აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 260.030.000.16.0131.005.532
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის
დადგენილება №1
2002 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
თანახმად საქართველოს 2002 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” კანონისა და საქართველოს 1995 წლის 7 თებერვლის „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად:
– დამტკიცდეს აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დებულება.
კოლეგიის თავმჯდომარე ნ. ქებაძე
აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დებულება
1. აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის ლიცენზირების დებულება შემუშავებულია საქართველოს 2002 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” კანონისა და საქართველოს 1995 წლის 7 თებერვლის „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელია ლიცენზიის მიღების მსურველი რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
3. აუდიტურ ფირმას და მის ფილიალს აუდიტორული საქმიანობის უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ მასში სულ ცოტა ერთი სერტიფიცირებული აუდიტორი მაინც მუშაობს.
4. აუდიტორულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ” კანონისა და „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონით დადგენილი წესით.
5. სალიცენზიო უწყებრივი რეესტრი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, ლიცენზიის გაცემის, შეჩერების და გაუქმების მონაცემთა ერთობლიობის შესახებ, რომლის უწყებრივ რეესტრს აწარმოებს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესაბამისი განყოფილება.
6. აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელია რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული აუდიტორული საქმიანობა, რომელიც მოიცავს აუდიტორულ შემოწმებას, ექსპერტიზას (აუდიტს), აუდიტორული მომსახურების გაწევას, აგრეთვე აუდიტის ორგანიზაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას, ახორციელებს სამეურნეო სუბიექტის სამეურნეო საქმიანობის, საჯარო საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრის და სამეურნეო საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენას.
7. აუდიტორული საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებელია გადასახადი, რომლის გადახდაც ეკისრება ლიცენზიის მაძიებელს კანონით განსაზღვრული ოდენობით.
8. სხვა სახელმწიფოების აუდიტურ ფირმებზე ლიცენზია გაიცემა აუდიტორული საქმიანობის საბჭოში, მათი წერილობითი მიმართვის და წარმოდგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციის საფუძველზე.
9. ლიცენზიით ნებადართული აუდიტორული საქმიანობის ქვემოჩამოთვლილ სახეებზე ლიცენზიებს გასცემს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ცალ-ცალკე:
1) საბანკო აუდიტი;
2) სადაზღვევო ორგანიზაციათა აუდიტი;
3) საბირჟო, სახელმწიფო სპეციალური ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების აუდიტი;
4) ზოგადი აუდიტი (სხვა ეკონომიკური სუბიექტების აუდიტი).
10. ლიცენზიის გამცემი ორგანო საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო უფლებამოსილია:
1) გასცეს ლიცენზია აუდიტორულ საქმიანობაზე და აწარმოოს უწყებრივი რეესტრი;
2) კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცენზია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
3) აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემადგენელ ორგანოს ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;
4) გამო ა ქვეყნოს ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
11. ლიცენზია გაიცემა 5 წლამდე ვადით.
12. ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.
13. ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.
14. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს:
1) ფიზიკური პირის: სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს, სერტიფიკატის №, საქმიანობის სფეროს;
2) აუდიტორული ორგანიზაციის: საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმას, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს), წარმომად-გენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს, სერტიფიცირებული აუდიტორის მონაცემებს.
15. განცხადებას თან უნდა დაერთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (ქვითარი).
16. ლიცენზიის მფლობელი მისი საფირმო სახელწოდების (გვარი, სახელი), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარადგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
17. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ვალდებულია ლიცენზიის მაძიებლის ამ დებულებით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი საბუთი განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში.
18. აუდიტორული საქმიანობის საბჭო განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას:
1) ლიცენზიის გაცემის შესახებ ან
2) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
19. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და განსაზღვრავდეს ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველს.
20. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელს არ გაეგზავნება შეტყობინება ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ 30 დღის განმავლობაში, ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას ამ ვადის გასვლისთანავე.
21. ლიცენზიის გამცემ ორგანოს – აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შეუძლია ლიცენზიის გაცემაზე უარი თქვას, თუ:
1) წარმოდგენილი საბუთი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს;
2) ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს ლიცენზიას იმ საქმიანობაზე, რომელზეც მას გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ გასულა ერთი წელი;
3) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და არა აქვს აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი.
22. დაუშვებელია ლიცენზიაზე უარის თქმა ლიცენზიების გაცემის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
23. ლიცენზიის გამცემი აუდიტორული საქმიანობის საბჭო ლიცენზიის დუბლიკატს გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმართავს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს რეესტრში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.
24. ლიცენზიის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილება ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ;
25. ლიცენზიის მოწმობის ასლს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ლიცენზიის დედანს.
26. ლიცენზიის გაცემისას, ისევე როგორც ლიცენზიის დუბლიკატის გაცემისას, ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკ-რებელს.
27. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, მისი ბიუჯეტში ჩარიცხვის და უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
28. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე ან გაუქმებაზე, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
29. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების მოტივისა და საფუძვლის მითითებით, აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ბეჭდვით ორგანო ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
30. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის ნებადართული აუდიტორული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე.
31. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება 28-ე პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამო-ტანიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
32. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ქვეყნდება ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
33. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით აუდიტორს (აუდიტურ ფირმას) შეიძლება ჩამოერთვას აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.
34. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია, ადმინისტრაციული პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ 3 დღის ვადაში.
35. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში.
36. აუდიტორული საქმიანობის საბჭო:
1) ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების მითითებით წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს;
2) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
3) იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ბეჭვდით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
37. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
38. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება:
1) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი, თუ ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირია – სახელი, გვარი და მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ასევე მონაცემები მისი ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);
2) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე (სახეები);
3) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
4) მონაცემები ლიცენზიის შეჩერების, განახლების, გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე.
39. აუდიტორული საქმიანობის საბჭო ვალდებულია:
1) უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები ლიცენზიის თაობაზე რეესტრში შეტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;
2) მონაცემები ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, განახლების ან გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე მიაწოდოს ბეჭდვით ორგანო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
40. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეიტანება 36-ე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, ლიცენზიის გამცემი ორგანოს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს იურიდიული მისამართი და ლიცენზიაზე ხელმომწერი პირის ვინაობა.
41. ყველას უფლება აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
42. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში – საქართველოს პარლამენტში ან სასამართლოში.
41. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თანამდებობის პირთა და ლიცენზიის მფლობელთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.