საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.005.004
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №17/2004
2004 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2001 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №10/2001.
მუხლი 2. დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თანდართული რეგლამენტი.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საუბნო სარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „რეფერენდუმის შესახებ“, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.
3. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციების ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს.
მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები
1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
2. კომისისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.
3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია თავის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარესა ან/და კომისიის სრული შემადგენლობის ერთ მეოთხედზე მეტს. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისია არა უგვიანეს მე-3 დღისა ირჩევს მის უფლებამონაცვლეს.
6. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
7. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.
მუხლი 3. კომისიის სამართლებრივი აქტები
1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის განკარგულება;
ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.
2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია.
3. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია/კომიისის თავმჯდომარე ვალდებულია განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის.
მუხლი 4. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება
არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:
ა) ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია კომისიის ადგილსამყოფელისა და სამუშაო საათების შესახებ;
გ) ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის/ფაქსის ნომრები;
დ) ამომრჩეველთა სიები;
ე) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;
ვ) პარტიული სიები და კანდიდატთა სიები;
ზ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;
თ) კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები.
მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;
ბ) ზედმიწევნით კარგად იცნობდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დებულებებსა და მოთხოვნებს და იცავდეს მათ;
გ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კუსებსა და სემინარებს;
დ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიეებში;
ე) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს;
ვ) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შემოსულ და არსებულ ყოველგვარ დოკუმენტაციაზე;
ბ) მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველგვარი დოკუმენტების ასლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა.
3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი, სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.
5. კომისიის წევრები სხდომაში მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.
6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – თავმჯდომარის მოადგილე.
8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან არა უგვიანეს 2 დღისა, გარდა კენჭისყრის დღისა, როდესაც ოქმების გაცემა ხდება დაუყოვნებლივ.
10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.
11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას კომისია ადგენს კენჭისყრით.
12. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ წესრიგის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა ან ამ რეგლამენტის დარღვევისას, თავმჯდომარე უფლებამოსილია დამრღვევს დაატოვებინოს სხდომის დარბაზი.
მუხლი 7. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
3. თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმდებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების ფორმით.
მუხლი 8. კომისიაში საქმისწარმოების წესი
1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი დღის 10-დან 18 საათამდე. კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, კვირა დღე შეიძლება გამოცხადდეს საუშაო დღედ, თუ გარკვეულ საარჩევნო ღონისძიებათა განხორციელების ვალდებულება და თარიღი ემთხვევა კვირა დღეს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ვადამოსული საარჩევნო ღონისძიების განხორციელების დღე ავტომატურად ჩაითვლება კომისიისათვის სამუშაო დღედ.
2. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გაცემული დოკუმენტაცია.
3. კომისიის მდივანი ვალდებულია, კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი (კოდი), ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.
4. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს (კოდს) და აღნიშნულ ცნობას ხელმოწერით ადასტურებს.
5. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც საკუთარი რეზოლუციით ანაწილებს მათ კომისიის ცალკეულ წევრებზე და მიუთითებს შესრულების კონკრეტულ ვადებს.
6. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში ზუსტად მიუთითოს, თუ კონკრეტულად რომელ პირს დაევალა თავმჯდომარის რეზოლუციის საფუძველზე ამა თუ იმ დოკუმენტზე რეაგირება. აღნიშნული ინფორმაციის სარეგისტრაციო ჟურნალში შეტანის შემდეგ კომისიის მდივანი რეზოლუციების შესაბამისად გადასცემს დოკუმენტაციას შესაბამის შემსრულებელ პირებს.
7. კომისიის თავმჯდომარე აკონტროლებს რეზოლუციებში მითითებული ვადების დაცვას და კომისიის წევრთა დროულ და ეფექტურ საქმიანობას. ამ მიზნით, იგი უფლებამოსილია ერთი და იგივე დავალების შესრულება დააკისროს რამდენიმე წევრს ერთობლივად.
8. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი განკარგულება.
9. კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ, შეძლებისდაგვარად, აცნობებს განმცხადებელს/მომჩივანს კომისიის მიერ მიღებული განკარგულების თაობაზე, ხოლო განმცხადებლის/მომჩივანის მიერ განკარგულების/სხდომის ოქმის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცემს მას აღნიშნული დოკუმენტებს.
10. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის მდივანი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.
11. არჩევნების შესახებ ინფორმაციისა და საარჩევნო დოკუმეტაციის გაცემა სავალდებულოა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
12. კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ხელმწისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.
13. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის მდივანი ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია”, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ხელმოწერით დაადასტურებს. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.