„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2007 ძალადაკარგული 07.07.2008
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
360130000.22.230.010072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 12/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.22.023.010.072

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 

ბრძანება №193

2007 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“.

2. დანართი №1-ის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფურცლის ფორმა.

3. დანართი №2-ის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რსურსების მინისტრის 2003 წლის 14 აგვისტოს №85 ბრძანება.

5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

დებულება

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ

    მუხლი 1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, საქმიანობის განხორციელებაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღებისას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის სფეროში.

    მუხლი 2. დებულების მიზნები

დებულების მიზნებია:

ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაარეგულიროს ურთიერთობანი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, საქმიანობის განმახორციელებელსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის;

ბ) დააწესოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ისეთი პროცედურა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად ობიექტური და სათანადოდ არგუმენტირებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის პრინციპები

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა წინ უძღვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;

ბ) საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა;

გ) გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;

დ) ექსპერტთა დამოუკიდებლობა და მათი უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;

ე) ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;

ვ) ექსპერტიზის ჩატარების საჯაროობა და მისი აზრის გათვალისწინება.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტებანი

1. ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს დაგეგმილი საქმიანობის პოტენციურ პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებზე (მემკვიდრეობაზე) და სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის).

2. ,,საქმიანობა“ – გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საწარმოო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა (მათ შორის მშენებლობა) ინფრასტრუქტურული გეგმების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოს ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა.

3. ,,საქმიანობის განმახორციელებელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, (რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს შესაბამის ორგანოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად.

4. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და წარმოადგენს საქმიანობის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.

5. ,,საკონსულტაციო ფირმა“ – იურიდიული პირი, რომელსაც წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.

6. „გარემოს დაცვის ნორმები“ – საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ის ზღვრები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები – ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; – გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.

7. ,,ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა“ – საწამოს არსებული ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლოატაციის პირობების შეცვლას.

8. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა“ – გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

9. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

10. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემი ორგანო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო).

11. ,,დამოუკიდებელი ექსპერტი“ – გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.

12. ,,ექსპერტთა რეესტრი“ – გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც სავალდებულოა ექსპერტთა რეგისტრაცია და რომლის მიხედვითაც ხდება ცალკეული საექსპერტო კომისიების ფორმირების მიზნით ექსპერტთა შერჩევა.

13. ,,პროექტი“ – საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია მისი დამუშავების ნებისმიერ სტადიაზე.

14. „საექსპერტო დასკვნა“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტის დასკვნა დაგეგმილი საქმიანობის განსახილველი დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ცალკეულ მიმართულებაზე ან საკითხზე.

15. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვანა“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვნა (შემდგომში – კომისიის დასკვანა), რომელიც შედგენილია ცალკეული საექსპერტო დასკვნების შეჯერების საფუძველზე.

16 „დროებითი ექსპერტ-კონსულტანტი“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ან სხვა სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლები, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას.

    მუხლი 5. უფლებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს უფლება აქვს:

ა) პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს საქმიანობის განმახორციელებლისაგან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) მოითხოვოს დამოუკიდებელი ექსპერტებისა და დროებითი ექსპერტ-კონსულტანტისაგან მათი მოსაზრებებისა და დასკვნების ობიექტური არგუმენტაცია, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების ხარისხიანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

გ) დამოუკიდებელი ექსპერტის არადამაკმაყოფილე-ბელი მუშაობის შემთხვევაში დააყენოს საკითხი შემდგომში მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და რეესტრში მათი მონაცემების გაუქმების შესახებ;

დ) განიხილოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სპეციალურ საბჭოზე საქმიანობის განმახორციელებლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან განთავისუფლების საკითხი ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას და წარუდგინოს შესაბამისი წინადადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს უფლება აქვთ:

ა) ჩაატარონ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის;

ბ) მათი შეხედულებისამებრ გამოიტანონ არგუმენტირებული უარყოფითი ან დადებითი საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო კომისიისაგან განსხვავებული აზრის შემთხვევაში დოკუმენტურად დააფიქსირონ იგი კომისიის დასკვნაში;

გ) წერილობით მოითხოვონ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოსაგან მათი პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა.

3. საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს:

ა) წერილობით მოითხოვოს მის მიერ გადაცემული ტექნიკური, ტექნოლოგიური და კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) წერილობით განაცხადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან მისი განთავისუფ-ლების შესახებ, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას.

