევა;
ა.ბ) რისკის შეფასების გამოკვლევა;
ა.გ) მონიტორინგის გეგმა;
ა.დ) მილსადენებიდან დაღვრებზე რეაგირების გეგმა;
ა.ე) მიტოვების (ექსპლოატაციიდან გამოყვანის) სტრატეგია და პასუხისმგებლობანი მის განხორციელებაზე.
ბ) მიტოვების (ექსპლოატაციიდან გამოყვანის) გეგმის შემუშავება საჭირო არაა ადრეულ სტადიებზე, რადგან მაგისტრალური მილსადენების ექსპლოატაციის პერიოდში შესაძლებელია ძირეულად შეიცვალოს მეთოდები და მიდგომები;
გ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა მოიცავდეს:
გ.ა. ანგარიშს ხარისხობრივი რისკის შეფასების თვალსაზრისით;
გ.ბ. ანგარიშს რაოდენობრივი რისკის შეფასების თვალსაზრისით:
გ.დ. მონიტორინგის გეგმას;
გ.ე. მილსადენებიდან დაღვრებზე რეაგირების გეგმა;
გ.ვ. გარემოსდაცვითი მართვის გეგმა.
6. მოთხოვნები მაგისტრალური მილსადენების ერთ დერეფანში დაპროექტებისა და ექსპლოატირების დროს
იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება მაგისტრალური მილსადენის გაყვანა იმავე დერეფანში, რომელშიც დაგეგმილია მეორე მილსადენის მშენებლობა გზშ-ს ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებანი:
ა) გაიზრდება საფრთხის გაჩენის რისკის შესაძლებლობა, რის შედეგადაც შესაძლებელია კუმულაციური ზემოქმედების წარმოქმნა. ამდენად, გზშ-ის დოკუმენტში საჭიროა სცენარის აღწერა ყველაზე უარესი შემთხვევისათვის;
აუცილებელია საზოგადოებრიობის ინფორმირება ერთდროულად ორივე პროექტთან დაკავშირებით, რაც თავიდან აგვაცილებს დერეფნის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან უნდობლობას;
გ) მანძილი ერთი მილსადენის ცენტრიდან მეორე მილსადენის ცენტრამდე საიჟინრო დაპროექტებაზეა დამოკიდებული და შესაძლებელია იყოს 5-დან 10 მეტრამდე. შესაბამისად, განსხვავდება მშენებლობისათვის გათვალისწინებული გასხვისების ზოლი და სამუშაო ტერიტორიები.
დ) შესაძლებელია წარმოიშვას დამატებითი რისკ-ფაქტორები იმ შემთხვევაში, თუ ერთი მილსადენის მშნებლობის დროს ადგილი ექნება მეორე მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებას;
ე) ერთ-ერთ მილსადენზე ავარიის ან უბედურების შემთხვევისათვის საჭიროა რისკის შეფასების ჩატარება კომბინირებული ეფექტის დასადგენად ორივე მილსადენზე;
ვ) დასადგენია სოციალური ზემოქმედება სამშენებლო ჯგუფებში შემავალი პერსონალის რიცხვის გაორმაგების შემთხვევაში;
ზ) მასალების დამატებითი ტრანსპორტირებისა და სამშენებლო მანქანების გამო გაიზრდება გარემოზე ზემოქმედებისა და არსებული ინფრასტრუქტურის (გზები) დაზიანების ხარისხი;
თ) ადგილობრივი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, ვინაიდან გაიზრდება სახსრების გახარჯვა მარშრუტის გასწვრივ დაბინავების, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისა და მუშახელის მზარდ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.
7. პრობლემების ანალიზი
1. პრობლემის ანალიზისა და ამოცანების დახასიათების მიზანია მოხდეს შეფასება იმისა, მაგისტრალური მილსადენების პროექტში შემოთავაზებული პროგრამის მეშვეობით იქნება თუ არა დაძლეული გამოვლენილი პრობლემები და შესრულდება თუ არა პროექტითა და შესაბამისი პროგრამით დასახული ამოცანები.
2. უნდა მოხდეს პროექტის რაციონალური დასაბუთების აღწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ მილსადენის სიმძლავრისა და მოქმედების ვადის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს და დასაბუთდეს ნედლეულის გარანტირებული მიწოდების შესაძლებლობა.
