საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2007 ძალადაკარგული 18.12.2007
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.230.010061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 07/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.010.061

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 

ბრძანება №158

2007 წლის 1 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.

2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

4. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა დიზაინსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

5. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ. №13.

    მუხლი 2. ადმინისტრაციის მართვის სფერო

ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს მტირალას ეროვნული პარკი.

    მუხლი 3. ადმინისტრაციის ფუნქციები

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, მტირალას ეროვნული პარში ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;

დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;

ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;

ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;

კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;

ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრება;

მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თევზჭერის, თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;

ო) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;

პ) არსებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

ჟ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;

რ) ეროვული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;

ს) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ტრადიციული გამოყენების ზონაში;

ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ფ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობით ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;

ქ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი და აღკვეთის ღონისძიებები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;

ღ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;

ყ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;

ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;

ც) შემოსავლების განკარგვა;

ძ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;

წ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის მომზადება;

ჭ) ტურისტული მომსახურების გაწევა.

    მუხლი 4. დირექტორი

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს ყოველწლიურად შესათანხმებლად წარუდგინოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;

ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაანთავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო და საპრემიო ფონდი;

თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;

ი) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;

კ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;

ლ) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;

მ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;

ნ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა.

3. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დაცვის სამსახურის უფროსი.

    მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურა

ადმინისტრაციის სტრუქტურაა:

ა) დაცვის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური.

    მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა;

ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;

დ) საქართველოს „ტყის კოდექსის” 48-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება;

ვ) ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუკების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა;

ზ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;

თ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

ი) წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;

კ) ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;

ლ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

მ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;

ნ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა;

ო) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება;

პ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;

ჟ) საქართველოს „ტყის კოდექსის” 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

რ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა;

ს) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა;

ტ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა;

უ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი;

ფ) ბუნების მატიანის შედგენა და დეპარტამენტში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტრაქტების გაფორმება და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელება;

ბ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;

გ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა;

ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ნომენკლატურის ფარგლებში ინდივიდუალური-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება როგორც თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების და დაწინაურების, ასევე მათი წახალისება-დაჯილდოებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დადების შესახებ;

ვ) შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად;

ზ) რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლებისა და წვრთნის საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

თ) ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციების გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაცია და ორგანიზაცია;

კ) ეკოლოგიური განათლების და პროგრამების ორგანიზება და განხორციელება;

ლ) ადმინისტრაციის ბეჭდვით, აუდიო-ვიზუალური და ელექტრონული გამოცემების მომზადება და მათი გამოცემის ორგანიზება. აგრეთვე, ადმინისტრაციის სუვენირების, სარეკლამო-საინფორმაციო დაფებისა და სპეციალური საინფორმაციო ნიშნების მაკეტების მომზადება და შეთანხმება;

მ) უცხოეთის შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და მათთან სათანადო ინფორმაციისა და ლიტერატურის ურთიერთგაცვლა;

ნ) ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;

ო) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

პ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;

ჟ) ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და გაძღოლა;

რ) დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური, მარკეტინგული, საინფორმაციო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ს) დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების ორგანიზება;

ტ) ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზება;

უ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მათი შეთანხმების ორგანიზება დადგენილი წესით.

3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის „ა” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 8. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები

1. ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ადმინისტრაციის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრულ მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.

2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები;

გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები;

დ) გრანტები;

ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმი-ნისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.