საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.009.063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №932
2006 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება“.
2. განხორციელდეს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაცია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან შემდგარ ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და იგი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს.
2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრალური აპარატის, აფხაზეთის, მსხვილ გადამხდელთა, აქციზის გადამხდელთა, ქ. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში.
5. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, პ. იაშვილის ქუჩა №4.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ გადასახადების აკრეფას და შესაბამისი დონის ბიუჯეტებში დროულ და სრულ შეტანას, რომლის შესრულების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), შიდა ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას; უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებს ანგარიშ-ფაქტურებით და სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნებით, უზრუნველყოფს დღგ-ის დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სერ ტ იფიკატების გაცემას; შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტურობას; შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ, გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდოლოგიებს; იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში საგადასახადო დავის განხილვის პროცესს. დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს; ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ გატარებულ (გასატარებელ) საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. ახდენს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფი კა ციის ამაღლებისათვის; აანალიზებს და განაზოგადებს საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების გამოცდილებას; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, ფინანსთა მინისტრის ბრძანებების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (მ.შ. განყოფილებების) უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) და დეპარტამენტს დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეებს (გარდა საგადასახადო ინსპექციების უფროსების, მათი მოადგილეების, ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების (მ.შ. განყოფილებების) უფროსებისა და მათი მოადგილეებისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ და დისციპლინურ ზემოქმედებას;
ვ) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნების ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხას;
ზ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
თ) თავისი ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ქმნის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს – საბჭოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას;
ი) დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, ფინანსთა მინისტრის დავალებით, ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს;
ბ) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ერთეულების საქმიანობას.
6. დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოებია:
ა) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
გ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია;
დ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;
ე) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;
ვ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;
ზ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;
თ) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;
ი) გორის საგადასახადო ინსპექცია;
კ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;
ლ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია.
2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავმჯდომარის აპარატი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
დ) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;
ე) აუდიტის და კონტროლის სამმართველო;
ვ) არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო;
ზ) იურიდიული სამმართველო;
თ) მომსახურების სამმართველო;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;
კ) ადმინისტრირების სამმართველო;
ლ) აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო;
მ) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. თავმჯდომარის აპარატი:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ბ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპო ნ დენციის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და დავალებების რეგისტრაციას, უზრუნველყოფს მათი შესრულების ორგანიზებას, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ უმზადებს ინფორმაციას დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებას უწევს საგადასახადო ორგანოების მუშაობის წლიური ანგარიშგების მომზადებას;
დ) ორგანიზებას უწევს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან (მის მოადგილეებთან) მოქალაქეთა მიღების საკითხებს;
ე) უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, დამთავრებული დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას და დაარქივებას დადგენილი წესით;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესრიგებს საიდუმლო საქმისწარმოებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ურთიერთობას საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ბ) საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს, გამოსცემს და ავრცელებს დეპარტამენტის პერიოდულ საინფორმაციო ბიულეტენს;
გ) საგადასახადო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
დ) მუშაობს საგადასახადო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების სისტემატიზაციას და ვებგვერდზე მონაცემების განახლებისათვის მასალების მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურების მუშაობის გამოცდილებას;
ბ) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას. აწარმოებს ინფორმაციის გაცვლას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში;
გ) მონაწილეობს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების (შეთანხმების ნაწილის) მომზადების პროცესში;
დ) ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს დეპარტამენტის თანამდებობის პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით; უზრუნველყოფს მათი მუშაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
4. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვას შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებს და სხვა აქტებს, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმებს და მათი შევსების წესებს;
დ) მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობას ფიზიკური პირების მიერ საშემოსავლო და ქონების დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმებების მეთოდების და საჯარო მოხელეთა მიერ დეკლარირების კუთხით;
ე) მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განაზოგადებს გამოკვეთილ ტენდენციებს კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების ფორმებს და მათგან მოგების (შემოსავლის), ქონების და დამატებული ღირებულების გადასახადების ამოღების თაობაზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
თ) შეიმუშავებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებს;
ი) შეიმუშავებს გადამხდელების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მეთოდოლოგიას. მონაწილეობს საქართველოს და უცხოური ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების, აგრეთვე მათ მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხებზე მეთოდოლოგიის მომზადებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ინსპექციებიდან და სხვა უწყებებიდან დეპარტამენტში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადებას და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავებას საგადასახადო ორგანოთა სისტემაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას, უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ეფექტურობის ანალიზს და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების მომზადებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
