საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.084
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №71/ნ
2007 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნეთა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი
მუხლი 1
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – ,,აპოსტილის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2
სამინისტროს მიერ აპოსტილით მოწმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, სამინისტროს სისტემაში გაცემული შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
ბ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია და ნებართვა.
მუხლი 3
1. სამინისტროში აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს რეგულირების დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე, გადასცენ სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტს.
მუხლი 4
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია დასამოწმებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით მიმართოს მის გამცემ ორგანოს ან პირს.
მუხლი 5
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ჟურნალის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგულირების დეპარტამენტს.