საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2007 ძალადაკარგული 13.03.2009
ნომერი
№18-ორგ
სარეგისტრაციო კოდი
010320040.20(0).130.010003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 01/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.010.003

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №18-ორგ

2007 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული დებულება.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი   ი. მესხია

დებულება

საქართველოს კონტროლის პალატაში სტაჟირების გავლის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

დებულება განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონტროლის პალატა უქმნის ახალგაზ-რდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

    მუხლი 3

1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – საქართველოს კონტროლის პალატაში ამ დებულებით რეგულირებადი, არაანაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატაში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

    მუხლი 4

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება უმაღლეს სასწავლებელში ორსაფეხურიანი სწავლების ბოლო წელი.

    მუხლი 5

1. საქართველოს კონტროლის პალატაში სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა საქართველოს კონტროლის პალატაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადი განცხადება პალატის თავმჯდომარის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის);

ე) ორსაფეხურიანი სწავლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის ან დეკანის დახასიათება-შუამდგომლობა;

ვ) ორი ფოტოსურათი.

    მუხლი 6

1. სტაჟიორად მიღებაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და კურატორი მოადგილის თანხმობით, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარედგინება სტაჟიორის კანდიდატურა.

    მუხლი 7

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.

2. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟიორის ხელმძღვანელი და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.

4. გასაუბრების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. სტაჟიორთა საერთო რაოდენობა კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს არა უმეტეს 30 პირის ოდენობით.

თავი III. სტაჟიორის უფლებები

    ­მუხლი 8

1. სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ქვედანყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატაში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და თათბირებში;

გ) გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. სტაჟიორი საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით და სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9

1. სტაჟიორს უფლება აქვს თხოვნით მიმართოს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.

თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები

    მუხლი 10

1. სტაჟიორი მოვალეა:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;

ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;

გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;

დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.

    მუხლი 11

სტაჟირების პროცესში სტაჟიორზე ვრცელდება საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.

თავი V. საქართველოს კონტროლის პალატის მოვალეობები

    მუხლი 12

საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

    მუხლი 13

1. სტაჟიორს ბრძანებით ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები.

3. ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათი შესრულების მდგომარეობას, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ადგენს მოხსენებით ბარათს სტაჟიორის მიერ გავლილი სტაჟირების შესახებ პალატის თავმჯდომარის სახელზე და აძლევს (ან არ აძლევს) რეკომენდაციას სათანადო სერტიფიკატის გაცემის შესახებ.

თავი VII. სტაჟირების გავლის სხვა პირობები

    მუხლი 14

1. სტაჟირების ვადამდე შეწყვტის საფუძვლებია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;

ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) სტაჟიორის პირადი განცხადება.

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სტაჟირების ხელმძღვანელის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 15

ამ დებულების ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განიხილება პრეზიდიუმის სხდომაზე და ხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.