საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №63/2000 „№65 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.198
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №63/2000
2000 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
№65 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ტ" ქვეპუნქტების, 57-ე მუხლის "ა" და "№66 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების ჩატარების შესახებ" ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 1 მარტის №28/ 2000 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. დამტკიცდეს №65 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების ხელახალი არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შემდეგი გრაფიკი:
1. არა უგვიანეს 20 აპრილისა:
საარჩევნო უბნების შექმნა.
2. არა უგვიანეს 22 აპრილისა:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის ჩარიცხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე:
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ადგილობრივ გაზეთებში, ადგილორივი რადიოთი და ტელევიზიით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საარჩევნო უბნების ნომრების, მათი საზღვრების, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართების გამოქვეყნება;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ საარჩევნო კომისიებისათვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა (მათ შორის მათიც, ვისაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი) სიების გადაცემა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დევნილთა სიის გადაცემა.
3. არა უგვიანეს 26 აპრილისა:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენა;
ბ) პარტიების (ბლოკების) მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენაზე განცხადების შეტანა საოლქო საარჩევნო კომისიაში;
დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თანხის ჩარიცხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ანგარიშზე;
ე) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და 5 წევრის არჩევა; შესაბამისი პარტიების მიერ კომისიის დანარჩენი წევრების დანიშვნა.
4. არა უადრეს 28 აპრილისა და არა უგვიანეს 1 მაისისა:
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა.
5. არა უგვიანეს 2 მაისისა:
ა) საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმომწერების შევსებული ბლანკების წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღინიშნება ხელმომწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა;
ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული დეპუტატობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის.
6. არა უგვიანეს 12 მაისისა:
ა) პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის დამთავრება;
ბ) ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება.
7. არა უგვიანეს 22 მაისისა:
ა) საარჩევნო სიის თაობაზე პრეტენზიების შეტანა საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მხარდამჭერთა სიების განადგურება.
8. არა უგვიანეს 27 მაისისა:
დეპუტატობის კანდიდატის მიერ საარჩევნო პროგრამისა და პლატფორმის მიწოდება გაზეთისათვის გამოსაქვეყნებლად.
9. არა უადრეს 28 და არა უგვიანეს 30 მაისისა:
საინიციატივო ჯგუფის მიერ ოლქში წარდგენილი კანდიდატების რიგითობის დადგენა წილისყრით.
10. არა უგვიანეს 1 ივნისისა:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა შესწორებული სიის გამოქვეყნება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების დამთავრება;
გ) ოლქში წარდგენილი კანდიდატების სიის, მათი ბიოგრაფიული მონაცემების საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ;
დ) მეთვალყურეთა რეგისტრაციისა და ჟურნალისტთა აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენა შესაბამის ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიაში.
11. არა უგვიანეს 4 ივნისისა:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა მისი დამნიშნავი ორგანოს მიერ.
12. არა უგვიანეს 6 ივნისისა:
გამონაკლის შემთხვევებში საარჩევნო უბნის და საარჩევნო კომისიის შექმნა.
13. არა უგვიანეს 8 ივნისისა:
ა) პარტიის (ბლოკის) მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება;
ბ) დეპუტატობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის დროისა და ადგილის შეტყობინება ამომრჩევლებისათვის.
14. არა უგვიანეს 9 ივნისისა:
მეთვალყურის დანიშვნის შესახებ წარდგინების გაკეთება შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
15. არა უგვიანეს 10 ივნისისა:
ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო ცალკეულ ამომრჩეველთა მიერ ადგილსამყოფლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმირება.
16. 11 ივნისი (07 საათიდან 20 საათამდე);
კენჭისყრის მოწყობა.
17. არა უგვიანეს 12 ივნისისა:
საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საჩივრის წარდგენა საარჩევნო უბანში არჩევნების შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე.
18. არა უგვიანეს 13 ივნისისა:
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა.
19. არა უგვიანეს 14 ივნისისა:
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსულ საჩივარზე თავისი მოსაზრების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
20. არა უგვიანეს 16 ივნისისა;
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომის ოქმების გადაგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
21. არ უგვიანეს 19 ივნისისა:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა.
22. არა უგვიანეს 21 ივნისისა:
ა) არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშის წარდგენა ცენტრალურ საარჩევეო კომისიაში;
ბ) ცენტრალური აარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება.
23. არა უგვიანეს 25 ივნისისა:
ხელახალი ხმის მიცემის ჩატარება.
24. არა უგვიანეს 26 ივნისისა:
ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნება ოფიციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებით;
ბ) არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
25. არა უგვიანეს 11 ივლისისა:
საარჩევნო ფონდის ნაშთის ჩარიცხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.
26. არა უგვიანეს 31 ივლისისა:
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ანგარიშსწორების შეწყვეტა ორგანიზაციებთან.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე