საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.11.2001 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№373
სარეგისტრაციო კოდი
370160000.12.209.005065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 30/11/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.12.209.005.065

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარის ბრძანება №373

2001 წლის 20 ნოემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის წესის შესახებ

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის (1997 წლის 2 ოქტომბერი №900-I-ს), აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის (1998 წლის 28 ოქტომბერი) მიხედვით „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების მე-4 თავის მე-18 მუხლის შესაბამისად საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების მიზნობრივი განაწილების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის წესი” თანახმად დანართისა.

2. სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების გამანაწილებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ (თ. ბექაური) თავისი მუშაობა წარმართოს ამ დებულების შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                                                                    ზ. გეგეჭკორი

დანართი

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის წესი

    მუხლი 1. სპეცსახსრების შემოსავლების ძირითადი წყარო

1. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცსახსრების შემოსავლების ძირითადი წყაროებია:

ა) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით (1997 წლის 2 ოქტომბერი) გათვალისწინებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ხარჯები, რომელიც ამ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად გამოიყენება ახალი მიწის ათვისების და მიწის მართვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის (1998 წლის 28 ოქტომბერი) საფუძველზე „საბიუჯეტო სისტემისა და საბუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონით მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის განსაზღვრული შემოსავლები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური სახსრების სახაზინო ანგარიშზე ირიცხება საერთო შემოსავლების 7% და გამოიყენება მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების მე-18 მუხლის (თავი IV) თანახმად, მიწის გამოყენებისა და დაცვის წესების დარღვევისათვის ჯარიმის სახით ამოღებული თანხის 20 %.

    მუხლი 2. სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური სახსრების სახაზინო ანგარიშზე შემოსული თანხების გამოყენება

1. დეპარტამენტის სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის შემოსული თანხების 70%-სანაცვლო მიწის ათვისებისათვის, ხოლო ამ თანხების 30%, აგრეთვე ზემოაღნიშნული საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტებით საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ჩამორიცხული თანხები – მიწის მართვისა და მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად, კერძოდ: დეპარტამენტის და მისი დაქვემდებარების ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, სამსახურის სამეურნეო-ტექნიკური ხარჯების და ოფისის შენახვისათვის, მივლინების, კომუნალური მომსახურებისათვის, მანქანა-მოწყობილობების, კომპიუტერების, გამოთვლითი ტექნიკის, ინვენტარის შეძენისათვის, შენობა-ნაგებობათა კაპიტალური შეკეთებისათვის, წარმომადენლობითი ხარჯებისათვის, კონსულტაციების ორგანიზებისა და სხვა საჭიროებებისათვის, მუშაკთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის, პრემირებისათვის, მატერიალური დახმარებისა და წახალისებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების შრომის ასანაზღაურებლად.

ბ) შემოსული თანხების განაწილება ხდება დეპარტამენტში შექმნილი სპეციალური სახსრების სახაზინო ანგარიშზე შემოსული თანხების გამანაწილებელი კომისიის მიერ.

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია ხარჯების განკარგვაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

დ) დეპარტამენტის სპეცანგარიშზე წლის ბოლოსათვის რიცხული თანხების ნაშთი რჩება დეპარტამენტის განკარგულებაში.