1. დეპარტამენტი სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლასა და ანალიზს, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციაში (IOTA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), საგადასახადო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პლატფორმებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმში (FTA), ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში და აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობას;

ვ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას და მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

კ) სამსახურის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე;

ლ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

მ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობას;

ნ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტში საკითხების წარდგენასა და კოორდინაციას შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უწყებებთან და ევროკავშირის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან;

ო) საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოებთან და გადასახადის გადამხდელთან მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენლობას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №67747- ვებგვერდი, 26.12.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022