საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.03.2007 ძალადაკარგული 17.03.2008
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
100020010.22.270.010130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 21/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.130

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №80

2007 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 ოქტომბრის №1982 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 2005 წ., №126, მუხ. 1410).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს დებულება აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2

1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივის, ღირსების, პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებით.

4. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 3

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 4 

1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანას განეკუთვნება:

ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებების, კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგი, სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/გაუმჯობესების მიზნით, რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების კონტროლი.

2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:

ა) სისტემის წინაშე დასახული აქტუალური პრიორიტეტების შესაბამისად, შეიმუშავებს სისტემის განვითარების პერსპექტიულ და მიმდინარე გეგმებს, აკონტროლებს მათ შესრულებას;

ბ) ამოწმებს სასჯელაღსრულების სფეროში დამტკიცებული გეგმების, მინისტრის დავალებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;

გ) სწავლობს სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაში არსებულ ნაკლოვანებებს, აგრეთვე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართალდარღვევების მიზეზებსა და პირობებს, შეიმუშავებს პრევენციული ხასიათის სათანადო რეკომენდაციებს;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისათვის და რეგულარულად სწავლობს აღნიშნულთან დაკავშირებით მათ აზრს;

ე) აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის თაობაზე იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სხვა ორგანოებიდან და ორგა-ნიზაციებიდან შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს, ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;

ვ) განსაზღვრავს სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის გეგმებსა და ვადებს.

    მუხლი 5

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 6

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 7 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის 2 სამმართველო:

ა) რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველო;

ბ) სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო.

    მუხლი 8

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან წარმოადგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეების წახალისებისათვის და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) იუსტიციის მინისტრის წინაშე სვამს საკითხს მოსამსახურეთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, აღდგენის შესახებ;

თ) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს მოსამსახურეთა სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ წინადადებებს;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული სამმართველოს უფროსების ანგარიშს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

მ) დეპარტამენტის უფროსი 6 თვეში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარებს კურატორ მინისტრის მოადგილეს პატიმართა უფლებების დაცვის, მათი საარსებო პირობების, სისტემაში არსებული რეჟიმის შესრულების, მასზე არსებული კონტროლის განხორციელების მდგომარეობის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების და განხორციელების მდგომარეობის შესახებ.

2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 9

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო-ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის უფროსს.

3. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს თავის საქმიანობას სამმართველოს ფუნქციების ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

4. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე განახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.

5. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით.

6. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, პასუხისმგებელია საქმისწარმოებაზე და აწარმოებს საკანცელარიო სამუშაოს.

7. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 10

1. რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა) ახორციელებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებების, წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;

ბ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონების, საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის შემოწმებას, ანალიზს;

გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს;

დ) თანამშრომლობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივი კონტროლის კომისიებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებთან;

ე) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზეპირი და წერილობითი შეტყობინებების შემოწმებას;

ვ) უფლებამოსილების განხორციელების დროს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია მასალები გადააგზავნოს ქვემდებარეობით შემდგომი რეაგირებისათვის;

ზ) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას;

თ) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანოს აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ვიზუალური ფიქსაციის სხვა საშუალებები;

ი) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროექტებსა და პაკეტებს, განსაზღვრავს რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმებს;

კ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ლ) განაზოგადებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ ინფორმაციებს;

მ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მინისტრის მიერ და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო:

ა) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების მონიტორინგს;

ბ) სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ზედამხედველობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

გ) შიმშილობის დროს ზედამხედველობს ბრალდე-ბულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასა და მოშიმშილეთა პირადი საქმის წარმოებას;

დ) ზედამხედველობს სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს;

ვ) ახორციელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონის მონიტორინგს;

ზ) ახორციელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საკარანტინო, სამედიცინო შემოწმების და კომპლექსური სანიტარიული დამუშავების მონიტორინგს;

თ) ახორციელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის, ფლუროგრაფიის სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის, აგრავაციის, დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზებისა და გამოჯანმრთელებულთა სამედიცინო დაწესებულებებიდან დროულად გაწერის მონიტორინგს;

ი) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების მიერ ყოველი 6 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშების, სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების მონიტორინგს;

კ) სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების საქმიანობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ლ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახორციელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევებითა და აცრებით უზრუნველყოფის მონიტორინგს;

მ) ახორციელებს სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაყვანისა და მკურნალობის მონიტორინგს;

ნ) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო ნაწილებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მათ საწყობებში;

ო) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანოს აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ვიზუალური ფიქსაციის სხვა საშუალებები;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11   

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.