მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.170
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №04
1998 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
თანახმად საქართველოს კანონისა „შვილად აყვანის წესის შესახებ“, რომელიც ქვეყანაში გაშვილების საქმიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს ობოლი და მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების გამოვლენისა და აღრიცხვის წესის შემუშავებას, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი“ (დანართი 1).
2. გაუქმებული იქნას გასაშვილებელი ბავშვებისა და მშვილებელი კანდიდატების გამოვლენისა და აღრიცხვის დღემდე მოქმედი საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს და საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1986 წლის 5 ივნისის №441/ო _ №159 ბრძანება „ბავშვთა და მოზარდთა გაშვილების მეურვეობის (მზრუნველობის) საქმეში სახალხო განათლებისა და ჯანმრთელობის ორგანოების მუშაობის სრულყოფის შესახებ.“.
3. დაევალოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, ინტერნატული დაწესებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის სამმართველოს (გ. ჭუმბურიძე):
ა) 10 დღის ვადაში დაიყვანოს მზრუნველობისა და მეურვეობის ადგილობრივ ორგანოებამდე დამტკიცებული „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი“, შემდგომში მისი პრაქტიკული რეალიზაციისათვის;
ბ) თანახმად კანონისა „შვილად აყვანის წესის შესახებ“ და ასევე „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესის“ უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას მონაცემთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკი;
გ) მოამზადოს წინადადებები სამმართელოსთან სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ;
დ) 1998 წლის 15 იანვრისათვის შექმნას შესაბამისი პირობები მონაცემთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის ოპერატიული ოპერატიული ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოებიდან ობოლ და მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა და მშვილებელ კანდიდატთა მონაცემების დროულად მოწოდების ორგანიზაცია.
4. ეკონომიკისა და პროგნოზირების სამმართველომ (კ. გედევანიშვილი) გამონახოს საშუალებები ცენტრალური საინფორმაციო ბანკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, კადრების სამმართველოსთან შეთანხმებით ორი თვის ვადაში განიხილოს საკითხი არსებული ასიგნებების ფარგლებში სოციალური მუშაკის, ბავშვთა ადვოკატის და უფროსი ოპერატორის საშტატო ერთეულების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ.
5. აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს განათლების მინისტრის მოადგილეს ბ-ნ თ. ტატიშვილს.
საფუძველი: საქართველოს კანონი „შვილად აყვანის წესის შესახებ“.
თ. კვაჭანტირაძე
მშობლების მზრუნველობის გარეშე
დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის
წესი
1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მცხოვრებ მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების გამოვლენისა და აღრიცხვის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს; ასეთი ბავშვების ოჯახებში განთავსებისა და აღსაზრდელად გადაცემის მიზნით, აგრეთვე მშვილებელთა კანდიდატების აღრიცხვის წესს.
2. საქართველოს კანონმდებლობა უპირატესობას ანიჭებს ოჯახურ აღზრდას. ოჯახური აღზრდის უზრუნველყოფა ხორციელდება შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის ფორმით. თუ ასეთი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ არსებობს, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი აღსაზრდელად უნდა გადაეცეს ობოლი და მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებს (აღმზრდელობითი, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სოციალური დაცვის და სხვა).
3. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებად ითვლებიან არასრულწლოვანი ბავშვები, რომელთაც გარდაეცვალათ მშობლები, მშობლებს სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება, ან სასამართლოს მიერ მიჩნეული არიან ქმედუუნაროდ.
4. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების პირველად ცენტრალიზებულ აღრიცხვას სავალდებულო წესით ახორციელებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები, საქართველოს განათლების სამინისტრო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები.
5. აღნიშნული წესები ეფუძნება ბავშვთა უფლებათა დაცვისა და გაშვილების საერთაშორისო – სამართლებრივ ნორმებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის წიგნი მეხუთე, კარი მეორე, თავი მეექვსე და საქართველოს კანონს „შვილად აყვანის წესის შესახებ“.
2. აღრიცხვის ორგანიზაციული წესი
1. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაცვის აუცილებელ წინამძღვარს წარმოადგენს მათი დროული გამოვლენა და აღრიცხვა.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, განურჩევლად მათი თანამდებობრივი და უწყებრივი დაქვემდებარებისა, მათ შორის, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სოციალური დაცვის და სხვა მსგავსი დაწესებულებების თანამდებობის პირები, რომლებიც ფლობენ ონფორმაციას მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვალდებულნი არიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს 7 დღისა) აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით.
მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოების გარდა სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქმიანობა მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების გამოსავლენად დაუშვებელია და ისჯება კანონით.