5. აუდიტის და კონტროლის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსურ სტანდარტულ პრინციპებს;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების ხაზით გაწეული საქმიანობის დაგეგმვას, ანალიზს და პრაქტიკის განზოგადებას;
დ) ორგანიზაციას უწევს სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობების პროცესს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენის, პრევენციის და აღკვეთის კუთხით;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელ გასვლით გეგმურ საგადასახადო შემოწმებებზე გეგმის დამტკიცების ორგანიზებას და აწესებს მონიტორინგს მის შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოებისათვის გადამხდელთა საგადასახადო ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებაზე მეთოდური რეკომენდაციების დამუშავებას და კონსულტირებას;
ზ) ორგანიზაციას უწევს სრულყოფის და განვითარების პროგრამის ჩარჩოებში საგადასახადო კონტროლის და ტექნოლოგიის პერსპექტიული ღონისძიებების აღწერის მასალების შემუშავების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
6. არაპირდაპირი გადასახადების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციებს ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს დღგ-ის დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა _ სერ ტ იფიკატების გაცემას;
გ) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და უზრუნველყოფს მათ გაცემას;
დ) ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებულ სხვადასხვა რეკვიზიტებში მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაუქმებული და დეფექტური მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ჩაბარებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, კომისიური წესით განადგურების მიზნით;
ე) ამზადებს წინადადებებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით აწვდის ინფორმაციას საგადასახადო ინსპექციებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხოეთის სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის საგადასახადო ინსპექციებზე დაყვანას. ამზადებს წინადადებებს საგადასახადო ინსპექციების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე;
ზ) აანალიზებს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
7. იურიდიული სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოებში შემუშავებული ნორმატიული და ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების და წინადადებების (დასკვნების) მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს სხვა სახელისუფლებო ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული ხასიათის აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის წარმოებას;
გ) სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს გადასახადის გადამხდელთა საჩივრებს საგადასახადო ინსპექციების გადაწყეტილებებზე;
ე) აანალიზებს საგადასახადო დავების წარმოქმნის მიზეზებს, ატარებს მონიტორინგს გადამხდელთა საჩივრების განხილვის შედეგებზე;
ვ) დადგენილი წესით წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს ინფორმაციას გადამხდელთა მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
თ) ამზადებს მეთოდური მითითებების და ინსტრუქციების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევებზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
8. მომსახურების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, ამუშავებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ;
ბ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესს; ამზადებს წინადადებებს და მეთოდურ მითითებებს გადამხდელთა მომსახურების სრულყოფის მიზნით;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების საქმეში;
დ) ამზადებს საგადასახადო ორგანოებისათვის გამოსაყენებელი პროგრამების, რეკომენდაციების და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრების წარმოების, კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის შესახებ;
ე) მონაწილეობს (კომპეტენციის ფარგლებში) ანალიტიკური მასალების მომზადებაში;
ვ) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის წესის შესახებ;
ზ) არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) ასაყვან გადამხდელთა სიას და მათ გადაყვანაზე ფინანსთა მინისტრის სათანადო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს;
თ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო (მათ შორის სამეწარმეო) რეესტრების წარმოებას;
ი) შეიმუშავებს უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს;
კ) საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ამყარებს ურთიერთობებს და იღებს სათანადო ორგანოებიდან ინფორმაციებს, ადარებს მას გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
ლ) განაზოგადებს არსებულ პრაქტიკას სახელმწიფო (საგადასახადო) რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე, აანალიზებს საანგარიშგებო და სტატისტიკურ მონაცემებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზს და ამზადებს შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტებს;
ნ) დადგენილ ვადებში ახორციელებს გადამხდელთა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მდგომარეობის მონიტორინგს საგადასახადო ინსპექციების ჭრილში, აანალიზებს მათ საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გასვლით შესწავლას, პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს;
ო) ახორციელებს ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებას და შესაბამისი საგდასხადო ინსპექციების ინფორმირებას;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასხადო ინსპექციაში გადასვლისას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ცენტრალიზებულ კომპიუტერულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და საგადასახადო ინსპექციების ინფორმირებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
9. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) აწარმოებს საგადასახადო დეპარტამენტის ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის შექმნის, განვითარების და დანერგვის სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) ახორციელებს პროგრესული ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზების და საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციების ავტომატიზებული სისტემების უზრუნველყოფის საშუალებების შემუშავების მიღების და დანერგვის ორგანიზებას;
გ) შეიმუშავებს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის და საგადასახადო ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის პრაქტიკაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საკომუნიკაციო სისტემის საიმედო და ეფექტური ფუნქციონირების სამუშაოების ორგანიზაციას და წარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საკომუნიკაციო სისტემის შემადგენლობაზე, სტრუქტურაზე და ფუნქციებზე მოთხოვნების განსაზღვრას;
ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციის დაცვის საშუალებებზე მოთხოვნების წარმოდგენას და პროგრამულად უზრუნველყოფს დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში არსებული გადამხდელთა იდენტიფიცირებული ინფორმაციის დაცვის სამუშაოებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის და მეთოდური მითითებების პროექტებს. საგადასახადო ორგანოებში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ ამზადებს სახელმძღვანელოებს და რეკომენდაციებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
10. ადმინისტრირების სამმართველო
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს, რისთვისაც ამუშავებს მეთოდოლოგიური და ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაციებს;
გ) აანალიზებს და მონიტორინგს უწევს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას.