    მუხლი 6. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

ა) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შექმნას საექსპერტო კომისიები;

ბ) უზრუნველყოს ექსპერტიზის პროცესი საჭირო ინფორმაციით;

გ) რეგისტრაციაში გაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტები და შექმნას მათი მონაცემთა ბაზა.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია:

ა) იცნობდეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საკანონმდებლო საფუძვლებს, ძირითად პრინციპებსა და მოქმედ ინსტრუქციულ-მეთოდურ დოკუ-მენტებს პროცედურის ორგანიზებისა და მიმდინარეობის შესახებ;

ბ) დაიცვას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ექსპერტიზის ჩატარების ვადები;

გ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისთვის გადაცემული ან მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მათი კონფიდენციალურობის დაცვა;

დ) განაცხადოს საქმიანობის კონკრეტული პროექტის განხილვისას მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ ამავე დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში აღწერილი გარემოებებისას.

3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) სრულად წარმოადგინოს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დატკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

ბ) დროულად წარუდგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს მის მიერ ექსპერტიზის პროცედურის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;

გ) შეასრულოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები საქმიანობის განხორციელებისას.

    მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები

1. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობები განსაზღვრულია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით.

2. სახელმწიფ ო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტს წარმოადგენს საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია მათი დამუშავების სხვადასხვა სტადიაზე, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

    მუხლი 8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი.

3. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის თანახმად უნდა შეიცავდეს ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიშს შედგენილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშის, სტრუქტურისა და შინაარსისადმი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება კონკრეტული საქმიანობის სპეციფიკას.

4. საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მიერ. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები შეაქვთ კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის დასკვნა შეიტანება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 9. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების ვადები

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის ვადა შეადგენს არანაკლებ 10 (ათი) და არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) დღეს.

    მუხლი 10. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი

1. დამოუკიდებელი ექსპერტი წარმოადგენს სამინისტროს მიერ ამ დებულების მე-12 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც:

ა) გააჩნია თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე;

ბ) აქვს პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის დარგში;

გ) აქვს საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;

დ) გააჩნია კოლექტიური მუშაობის ჩვევები, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი;

ე) გააჩნია ორგანიზაციული მუშაობის ჩვევები და შეუძლია შეასრულოს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის ფუნქციები;

ვ) აკმაყოფილებს ამავე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები შეიძლება მოწვეული იქნენ მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.

3. სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისინი იძენენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებენ თავის ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.

4. აკრძალულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში იმ პირთა რეგისტრირება და შემდგომში სახელმწიფო ეკოლოგიური ექპერტიზის პროცედურაში “დამოუკიდებელი ექსპერტის“ სტატუსით მონაწილეობა, რომლებიც:

ა) წარმოადგენენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები);

ბ) ასრულებენ იმ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლის მოვალეობებს, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას;

გ) არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენელი, საპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები;

დ) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმიანობაში ნებისმიერი სხვა სახით დაინტერესებული პირები;

ე) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

5. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ ,,დროებითი ექსპერტ-კონსულტანტის“ სტატუსით შესაძლებელია ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოწვეულნი იქნენ:

ა) სამინისტროს საშტატო თანამშრომლები;

ბ) პირები, რომლებიც ასრულებენ იმ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლის მოვალეობებს, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას.

6. იმ დროებით ექსპერტ-კონსულტანტების დამტკიცება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ყოველი კონკრეტული პროცედურისათვის ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

7. დროებითი ექსპერტ-კონსულტანტები საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.

    მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ.

2. დამოუკიდებელი ექსპერტების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაცია და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრს აწარმოებს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემებისა. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა მხოლოდ ექსპერტთა თანხმობით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. რეესტრი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას ექსპერტის შესახებ:

ა) საპასპორტო მონაცემები, პერსონალური ან საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;

ბ) მონაცემები განათლების, სამეცნიერო ხარისხის, გამოცდილების, აგრეთვე მონაცემები შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფი-კატი და სხვა) შესახებ;

გ) სამსახურის ადგილი და სამსახურებრივი მოვალეობა;

დ) მონაწილეობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ან სხვა საექსპერტო ორგანოების მუშაობაში;

ე) მისი სხვა შრომითი ურთიერთობანი ბოლო ან მიმდინარე პერიოდში.

6. რეესტრი პერიოდულად ახლდება. რეესტრის სარეგისტრაციო ფორმაში შედის მიმდინარე ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის შესახებ.

    მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები

1. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მათი რეგისტრაცია სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.

2. რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა ექსპერტის თანხმობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე.

3. ექსპერტების რეგისტრირება ხდება სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული მინისტრის ბრძანებით.

4. პროექტის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა ხდება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი.

6. რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) განსახილველი პროექტის შესაბამისი განათლება და სპეციალობა;

ბ) პროექტით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;

გ) ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება;

დ) შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა;

ე) საორგანიზაციო, კოლექტიური მუშაობისა და სხვა ექსპერტიზებში მონაწილეობის გამოცდილება;

ვ) ინფორმაციის ანალიზის, განზოგადებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარი;

ზ) დასკვნების წერილობითი ფორმით წარმოდგენის ჩვევები;

თ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;

ი) საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობა;

კ) სასურველია განზრახული საქმიანობის ადგილმდებარეობის ცოდნა, კარტოგრაფიულ მასალასთან მუშაობის ჩვევები, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა, უცხო ენის ფლობა.

7. დამოუკიდებელი ექსპერტებთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

    მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა

1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია“ იქმნება კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ყოველი კონკრეტული პროცედურის ჩასატარებლად.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ:

ა) დამოუკიდებელი ექსპერტები;

ბ) დროებითი ექსპერტ-კონსულტანტი.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 9 ექსპერტისაგან.

5. ექსპერტთა კონკრეტული რაოდენობრივი შემადგენლობა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ოდენობების ფარგლებში განისაზღვრება სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობიდან, სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.

6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის სრული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ექსპერტები ირჩევენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს.

    მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:

ა) ათანხმებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროგრამასა და ჩატარების გრაფიკს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოსთან;

ბ) ექსპერტიზის ჩატარების პროცესში განსაზღვრავს დამატებითი ექსპერტების ან კონსულტანტების მოწვევის აუცილებლობას;

გ) იხილავს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში წარმოქმნილ შესაძლო უთანხმოებებს;

დ) უშუალოდ უწევს კოორდინაციას კომისიის დასკვნის მომზადებას.

მუხლი 15. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციები

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:

ა) განსახორციელებელ საქმიანობის კონტექსტში გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების კომპლექსური ანალიზის ჩატარება;

ბ) მოსახლეობის ჯამრთელობაზე, მისი არსებობის პირობებზე, ბუნებრივი გარემოს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მდგომარეობაზე და ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ცალკეული შეფასებებისა და საექსპერტო განხილვის ცალკეული ასპექტების ინტეგრირება განზრახული საქმიანობის შედეგების მოსალოდნელი ზეგავლენის დადგენის მიზნით;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება.

2. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის მუშაობის სათანადო ორგანიზებასა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ეკისრება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს.

    მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან:

ა) მოსამზადებელი – ამ ეტაპზე ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს საშტატო თანამშრომლების მიერ:

ა.ა) მოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

ა.ბ) ყალიბდება ექსპერტიზის ამოცანები, ფარგლები და მიმართულებები, განისაზღვრება მისი ჩატარების მეთოდოლოგიური და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე საექსპერტო სამუშაოს მოცულობა;

ა.გ) ხდება ექსპერტთა შერჩევა რეესტრიდან ექსპერტიზის ძირითადი მიმართულებებისა და ამავე დებულებით განსაზღვრულ ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად;

ა.დ) ფორმდება შრომითი ხელშეკრულება დამოუკიდებელ ექსპერტებთან;

ბ) ძირითადი ეტაპი – დოკუმენტაციის განხილვა ექსპერტთა მიერ, რომლის პროცესშიც დგინდება:

ბ.ა) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობის რეალიზაციისათვის არჩეული საშუალებების დასაბუთებულობა, მიღებული ტექნიკური, ტექნოლოგიური, საინჟინრო და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ბუნებრივი, ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის გამოყენების კომპლექსურობა, რაციონალურობა და ა.შ;

ბ.ბ) გარემოზე ზეგავლენის გამოვლენილი ფაქტორების ეკოლოგიური საშიშროების განსაზღვრის სისრულე და საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბები;

ბ.გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შერბილების გათვალისწინებული ზომების საკმარისობა;

ბ.დ) საქმიანობის განხორციელებისას ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოს ნორმატივებით გათვალისწინებული ხარისხობრივი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერატიული და სხვა სახის კონტროლისა, აგრეთვე მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მეთოდები;

ბ.ე) წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეკოლოგიური საშიშროების, მათი განთავსებისა და გადამუშავების შესაძლებლობათა შეფასების ობიექტურობა;

ბ.ვ) პროექტის განხორციელებით გამოწვეული ეკოლოგიური რისკის შეფასება;

ბ.ზ) საზოგადოების მონაწილეობის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა და მათი ექსპერტიზის შედეგებში გათვალისწინების მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

გ) დასკვნითი ეტაპი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) საპროექტო დოკუმენტაციაზე ცალკეულ ექსპერტთა მიერ საექსპერტო დასკვნების მომზადებას და მათ საფუძველზე კომისიის დასკვნის შედგენას;

გ.ბ) საქმიანობის განხორციელებისათვის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობებისა და მათი შესრულების ვადების დადგენას;

გ.გ) „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის“ შედგენასა და შესაბამისი სახით გაფორმებას.

    მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გასცემს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ და-მასაბუთებელი დოკუმენტაცია:

ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

ბ) მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს, ავარიული სიტუაციების შესაძლებელი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩათვლით.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მოქმედება არის უვადო.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა წარმოადგენ საქმიანობის განმახორციელებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო მოთ-ხოვნებს, რომლის მიზანია საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოზე ზემოქმედების შემცირება.

5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნას გასცემს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, პუნქტით განსაზღვრულ პირობებს ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს.

6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

    მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფორმა

1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა“ წარმოადგენს A-3 ფორმატის (42X29) შუაზე გაკეცილ ფურცელს (საჭიროების შემთხვევაში დასკვნა შესაძლებელია შეიცავდეს ჩანართს A-4 ფორმატის (21X29) ერთ ან რამდენიმე ფურცელს, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელისმოწერით). ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მტკიცდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით.

2. დასკვნა ივსება სამ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გარემოზე ზემოქმედების ნებართვასთან ერთად ეძლევა საქმიანობის განმახორციელებელს, მეორე ეგზემპლარი რჩება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას. სამივე ეგზემპლარს გააჩნია ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრირდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) საქმიანობის დასახელება;

გ) საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება და მისამართი;

დ) საქმიანობის განხორციელების ადგილი;

ე) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ვ) მონაცემები პროექტის შემდგენლის შესახებ;

ზ) ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი;

თ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები;

ი) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

    მუხლი 19. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება

1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისია.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიის მიერ მომზადებულ ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას“ ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, რის შემდეგაც ხდება ,,სახელმწიფო ეკოლოგირი ექსპერტიზის დასკვნის“ დამტკიცება ან დამოწმება.

3. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხოლო სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ან დამოწმების შემდეგ ის იძენს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სტატუსს და იგი ხდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის საფუძველი. 

    მუხლი 20. კონტროლი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებაზე

კონტროლი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებაზე ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ.

მუხლი 21. ინფორმაციის დაცვა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების დროს საქმიანობის განმახორციე-ლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მისი საქმიანობის პროექტის განხილვის დროს, წარმოადგენს მის საკუთრებას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებით საქმიანობის განმახორციელებლის წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. დამოუკიდებელი ექსპერტები და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მოხელეები ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ ინფორმაცია, რომელიც საქმიანობის განმახორციელებლის საკუთრებას წარმოადგენს, სხვა მიზნებით და არ გადასცენ იგი სხვა პირებს ან სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებს, თუ ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 22. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსება

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 23. ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი.

1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით.

2. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება ცალკეული ექსპერტიზისათვის განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით.

 

დანართი №1

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის

სარეგისტრაციო ფურცელი

რ ე ე ს ტ რ ი ს ა თ ვ ი ს

1. საერთო მონაცემები

სახელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––

გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების წელი: “––––––” –––––––––––––– 19

პირადობის მოწმობის (პასპორტის) № –––––––––––––––––––––––––––––––

მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონტაქტო ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. პროფესიული მონაცემები:

უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, რომელიც დაამთავრა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამთავრების წელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სპეციალობა დიპლომის მიხედვით: ––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამეცნიერო ხარისხი:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. პროფესიული გამოცდილება (აღწერეთ პროფესიისა და სამუშაო ადგილის მიხედვით,

ასევე საექსპერტო (მათ შორის ეკოლოგიურ) სამუშაოებში მონაწილეობა):

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––

დამოუკიდებელი ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––––––––––

                 შევსების თარიღი “........”...................... 200..... წ.

 

 

 

დანართი №2

 

 ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი

    --------------------------------------------------

         (სახელო, გვარი)

                                                                                ბ.ა.

     -----------------------------------

     (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველო, 0114, თბილისი, გ. გულუას ქ.6, ტელ: 27-57-00, 27-57-20, ფაქსი: 27-57-37

 

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის

დასკვნა პროექტზე

 ქ. თბილისი                       “––––” ––––––––––––––– 200 წ.

I. საერთო მონაცემები

1. საქმიანობის დასახელება –

2. საქმიანობის განმახორციელებლის დასახელება და მისამართი –

3. განხორციელების ადგილი –

4. განაცხადის შემოსვლის თარიღი –

5. მონაცემები პროექტის შემდგენელის შესახებ –

II. ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი

 

III. პირობები

IV. დასკვნა

 

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის

საექსპერტო კომისიის თავჯდომარე      

–––––––––––––––––––––––––––––––”

   (სახელი, გვარი, ხელმოწერა)