„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2004 ძალადაკარგული 13.07.2007
ნომერი
№909
სარეგისტრაციო კოდი
090180000.11.106.006588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 03/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.180.000.11.106.006.588

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №909

2004 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის21მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №764 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №75,  მუხ. 688).

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის მიზნებს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი (შემდგომში – პრობაციის დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ნატო ვაჩნაძის ქუჩა №9.

თავი II

დეპარტამენტის მიზანი და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5.

დეპარტამენტის მიზანია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, სასჯელის მიზნების განხორციელება, მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის ხელის შეწყობა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის კადრების შერჩევა, მათი სწავლების ორგანიზება, სათანადო ღონისძიებების განხორციელება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 6.

1. პრობაციის დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სამსახურის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. პრობაციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

3. პრობაციის დეპარტამენტის თანამშრომლის შრომითი უფლებები დაცულია კანონით. მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ხელის შეშლა და მისდამი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 7.

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მიერ “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას;

ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები;

გ) შეიმუშაოს პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები;

დ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს;

ე) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა;

ვ) განახორციელოს პრობაციის ოფიცერთა საქმიანობის რევიზია და კონტროლი;

ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;

თ) განიხილოს პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები;

ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი;

კ) დაამყაროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან;

ლ) დადოს ხელშეკრულება სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით;

მ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III

დეპარტამენტის მართვა

    მუხლი 8.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტ ა მენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს და ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს _ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს;

გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პრობაციის ბიუროების უფროსების, ოფიცრების და დეპარტამენტის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს პრობაციის სამსახურში დასანიშნად;

ვ) აძლევს ცალკეულ დავალებებს პრობაციის სამსახურის თანამშრომლებს;

ზ) იხილავს დეპარტამენტში შესულ განცხადებებსა და საჩივრებს;

თ) დებს ხელშეკრულებას სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირდაპირ დაქვემდებარებაშია დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რომელიც სამომხსენებლო, მომწესრიგებელი, საკომუნიკაციო-საკონტაქტო და სტენოგრაფიული ფუნქციების შესრულებით უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ურთიერთობებს სხვა პირებთან ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელებისას. ახორციელებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას.

    მუხლი 9.

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს;

ბ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას;

დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დროებით ცვლის მას და ასრულებს მის მოვალეობებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები ემიჯნება და უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება

    მუხლი 10.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტანდარტების, კადრებთან მუშაობის, ინფორმაციის და სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველო;

ბ) სააღსრულებო საქმისწარმოების კონტროლის, სტატისტიკის და ანალიზის სამმართველო.

    მუხლი 11.

სტანდარტების, კადრებთან მუშაობის, ინფორმაციის და სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) შეიმუშაოს პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები;

გ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს;

დ) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა;

ე) უზრუნველყოს პრობაციონერთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანა და დასრულებული საქმეების არქივში შენახვა;

ვ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;

ზ) დაამყაროს პრობაციის დეპარტამენტის სახელით საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან;

თ) პრობაციის დეპარტამენტის სახელით იქონიოს ურთიერთობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საჭიროებისამებრ მოახდინოს მათი ინფორმირება დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იზრუნოს პრობაციის სამსახურის იმიჯზე;

ი) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

    მუხლი 12.

1. სტანდარტების, კადრებთან მუშაობის, ინფორმაციის და სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთაგან დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებს და წერილობით მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს თანამშრომლების, ბიუროს უფროსების და ოფიცრების წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

დ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმებს და ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;

ე) პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოადგილეს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) პრობაციის ბიუროს უფროსებს და ოფიცრებს აძლევს განმარტებებს და მითითებებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) განახორციელებს პრობაციის ბიუროების და ცალკეულ ოფიცერთა საქმიანობის მონიტორინგს და ამოწმებს მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას;

თ) ბიუროს უფროსებისგან და ოფიცრებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. სამმართველოს მრჩევლებს, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. სამმართველოს მრჩეველი სამმართველოს უფროსის დავალებით:

ა) ახორციელებს საშემსრულებლო საქმისწარმოებას სამმართველოს მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში;

ბ) განიხი­ლავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ სა­ჩივ­რებს და წერილობით გან­ცხა­დე­ბებს;

გ) გა­მო­ით­ხოვს პრობაციის ბი­უ­რო­ე­ბი­ს და პრობაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილ პირთაგან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას და დო­კუ­მენ­ტებს;

დ) კანონით დადგენილი ვადებში ამზადებს შესაბამის პასუხს პრობაციის დეპარტამენტში შემოსულ და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საჩივრებთან და განცხადებებთან დაკავშირებით;

ე) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ვ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

ზ) საჭიროებისამებრ, სამმართველოს უფროსის დავალებით და ბიუროს უფროსის შესაბამისი რწმუნების (მინდობილობის) საფუძველზე წარდგინებათა განხილვასთან დაკავშირებით მონაწილეობს სასამართლო პროცესებში, როგორც მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე მაკონტროლირებელი ორგანოს წარმომადგენელი.

    მუხლი 13.

1. სააღსრულებო საქმისწარმოების კონტროლის, სტატისტიკის და ანალიზის სამმართველო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ პრობაციონერთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) მოითხოვოს პერიოდულად პრობაციის ბიუროებისგან დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული თანმიმდევრობით შევსებული სტატისტიკური ანგარიში;

გ) მოახდინოს რეგიონებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა;

დ) შეიმუშავოს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შესატანი ინფორმაციის თანმიმდევრობა, მოთხოვნები და მოახდინოს მათი ბაზაში დროული შეტანა;

ე) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და მოახსენოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

ვ) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

    მუხლი 14.

1. სააღსრულებო საქმისწარმოების კონტროლის, სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთაგან დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებს და წერილობით მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს თანამშრომლების წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

დ) ადგენს სამმართველოს სამუშაო გეგმებს და ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;

ე) პრობაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. სამმართველოს მრჩევლებს, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. სამმართველოს მრჩეველი სამმართველოს უფროსის დავალებით:

ა) ახორციელებს საშემსრულებლო საქმისწარმოებას სამმართველოს მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში;

ბ) განიხი­ლავს პრობაციის ბიუროების საქმიანობაზე შე­მო­სულ სა­ჩივ­რებს და მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ წერილობით გან­ცხა­დე­ბებს;

გ) გა­მო­ით­ხოვს პრობაციის ბი­უ­რო­ე­ბი­დან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას და დო­კუ­მენ­ტებს;

დ) კანონით დადგენილ ვადებში ამზადებს შესაბამის პასუხს პრობაციის დეპარტამენტში შემოსულ და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საჩივრებთან და განცხადებებთან დაკავშირებით;

ე) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ვ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.;

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15.

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

                 

 

                                      თავმჯდომარე 

 

                                                         

 

                                                  მოადგილე

                                                                                    

 

                                                                                                             თანაშემწე

პრობაციის ბიუროები

                        

 

 

 

 

 

 

 

 

 


სააღსრულებო საქმის                                 სტანდარტების, კადრებთან

წარმოების კონტროლის,                                  მუშაობის, ინფორმაციის და

სტატისტიკის და ანალიზის                             სამართლებრივი ურთიერთობების

სამმართველო                                               სამმართველო

 

 

 

 

 

 

 

 


1. სამმართველოს უფროსი                                  1. სამმართველოს უფროსი

2. მრჩეველი                                                      2. მრჩეველი

3. მრჩეველი                                                       3. მრჩეველი

4. მრჩეველი                                                      4. მრჩეველი                 

5. მრჩეველი