დ) აანალიზებს და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს მათ მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესში;
ე) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზს, შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას და პრაქტიკის განზოგადებას;
ვ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოთა მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით;
ზ) ორგანიზაციას უწევს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოების და რეგისტრაციის პროცესს.
თ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების მუშაობას საკონტროლო-სალარო აპარატებთან დაკავშირებულ სამუშაოების შესრულების პროცესში;
ი) ახორციელებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვასა და ანალიზს ელექტრონული და სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
კ) საგადასახადო ვალდებულებების ვადის შეცვლის, რესტრუქტურიზაციის და დავალიანებათა ჩამოწერის საკითხებზე ამზადებს სამართლებრივი აქტების და მეთოდურ რეკომენდაციების პროექტებს.
ლ) აანალიზებს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
მ) აანალიზებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო დავალიანების უიმედო ვალად აღიარებისა და ჩამოწერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა სისრულეს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
11. აღრიცხვა-ანალიზის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს გადამხდელთა პირადი ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავებას;
გ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის ზედმეტად გადახდილი თანხის), დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ანალიზს;
ე) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
ვ) ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ორგანოებამდე და აწესებს მონიტორინგს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;
ზ) ორგანიზაციას უწევს შემოსავლების დამუშავებას გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების, ინსპექციების, ეკონომიკის ძირითადი დარგების მიხედვით;
თ) ამზადებს საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებს და ანალიტიკურ ინფორმაციას;
ი) ახდენს საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, მათ შორის, ეკონომიკის დარგების და რაიონების მიხედვით, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადებას;
კ) აწარმოებს საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებებს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსტრუქციის, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) თავისი კომპეტეციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოებს უწევს პრაქტიკულ დახმარებებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
12. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:
ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების საჭიროებისამებრ ხარჯვას;
ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და ფინანსთა სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;
გ) ადგენს საგადასახადო ინსპექციების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს;
დ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ორგანოებზე გამოყოფილი ხარჯების მუხლების მიხედვით განაწილებას და აწესებს მონიტორინგს მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;
ე) ახორციელებს კონტროლს საშტატო სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის დაცვაზე;
ვ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემისათვის გამოყოფილი საპრემიო ფონდის თანხების განაწილებას და მათი ხარჯვის მონიტორინგს;
ზ) უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და საგადასახადო ინსპექციების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატზე რიცხული ქონების დაცვას, შენახვას და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელ მიმდინარე მომსახურებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
13. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საგადასახადო მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ და კადრების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს ნომენკლატურულ მოხელეთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;
გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საშტატო ნუსხის ფორმირებას;
დ) ახდენს მოხელეთა საპენსიო საბუთების გაფორმებას;
ე) საგადასახადო სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად ამზადებს სათანადო მასალებს და ახდენს დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ვ) ორგანიზებას უკეთებს კონკურსებსა და ატესტაციების პროცესებში მონაწილეობის მიღების პროცედურებს;
ზ) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელეთა პროფესიული მომზადების და გადამზადების პროცესს;
თ) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამებით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებისათვის შესაბამისი მეცადინეობების ჩატარების პროცესს;
ი) ატარებს სათანადო ღონისძიებებს შრომის დისციპლინის დაცვის მიზნით;
კ) ამზადებს მასალებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს კადრების შესახებ ინფორმაციული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას და მონაცემთა ბანკის შექმნას;
მ) ახორციელებს მოხელეთა რეზერვის შექმნის და აღრიცხვის ორგანიზებას;
ნ) უზრუნველყოფს საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო აღწერილობის და სამსახურებრივი შინაგანაწესის შემუშავებას და ახორციელებს მასზე ზედამხედველობის პროცესს;
ო) უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებასა და გაკონტროლებას;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.