საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2006 ძალადაკარგული 21.08.2007
ნომერი
№378
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.022.008554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 08/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.022.008.554

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №378

2006 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს“ თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სწავლულ ექსპერტთა საბჭო (შემდგომში – სეს-ი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

2. სეს-ი ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში.

3. სეს-ი იქმნება საქართველოში მომუშავე ცნობილ მეცნიერთა წარმომადგენლობით.

4. სეს-ი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“, სხვა ნორმატიული აქტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

5. სეს-ის აპარატის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. სეს-ს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ლოგო.

7. სეს-ის იურიდიული მისამართია 380008, თბილისი, რუსთაველის გამზირი №52.

    მუხლი 2. სეს-ის ძირითადი ამოცანები და მოვალეობანი

1. სეს-ის ძირითადი ამოცანებია საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და ექსპერტიზა.

2. სეს-ი:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურას;

ბ) ამტკიცებს და რეგისტრაციაში ატარებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობას;

გ) გასცემს და რეგისტრაციაში ატარებს სამეცნიერო ხარისხების დამადასტურებელ დიპლომებსა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების დამადასტურებელ ატესტატებს;

დ) ახორციელებს სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოსტრიფიკაციას;

ე) განიხილავს სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

ვ) ათანხმებს საშტატო განრიგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

3. სეს-ი უზრუნველყოფს სადისერტაციო და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოებს საინფორმაციო მასალებით. სეს-ი უწევს აღნიშნულ საბჭოებს მეთოდურ დახმარებას.

    მუხლი 3. სეს-ის უფლებამოსილებანი

სეს-ი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასთან და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) განახორციელოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საატესტაციო მასალების ექსპერტიზა;

გ) მოისმინოს სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების საქმიანობის ანგარიშები მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ერთი თვისა;

დ) დისერტაციის დაცვისას დარღვევების დადგენის შემთხვევაში, გააფრთხილოს სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობა ან დააყენოს საკითხი სეს-ის საერთო კრების წინაშე სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ, აგრეთვე სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე;

ე) სადისერტაციო ნაშრომისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი;

ვ) შეაჩეროს სამეცნიერო ხარისხის დიპლომისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტატის რეგისტრაცია და გაცემა;

ზ) სეს-ი დადგენილი წესით ამყარებს კონტაქტებს და აფორმებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს საქართველოს, საერთაშორისო და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან.

    მუხლი 4. სეს-ის მართვის ორგანოები

სეს-ის მართვას ახორციელებს:

ა) სეს-ის საერთო კრება;

ბ) სეს-ის პრეზიდიუმი;

გ) სეს-ის თავმჯდომარე;

დ) სეს-ის დარგობრივი სექციები.

    მუხლი 5. სეს-ის წევრთა საერთო კრება

1. სეს-ის მართვის უმაღლესი ორგანო არის სეს-ის წევრთა საერთო კრება.

2. სეს-ის წევრთა საერთო კრება:

ა) იხილავს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) ამტკიცებს სეს-ის დარგობრივი სექციების შემადგენლობას;

გ) წყვეტს ძირითად საორგანიზაციო საკითხებს;

დ) ამტკიცებს სეს-ის წლიურ ანგარიშს;

ე) უფლებამოსილია დადგენილი წესით შეაჩეროს სამეცნიერო ხარისხის დიპლომისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტატის რეგისტრაცია და გაცემა.

3. სეს-ის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ორი მესამედის მოთხოვნით, მაგრამ წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ მაინც.

4. სეს-ის საერთო კრების სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება სეს-ის წევრთა ორი მესამედი მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს სეს-ის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5. დაუშვებელია სეს-ისა და სეს-ის დარგობრივი სექციების შემადგენლობაში სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და სწავლული მდივნების შეყვანა.

    მუხლი 6. სეს-ის პრეზიდიუმი

1. სეს-ის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან სეს-ის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და სეს-ის მთავარი სწავლული მდივანი, სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეები.

2. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია შექმნას მიზნობრივი საკონსულტაციო-საექსპერტო დროებითი კომისიები.

3. სეს-ის პრეზიდიუმი ასრულებს სეს-ის საერთო კრების გადაწყვეტილებებს, საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს სეს-ის საქმიანობას.

4. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო ხარისხის მინიჭების, სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების, ნოსტრიფიკაციის, სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული პრეტენზიების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

5. სეს-ის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

    მუხლი 7. სეს-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები

1. სეს-ის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს სეს-ის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

2. სეს-ის თავმჯდომარეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობიდან ვადამდე გაათავისუფლოს სეს-ის თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს სეს-ს და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

4. სეს-ის თავმჯდომარე უფლებამოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარის მოადგილეებს, დარგობრივი სექციის თავმჯდომარეებსა და მთავარ სწავლულ მდივანს შორის.

5. სეს-ის თავმჯდომარე იწვევს საერთო კრებას, პრეზიდიუმის სხდომებს და თავმჯდომარეობს მათ.

6. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს სეს-ის საერთო კრება სეს-ის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

7. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ შესაბამისი დარგობრივი სექციების მუშაობას.

8. დაუშვებელია სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეების გარდა სეს-ის პრეზიდიუმის სხვა წევრების შეყვანა დარგობრივი სექციების შემადგენლობაში.

    მუხლი 8. სეს-ის სტრუქტურა

1. სეს-ის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სეს-ის დარგობრივი სექციები, რომლებიც ახდენენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების მასალებისა და დოკუმენტების ექსპერტიზას, მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოებს, ამზადებენ წინადადებებს სეს-ის პრეზიდიუმისათვის;

ბ) სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეების ხელმძღვანელობით მოქმედი დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ადგენენ სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა პუბლიკაციების შესაბამისობას სეს-ის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებთან, რომლებიც ეხება საკვალიფიკაციო ნაშრომით ძირითადი შედეგების გამოქვეყნების წესს;

გ) სეს-ის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სეს-ის საორგანიზაციო საქმიანობას.

2. სეს-ის თითოეული დარგობრივი სექცია წარმოდგენილია ექვსი ექსპერტით, რომელთაგან სამი სეს-ის წევრია.

3. სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევენ სეს-ის დარგობრივი სექციები ხუთი წლის ვადით ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

4. სეს-ის სტრუქტურაში შედის შემდეგი დარგობრივი სექციები:

ა) მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის მეცნიერებათა;

ბ) ქიმიის მეცნიერებათა;

გ) ბიოლოგიის მეცნიერებათა;

დ) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა;

ე) ტექნიკის მეცნიერებათა;

ვ) აგრარულ მეცნიერებათა;

ზ) ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა;

თ) ეკონომიკის მეცნიერებათა;

ი) ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და იურისპრუდენციის მეცნიერებათა;

კ) ფილოლოგიის მეცნიერებათა;

ლ) მედიცინისა და ფარმაციის მეცნიერებათა.