2. ასეთი კატეგორიის ბავშვების გამოვლენა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების თანამდებობის პირთა ფუნქციონალური ვალდებულებაა. ასეთივე ვალდებულება აკისრიათ: საბინაო ორგანოებს, მმაჩის ორგანოებს (თუ გარდაცვალების რეგისტრაციისა და პირის გარდაცვალებულად გამოცხადების შემდეგ ბავშვი მშობლების მზრუნველობის გარეშე რჩება), სასამართლოებს (მშობლის უფლების ჩამორთმევის, ან მათი არაქმედითუნარიანად ცნობის შესახებ, უკვალოდ დაკარგულად ცნობის შესახებ), შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს (იმ შემთხვევაში, თუ მშობლები იმყოფებიან პატიმრობაში ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში).
3. გამოვლენასა და აღრიცხვას ექვემდებარებიან მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ბავშვები, რომელთაც გარდაეცვალათ მშობლები; მათ მშობლებს ჩამოერთვათ მშობლის უფლება, ან ცნობილი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თავს არიდებენ შვილების აღზრდასა და მოვლა-პატრონობას; წინასწარ თანხმობა გასცეს შვილის გაშვილებაზე; სასამართლოს მიერ მიჩნეული არიან ქმედუუნაროდ; აგრეთვე სამშობიარო სახლებში, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის დაწესებულებებში დედების მიერ არიან მიტოვებული და აგრეთვე მიგდებული ბავშვები.
4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში ვალდებულია შეისწავლოს და გამოიკვლიოს ბავშვის ყოფითი და სოციალური მდგომარეობა.
ბავშვის ყოფითი და სოციალური მდგომარეობის გამოკვლევის მიზანია: მიღებული ინფორმაციის სარწმუნოების შემოწმება, ბავშვის გაცნობა, მისი ყოფითი და საცხოვრებელი პირობების დადგენა, მისი ნათესავების გამოვლენა, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ ბავშვის დროებითი მიღება და მოვლა-პატრონობა.
პირველადი გამოკვლევის დროს იქმნება ორი დოკუმენტი:
ა) მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობების გამოკვლევის აქტი;
ბ) გამოკვლევაზე დამყარებული დასკვნები და რეკომენდაციები ბავშვის შემდგომი განთავსების ფორმების შესახებ.
აღნიშნული დასკვნა უნდა შეიცავდეს აგრეთვე იმ სამართლებრივ ღონისძიებათა ნუსხას, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის ქონების დაცვის გარანტიები, თუ ასეთი არსებობს.
5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვზე მშობლებისა და ნათესავების მზრუნველობის მოკლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ახდენს ასეთი ბავშვის რეგისტრაციას პირველადი აღრიცხვის ჟურნალში, თანახმად №1 დანართის ფორმისა. №1 ფორმის ასლი ყოველ კონკრეტულ ბავშვზე, არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა გადაიგზავნოს განათლების სამინისტროს ცენტრალურ ბანკში, ბავშვის ცენტრალურ აღრიცხვაზე ასაყვანად.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები №1 ფორმის ასლს უგზავნიან ჯერ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს, რომელნიც, თავის მხრივ, ასეთსავე შეტყობინებას უგზავნიან საქართველოს განათლების სამინისტროს ბავშვის ცენტრალურ აღრიცხვაზე ასაყვანად.
6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, რომლებიც ბავშვზე მშობლებისა და ნათესავების მზრუნველობის მოკლების ფაქტით დადგენის შემდეგ, ითვლებიან ამ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დამცველად, ვალდებულნი არიან იზრუნონ 3 თვის ვადაში მის ოჯახში განსათავსებლად მათდანი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, შვილად აყვანის, მეურვეობის და მზრუნველობის ფორმით.
იმ შემთხვევაში, თუ პირველადი რეგისტრაციის დღიდან 1 თვის მანძილზე ვერ მოხერხდა ბავშვის სამეურვეოდ გადაცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს განათლების სამინისტროს (აფხაზეთისა და აჭარის სამინისტროებს) მეურვეობის ფორმის უზრუნველყოფისათვის.
7. აღნიშნული ფორმებით ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტამდე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა მოახდინოს ბავშვის დროებითი განთავსება მის სამოქმედო ტერიტორიაზე.
8. ბავშვის სამართლებრივი სტატუსის შეცვლის შემთხვევაში (მშობლის უფლებების აღდგენა, გაშვილება და ა.შ.) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ასევე აფხაზეთისა და აჭარის განათლების სამინისტროები დაუყოვნებლივ აწვდიან ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს ბავშვის ცენტრალური აღრიცხვიდან მოსახსნელად.
9. მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვის პირველად აღრიცხვაზე აყვანის დღიდან 3 თვის განმავლობაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ ბავშვთა გაშვილებას მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ოჯახებში.
თუ 3 თვის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა ასეთი ბავშვის მშვილებელი ოჯახის მოძებნა, დაწვრილებით შეტყობინებას უგზავნიან საქართველოს განათლების სამინისტროს, თანახმად №2 დანართის ფორმისა, რათა ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ბავშვისათვის მშვილებელთა მოძებნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. მონაცემთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკი
1. საქართველოს განათლების სამინისტრო მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნის მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცენთა საინფორმაციო ბანკს (შემდგომში _ საინფორმაციო ბანკი).
2. სინფორმაციო ბანკს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებიდან, აფხაზეთისა და აჭარის განათლების სამინისტროებიდან №1 ფორმის ასლის მიღებისთანავე, ცენტრალურ აღრიცხვაზე აჰყავს მშრბლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვები.
საინფორმაციო ბანკში ცენტრალურ აღრიცხვაზე ბავშვის აყვანის თარიღად ითვლება ბავშვის ფაქტობრივი საცხოვრებლისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში №1 ფორმის შევსების თარიღი. იმ ბავშვებზე, რომლებიც ექვემდებარებოდნენ გაშვილებას ამ წესების შემოღებამდე, მათი ცენტრალურ აღრიცხვაზე აყვანის თარიღად ჩაითვლება მეურვეობისა და იზრუნველობის ადგილობრივ ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის ფაქტობრივი თარიღი.
3. საინფორმაციო ბანკი სამინისტროში არსებული სპეციალური სამსახურის მეშვეობით აწარმოებს მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვას; შეარჩევს პირებს, რომლებმაც მიმართეს საქართველოს განათლების სამინისტროს და გამოთქვეს ბავშვის ოჯახში აღზრდის სურვილი; აძლევს მშვილებლობის კანდიდატებს ბავშვის მონახულების ნებართვას მისი ფაქტობრივი საცხოვრებლისა და ადგილმდებარეობის მიხედვით; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ავალებს შესაბამის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის განთავსების საკითხის მომზადებას; შვილად აყვანის მსურველებს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს აძლევს ინფორმაციას ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებულ მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე; აწარმოებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა აღრიცხვას, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი იშვილონ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვი.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საინფორმაციო ბანკიდან მონაცემები გასაშვილებელ ბავშვებზე შეიძლება გადაეცეს ასეთი ბავშვის ცენტრალურ აღრიცხვაზე აყვანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, იმ პირობით, თუ კონკრეტულ ბავშვზე იმ მომენტისათვის დაინტერესება შვილად აყვანისათვის საქართველოს მოქალაქეებს არ გამოუთქვამთ.
მშვილებელთა კანდიდატების საბოლოო შერჩევისას დარჩენილი 3 თვის განმავლობაში უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს.
5. მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გაშვილებისას აღრიცხვაზე აყვანის 6-თვიან ვადას არ ექვემდებარებიან ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიშია და დაავადებულნი არიან ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სნეულებათა ნუსხაში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადებით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთს ადგენს იმ სამედიცინო, აღმზრდელობითი ან სოციალური დაცვის დაწესებულებათა ექიმთა კონსილიუმი, სადაც ფაქტობრივად იმყოფება ბავშვი და დასკვნას გადასცემს განათლების სამინისტროს. 6-თვიანი ვადის შემცირების საკითხს ყოველ კონკრეტულ ბავშვზე წყვეტს სასამართლო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და საბუთების საფუძველზე.
6. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანის დასკვნას ამზადებს საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
დასკვნას ხელს აწერს საქართველოს განათლების მინისტრი ან მისი მოადგილე.
4. მშვილებელი კანდიდატების აღრიცხვა
1. მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანის მსურველთა პირველადი აღრიცხვა ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებში, მშვილებლების კანდიდატთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღრიცხვაზე ამყვანი სამეურვეო ორგანო ვალდებულია მშვილებელთა კანდიდატების აღრიცხვაზე აყვანიდან 3 დღის განმავლობაში სრული ინფორმაცია გადასცეს საინფორმაციო ბანკს მშვილებლების კანდიდატთა ცენტრალურ აღრიცხვაზე აყვანის მიზნით.
მშვილებელთა აღრიცხვაზე აყვანისას მშვილებლობის კანდიდატებზე უნდა ჩატარდეს მათი ყოფითი და სოციალური პირობების დაწვრილებითი გამოკვლევა და შედგეს გამოკვლევის ოქმი.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მშვილებელი კანდიდატების აღრიცხვაზე აყვანას, საინფორმაციო ბანკის მეშვეობით, ახდენს განათლების სამინისტრო.