8. იურიდიული და ინსტიტუციონალური ფონი
1. პროექტების წარმატებით განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობის, მარეგულირებელი ნორმებისა და პოლიტიკის აღწერა, რაც მიზნად ისახავს:
ა) შემოწმდეს შესაბამისობაშია თუ არა მილსადენის მარშრუტი ქვეყნის იურიდიულ და პოლიტიკურ კონტექსტთან;
ბ) ალტერნატივების შემუშავებასთან დაკავშირებით შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების შესახებ წარმოდგენის შექმნა.
2. პოტენციურად ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ტერიტორიებისათვის საჭიროა ეროვნული პოლიტიკის აღწერა ბუნების კონსერვაციასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით.
3. ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლებიც შესაბამისი ეროვნული პროცედურების ჩატარების შედეგად შეიძენენ საკანონმდებლო ბაზის სტატუსს, შესაძლებელია ითვალისწინებდნენ პროექტის გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს, განსხვავებულს ეროვნული ნორმატიული ბაზისაგან. თუ მაგისტრალური მილსადენების კონკრეტული პროექტებისათვის ხელშეკრულების მხარეების მიერ დაწესებულია განსხვავებული სტანდარტები, რომლებიც ასახავენ საქმიანობის ამ სფეროში საუკეთესო გამოცდილებას, პრაქტიკას და არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს პოლიტიკასა და მოქმედ კანონმდებლობას, გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეიძლება დაეფუძნოს ამ სტანდარტებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მოხსენიებული ყველა შესაბამისი სტანდარტი უნდა აღწერილ იქნეს გზშ-ში, ვინაიდან გზშ საზოგადოებრივი დოკუმენტი გახდება.
9. კონსულტაციები საზოგადოებრიობასთან
1. საზოგადოებასთან კონსულტაციების მიზანია სრულად იქნეს რეალიზებული საზოგადოების უფლებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი უნდა ეფუძნებოდნენ:
ა) ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბ) საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით დაწესებულ ნორმებსა და პროცედურებს;
გ) ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით დადგენილ უფლება- მოვალეობებს საზოგადოებრიობასთან კონსულტაციებთან მიმართებაში.
2. საზოგადოებასთან კონსულტაციები გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის აუცილებელი ნაწილია და ასახული უნდა იქნეს გზშ-ს მოხსენებაში.
3. 10-კილომეტრიანი დერეფნის ფარგლებში და მის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება და მათთან კონსულტაციები სოციალური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია და უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
4. მოსახლეობის დროული და სწორი ინფორმირება, პროექტის რეალიზაციის შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ზარალის შესახებ, აგრეთვე ამ ზარალის გონივრული კომპენსაცია, პროექტისათვის მზარდ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მოსახლეობის მხრიდან პროექტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამით მცირდება მილსადენზე საბოტაჟის რისკი, აქედან გამომდინარე, მილსადენების მარშრუტების შერჩევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების სტადიებზე გასათვალისწინებელია შემდეგი:
ა) დერეფნის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და ისტორიული თავისებურებები;
ბ) ხელისუფლებისა და მილსადენების პროექტების სპონსორების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სრული და ობიექტური ინფორმაციის უზრუნველყოფა:
ა.ა) პროექტისა და პროექტის მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ;
ა.ბ) მოსახლეობის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
5. გათვალისწინებული უნდა იქნეს მილსადენების დერეფნის გასწვრივ მცხოვრებთა ეთნიკური სხვადასხვაობა და ყოველი ეთნიკური ჯგუფის შიგნით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი ან ხელისშემშლელი ფაქტორები (როგორიცაა ენობრივი ბარიერების არსებობა, რაც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ნაწილობრივ იზოლირებას იწვევს), რომელთა გამო შესაძლებელია ძნელი გახდეს მათთვის ქართულად მოცემული წერილობითი ინფორმაციის გამოყენება.
6. გარდა ამისა, თითოეული ეთნიკური ჯგუფი განხილული უნდა იქნეს, როგორც თავისი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიის წარმომადგენელი და დამცველი. ამდენად, გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი მიდგომები.
7. მოსახლეობამ უნდა მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში ობიექტური, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც მათ რეგიონში ხორციელდება, რათა გამოირიცხოს საფუძველი ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტური სიტუაციებისა და უარყოფითი პოლიტიკური ინტერესების გაღვივებისათვის.