აღნიშნული სოციოლოგიური გამოკვლევით უპირველესად უნდა დადგინდეს ბავშვის შვილად აყვანის მოტივი, ბავშვის სათანადო მოვლა-პატრონობისა და აღზრდის შესაძლებლობა, შვილად აყვანის წინააღმდეგი ჩვენების უქონლობა, რელიგია, მშვილებლების ასაკი, მათი ქმედუნარიანობა, მათ შორის, იმ პირებისა, რომლებიც არიან ინვალიდები მხედველობით, შეზღუდული მოძრაობით, კიდურების დამბლით და ა.შ. უნდა დადგინდეს ოჯახში ფსიქიკური დაავადებულის ან სხვა მძიმე სნეულებით დაავადებულთა ყოფნის ფაქტი, ადგილებზე შემოწმდეს მშვილებელთა კანდიდატების სამედიცინო საბუთები და პოლიციიდან წარმოდგენილი საბუთები, ნასამართლეობის შესახებ.
3. მშვილებლები შეიძლება იყვნენ ორივე სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები, გარდა:
იმ პირებისა, რომელნიც სასამართლოს მიერ ცნობილნი არიან ქმედუუნაროდ, ან აქვთ შეზღუდული ქმედუნარიანობა;
იმ მეუღლეებისა, რომელთაგან ერთ-ერთი მიჩნეულია არაქმედუნარიანად;
იმ პირებისა, რომელთაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება;
იმ პირებისა, რომელთაც აკრძალული აქვთ მეურვეობა, კანონით გათვლისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო;
იმ პირებისა, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ მშვილებლები და მათივე მიზეზით სასამართლოს მიერ გაუქმებული აქვთ შვილად აყვანა;
იმ პირებისა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნარი არ შესწევთ განახორციელონ მშობლის მოვალეობები.
მშვილებლობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება ბავშვის აყვანის სურვილის შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს მშვილებლების გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი და რომელი სქესის ბავშვის აყვანა სურთ;
2. ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის აღნიშვნით, ასევე ცნობა შემოსავლების შესახებ საგადასახადო ინსპექციიდან;
3. ცნობა პოლიციიდან, ნასამართლეობის შესახებ.
4. ქორწინების მოწმობის ასლი.
5. სამედიცინო დასკვნა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებიდან, ფსიქიატრის დასკვნით და იმ სნეულებათა აღნიშვნით, რაც ხელს არ შეუშლით ბავშვის შვილად აყვანაში.
6. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
7. პასპორტებს მშვილებელთა კანდიდატები წარმოადგენენ პირადად.
8. სოციოლოგის გამოკვლევა ოჯახის შესახებ.
ფორმა №1
მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვის
პირველადი აღრიცხვა
მეურვეობისა და მზრუნველობის
ადგილობრივი ორგანო
___________________________________________________________
დაწყებულია ________________________________________________
დამთავრებულია _____________________________________________
შეტყობინების მიღების თარიღი _________________________________
ვისგან შემოვიდა მონაცემები
ბავშვის გვარი, სახელი, მამის სახელი ____________________________
___________________________________________________________
დაბადების თარიღი ___________________________________________
სქესი ______________________________________________________
დედის გვარი , სახელი, მამის სახელი _____________________________
__________________________________________________________
მამის გვარი, სახელი, მამის სახელი _____________________________
__________________________________________________________
ბავშვის მისამართი __________________________________________
ვინ ახორციელებს ბავშვზე მეთვალყურეობას _____________________
__________________________________________________________
სად განთავსდა ბავშვი ________________________________________
განთავსების თარიღი _________________________________________
შენიშვნა: ___________________________________________________
ხელმოწერა
ფორმა №2
მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვის 3-თვიანი
ვადის გასვლის შემდგომი ინფორმაცია
რეგისტრაციის თარიღი _______________________________________
ბავშვის გვარი, სახელი, მამის სახელი ___________________________
__________________________________________________________
სქესი __________ დაბ.თარიღი __________ დაბ. ადგილი ___________
დაბადების მოწმობა №____ სერია ________ გაცემის თარიღი ________
განსაკუთრებული ნიშნები _____________________________________
ადგილმდებარეობა, __________________________________________
განთავსების თარიღი
დიაგნოზი __________________________________________________
დედის გვარი, სახელი, მამის სახელი _____________________________
მამის გვარი, სახელი, მამის სახელი ______________________________
რა მიზეზით არ განთავსდა ბავშვი: _______________________________
___________________________________________________________
___________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია: ______________________________________
___________________________________________________________
___________________________________________________________
ხელმოწერა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესი“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1396167/