8. ზემოაღნიშნული სირთულეების თავიდან აცილების მიზნით უნდა შეიქმნას კარგად ორგანიზებული საინფორმაციო მაუწყებლობის სისტემა, რაც დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა დონეზე ურთიერთობის განვითარების პროცესს უზრუნველყოფს, კერძოდ:
ა) ინფორმაცია პროექტის სპონსორებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მეშვეობით მიწოდებული უნდა იქნეს სამ დონეზე: ადგილობრივი თემები, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მაცხოვრებლები;
ბ) უნდა ჩატარდეს საჯარო განხილვები, რომელთა დროს გამოყენებული უნდა იქნეს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ენა;
გ) უნდა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაცია ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მოთხოვნილების შესახებ.
10. უპირატესად მიჩნეული მარშრუტის განსაზღვრის მეთოდოლოგია
500-მეტრიანი „უპირატესად მიჩნეული დერეფნის” განსაზღვრისათვის თითოეული განსაკუთრებული ასპექტისათვის უნდა განისაზღვროს მილსადენის გაყვანისას ზემოქმედების თვალსაზრისით სენსიტიური ტერიტორიები, რისთვისაც:
ა) უნდა განისაზღვროს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ისეთი საქმიანობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა. გამოვლენილ საქმიანობათა ნუსხის საფუძველზე, უნდა შეირჩეს იმ ტიპის საქმიანობა, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა არსებულ ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე „ინტერესთა დერეფნის” ფარგლებში. შერჩევა უნდა დასაბუთდეს. გეოგრაფიული თვალსაზრისით 10 კმ-იანი „ინტერესთა დერეფანი” არაერთგვაროვანია, ამიტომ, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ სხვადასხვა მონაკვეთის სენსიტიურობა შეიძლება განსხვავებული იყოს. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ 500 მეტრიანი „უპირატესად მიჩნეული დერეფნისათვის” მარშრუტის დასადგენად შერჩეულ იქნეს საქმიანობის განსხვავებული ერთობლიობა;
ბ) უნდა მოხდეს საბაზისო ინფორმაციის იდენტიფიკაცია (არსებული ვითარება და შემდგომი განვითარება) თითოეული განსაკუთრებული ასპექტისათვის და აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს რუკაზე;
გ) განსაკუთრებული ასპექტებისათვის უნდა შეფასდეს და რუკაზე დატანილ იქნეს მილსადენის გაყვანასთან დაკავშირებული საქმიანობის ზეგავლენის სენსიტიურობა მათი კატეგორიების დასაბუთებით;
დ) სენსიტიური ტერიტორიებისათვის უნდა შემუშავდეს ალტერნატიული მარშრუტები;
ე) როგორც ზემოაღნიშნული ალტერნატივის ნაწილი, უნდა აღწერილ იქნეს შემარბილებელი ზომები უპირატესად მიჩნეული მარშრუტისა და განსაზღვრული ალტერნატიული მარშრუტების უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით;
ვ) მოსალოდნელი ზემოქმედებისა და გაწეული დანახარჯების საფუძველზე საჭიროა ალტერნატიული მარშრუტების შედარება, შემარბილებელი ზომების ჩათვლით.
11. მაგისტრალური მილსადენების პროექტების ტექნიკური ასპექტები
1. მილსადენების პროექტებისათვის საჭიროა ქვემოთ მოცემული ტექნიკური ასპექტების აღწერა:
ა) მილსადენის სიგრძე და საპროექტო სიმძლავრე;
ბ) სატუმბი სადგურების, პროდუქტის შესანახად გადამცემი სადგურების, გამწმენდი სადგურებისა და ჩამკეტი სარქველების რიცხვი და განლაგება.
2. უნდა აღწერილ და დასაბუთებულ იქნეს, თუ როგორ არის დაგეგმილი მილსადენის მშენებლობა: მიწის ქვეშ, მიწის ზევით ან ამ ორი ვარიანტის კომბინაცია. თუ აღნიშნული ორივე ვარიანტი რეალისტურად მოიაზრება, მაშინ საჭიროა მათი, როგორც ორი ალტერნატივის განხილვა.
12. მილსადენების დერეფნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების აღწერა
1. არსებული გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების აღწერა მიზნად ისახავს პროექტით გამოწვეულ ზემოქმედებებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი სენსიტიურობის შეფასების შესაძლებლობის გაზრდას. 10 კმ-იან „ინტერესთა დერეფანში” აღწერილ უნდა იქნეს არსებული გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება (იგულისხმება, რომ ინფორმაცია უნდა აღწერილ იქნეს ამჟამინდელი მდგომარეობისათვის). გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით საჭიროა სამომავლო განვითარების პერსპექტივის აღწერაც (იგულისხმება, რომ ინფორმაცია უნდა აღწერილ იქნეს მომავალი მდგომარეობისათვის). თითოეული ასპექტისათვის მოცემული ინფორმაცია რუკაზე უნდა იქნეს დატანილი.
2. არსებული გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების სრულად აღწერის მიზნით საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გეოლოგია/გეომორფოლოგია – უნდა მომზადდეს გეოლოგიური რუკა სეისმურად აქტიური ტერიტორიებისათვის, გეოლოგიური ნაპრალების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფით. ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მეწყერების რისკის შესასწავლად უნდა განისაზღვროს ქანობის სტაბილურობა და ეროზიის რისკი;
ბ) ჰიდროლოგია – უნდა განისაზღვროს ყველა ის მდინარე, რომელსაც მილსადენი გადაკვეთს და უზრუნველყოფილი იყოს მათი კატეგორიზაცია;
გ) ლანდშაფტი –აღწერილ უნდა იქნეს ლანდშაფტის ერთეულები და დამახასიათებელი თვისებები;
დ) ნიადაგები – უნდა მომზადდეს ნიადაგების რუკა. განსაკუთრებით, უნდა განისაზღვროს ჭარბტენიანი, ტორფის შემცველი ნიადაგიანი ტერიტორიები იმის გამო, რომ აღნიშნული ნიადაგები, ქვიშიან/თიხიან ნიადაგებთან შედარებით, გაცილებით უფრო სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენენ;
ე) დასახლებული ადგილები/ურბანული ტერიტორიები, რომლებზეც სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობაა განვითარებული –დადგენილ უნდა იქნეს ყველა ის დასახლებული ადგილი, სოფელი, სამრეწველო საქმიანობის და სხვა ტერიტორიები, სადაც ხალხი ცხოვრობს ან მუშაობს. აღწერილ უნდა იქნეს მომავალი განვითარების შესაძლებლობა და მიმართულებები;
ვ) მიწათსარგებლობა – საჭიროა განსხვავების გავლება მიწათსარგებლობის ამჟამად არსებულ ტიპებს შორის: ტყეები, საძოვრები, სახნავ-სათესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურებით ნათესი ტერიტორიები). უნდა განისაზღვროს მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამომავლო ცვლილებები;
ზ) მიწის საკუთრება – ერთმანეთისაგან უნდა იქნეს განსხვავებული მიწის საკუთრების სტატუსი (კერძო მიწა, თემის საკუთრებაში არსებული ან გამოყენებაში მყოფი მიწა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა);
თ) კულტურული მემკვიდრეობა – უნდა განისაზღვროს ყველა ცნობილი არქეოლოგიური, კულტურული და ისტორიული უბნის ადგილმდებარეობა. უნდა ჩატარდეს იმ ტერიტორიების მოკლე გამოკვლევა, რომელზედაც მოსალოდნელია არქეოლოგიური ძეგლების ნაშთების არსებობა;
ი) სამთო საქმე და მინერალური რესურსები – უნდა განისაზღვროს ის სამთო საქმიანობა და მინერალური რესურსები, რომელთა მოპოვება ამჟამად მიმდინარეობს ან შესაძლებელია მომავალში იქნეს განვითარებული;
კ) ეკოლოგია – დაცული ტერიტორიები. 10 კმ-იან დერეფანში განლაგებული ან დერეფნის ორივე ნაპირთან სულ მცირე 10 კმ-ით მომიჯნავე ყველა დაცული ბუნებრივი ნაკრძალი უნდა იქნეს დადგენილი, აღწერილი და მოკლედ შეფასებული. დერეფნის გარეთ არსებული ტერიტორიების დადგენა საჭიროა იმის გამო, რომ ასეთი ტერიტორიები შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმ ცხოველთათვის, რომელნიც ფართო ჰაბიტატზე ბინადრობენ ან სხვადასხვა ტერიტორიას შორის მიგრირებენ. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე უნდა განისაზღვროს დერეფნიდან 10 კმ-ზე მეტ მანძილზე არსებული სხვა ტერიტორიებიც. ტერიტორიები, რომელთა გადაქცევა დაცულ ტერიტორიებად მომავალშია დაგეგმილი ან რომელთაც გააჩნიათ პოტენციური ღირებულება გახდნენ ამგვარნი, უნდა განიხილებოდნენ, როგორც დაცული ტერიტორიები;
ლ) იმ ტერიტორიების შეფასების მიმართ, რომელიც კანონით დაცული არ არის (ან ჯერ-ჯერობით არ არის დაცული), საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:
ლ.ა) მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე ტერიტორიები (სახეობებით მდიდარი);
ლ.ბ) მაღალი ენდემიზმის მქონე ტერიტორიები;
ლ.გ) ტერიტორიები, რომელზედაც ეკოსისტემების ტიპები (ჰაბიტატები) საუკეთესოდაა წარმოდგენილი;
ლ.დ) კრიტიკული ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტერიტორიები: მიგრაციული გზები (გამოზამთრების და დასასვენებელი ტერიტორიების ჩათვლით); გამრავლების უბნები; კვების ტერიტორიები; სასმელი წყლის ტერიტორიები; დაბუდების უბნები; ბინადრობის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიები (ერთი სახეობისა და მრავალი სახეობის მოდელი); იზოლირებული პოპულაციების მქონე ტერიტორიები;
ლ.ე) გადაშენების პირას მყოფ სახეობათა პოპულაციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიები (ქართული, წითელი წიგნი, IUCN წითელი ნუსხა, CMS დანართი 1 და 2.);
ლ.ვ) ბუნებრივად ფუნქციონირებადი ეკოსისტემები, რომლებიც შესაძლებელია მოექცნენ ზემოქმედების არეში;
მ) ინფრასტრუქტურა/ინფრასტრუქტურურის ობიექტები – უნდა განისაზღვროს დერეფნის ფარგლებში და დერეფნის მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტები (გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყალსადენები, კომუნიკაციის საშუალებები). უნდა დადგინდეს მათი პროექტის მიზნებისათვის გამოყენების ვარგისიანობა.
13. ზემოქმედების განსაზღვრა ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე
1. ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედების განსაზღვრა მიზნად ისახავს:
ა) პოტენციური ზემოქმედების მოცულობისა და მნიშვნელობის დადგენასა და შეფასებას;
ბ) აღნიშნულ ზემოქმედებასთან დაკავშირებული ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს სენსიტიურობის დახასიათებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ მილსადენების მიწისზედა და მიწისქვეშა მშენებლობის ვარიანტები ან ამ ვარიანტების კომბინაცია რეალისტურ ვარიანტებადაა მიჩნეული, მაშინ აღნიშნული ვარიანტები უნდა გათვალისწინებულ იქნეს როგორც ალტერნატივები. ასეთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ორივე ალტერნატივისთვის უნდა შესრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
3. აღწერილი უნდა იქნეს პროექტით გამოწვეული ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, რაც უნდა დაიყოს ორ ძირითად კატეგორიად:
ა) მოსამზადებელ ეტაპზე და მშენებლობისა და აღდგენის დროს არსებული ზემოქმედება;
ბ) ექსპლუატაციისა და ტექმომსახურების პერიოდში არსებული ზემოქმედება.
4. ყველა ზემოქმედების მიმართ უნდა განისაზღვროს არის თუ არა ისინი: დადებითი, უარყოფითი, უკუქცევითი, არაუკუქცევითი, დროებითი, მუდმივი ხასიათისა. ზემოქმედება უნდა განისაზღვროს მე-9 თავში ჩამოყალიბებულ შემდეგ ასპექტებთან მიმართებაში:
ა) გეომორფოლოგია;
ბ) ჰიდროლოგია (წყლის დაბინძურება, ცვლილებები მდინარეთა ჩამონადენებში, გრუნტის წყლების დონეზე გავლენა);
გ) ნიადაგები (ნიადაგების დაბინძურება და დეგრადაცია);
დ) ეკოლოგია (ჰაბიტატების დანაკარგები ფართობის განზომილებაში, ჰაბიტატების ხარისხის პირდაპირი და არაპირდაპირი დანაკარგები. მაგალითად, ბრაკონიერობის ზრდა აქამდე ძნელად მისაღწევ ტერიტორიებზე უფრო მეტი შეღწევადობისა და ხელმისაწვდომობის გამო, ხმაურისაგან გამოწვეულ შეშფოთებასთან დაკავშირებით გამოწვეული ზემოქმედება ეკოსისტემებზე და სხვა);
ე) ლანდშაფტი (ლანდშაფტის ვიზუალური ცვლილება, ესთეტიკური ფასეულობის დაკარგვა, მიკრორელიეფის ცვლილებები და სხვა);
ვ) დასახლებული ტერიტორიები;
ზ) მიწათსარგებლობა (მიწათსარგებლობის ტრადიციული სახეების შეცვლა, გაუმჯობესება ან გაუარესება);
თ) კულტურული მემკვიდრეობა (არქიტექტურული და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე უბნები);
ი) ინფრასტრუქტურა.
5. მარშრუტის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ავარიული სიტუაციების შედეგები. აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი შესაბამისი ასპექტებისათვის უნდა შესრულდეს ხარისხობრივი რისკის შეფასება. განსაკუთრებით ეს ეხება დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო-სამეურნეო უბნებს და ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მგრძნობიარე ტერიტორიებს.
14. ზემოქმედების შეფასება
1. მე-10 თავში მითითებული ასპექტებისათვის უნდა შეფასდეს მილსადენებით გამოწვეული ზემოქმედების სენსიტიურობის ხარისხი. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს სენსიტიურობის კატეგორიების დასაბუთება.
2. ზემოქმედებასთან დაკავშირებული ასპექტების სენსიტიურობა დატანილ უნდა იქნ ე ს რუკაზე. ამის შედეგად მიღებული რუკები უნდა გაერთიანდეს, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ყველაზე სენსიტიური ტერიტორიების დადგენა. საჭიროა, ალტერნატიული მარშრუტების შედარება. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა მოხდეს უპირატესად მიჩნეული მარშრუტის დატანა/დემარკაცია/.
15. ალტერნატიული მარშრუტები
1. ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება მიზნად ისახავს სხვადასხვა შესაძლო მარშრუტის ზემოქმედების შედარებას.
2. სენსიტიური ტერიტორიებისათვის შემუშავებული უნდა იქნეს ალტერნატიული მარშრუტები და ისინი დატანილი უნდა იქნეს რუკებზე მასშტაბით 1:10000.
3. ალტერნატიული მარშრუტები უნდა განისაზღვროს 10 კმ-იანი დერეფნის ფარგლებში. სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით გარემოს უაღრესად სენსიტიური უბნების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია განხილული იქნეს ალტერნატიული მარშრუტები 10 კმ-იანი დერეფნის საზღვრებს გარეთაც. ამგვარი ალტერნატივების წარმოდგენა მილსადენების პროექტების მონაწილე რომელიმე ცალკეული დაინტერესებული მხარის მიერ (გონივრული და დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე) არ უნდა შეიზღუდოს და განხილული უნდა იქნეს სხვა მხარეების მიერ.
4. განსახილველად წარმოდგენილი ცალკეული ალტერნატივა უნდა ეფუძნებოდეს ეკოლოგიური, ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების ინტეგრირებული განხილვის შედეგად მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივა მისაღებად იქნა მიჩნეული, მის მიმართ საჭიროა შესრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება (სასურველია მარშრუტის შერჩევის პირველ ფაზაში).
16. ალტერნატივების ზემოქმედების შედარება
1. ალტერნატივების ზემოქმედების შედარების მიზანია ალტერნატივების ზემოქმედებებს შორის გასხვავების შესახებ წარმოდგენის შექმნა, რაც უპირატესად მიჩნეული ალტერნატივის ამორჩევის საშუალებას იძლევა.
2. უნდა მოხდეს ალტერნატივების გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შედარება ალტერნატივების ერთმანეთთან ურთიერთმიმართებაში და არსებული გარემოსდაცვითი ვითარების მიმართ. შედარებების წარდგენა მიზანშეწონილია ცხრილების ან დიაგრამების ფორმით.
17. შემარბილებელი ზომები
1. შემარბილებელი ზომები მიზნად ისახავს უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების შესაძლებლობების შესახებ წინადადებების ფორმულირებასა და შემდგომში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში მათ ასახვას.
2. გზშ-ის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემარბილებელი ზომების აღწერას უარყოფითი გარემოსდაცვითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. შემარბილებელი ზომები უნდა დახასიათებულ იქნეს:
ა) მოკლე ფორმით, შესასწავლი ალტერნატიული მარშრუტებისათვის;
ბ) უპირატესად მიჩნეული მარშრუტის შერჩევის შემდეგ – უფრო ფართოდ, რისი შესრულებაც უფრო მიზანშეწონილია გზშ-ი ს მეორე ფაზაში.